მარქსის მიხედვით, სოციალიზმის დამკვიდრება შესაძლებელი იყო მხოლოდ ინდუსტრიულად განვითარებულ სახელმწიფოში, „შეგნებული და ორგანიზებული“ მუშათა კლასის პირობებში. ბოლშევიკების აზრით, გერმანია და არა ეკონომიკურად ჩამორჩენილი, არაინდუსტრიალიზებული რუსეთი უპასუხებდა ამ მოთხოვნებს. 1919 წლის იანვრის „სპარტაკისტების“ აჯანყება ბერლინში და ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკა (1918 წლის ნოემბერი - 1919 წლის მაისი), ლენინის და მისი თანამოაზრეების აზრით, ჯერ გერმანიის და შემდეგ მთელი ევროპის გასაბჭოების პირველი მერცხალი იყო. ამ პირველი მერცხლით ფრთაშესხმული ტროცკი წერილს გაუგზავნის გერმანიის კომუნისტურ პარტიას: „ბურჟუაზიის დაღუპვა და პროლეტარიატის გამარჯვება გარდაუვალია. ამხანაგებო, თქვენი გამარჯვება გარდაუვალია!“. „არაფერს არ შეუძლია წინ აღუდგეს და აღკვეთოს ბოლშევიკური ტალღა, რომელმაც რუსეთის საზღვრები გადმოლახა. დედამიწაზე ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს ამ ტალღას“ - ასე უპასუხებს ტროცკის ერიხ მიუზამი. თუმცა ამ გერმანელი კომუნისტის პასუხიდან ათიოდ დღეში ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკა გაქრება.
ბავარიის რესპუბლიკასავით ციცინათელა - ერთდღიანი საბჭოთა რესპუბლიკები - შეიქმნება უნგრეთსა (1919 წლის 21 მარტი - 6 აგვისტო) და სლოვაკეთში (1919 წლის 16 ივნისი - 7 ივლისი). ვინაიდან ამ პერიოდში რუსეთის ბოლშევიკები სამოქალაქო ომში იყვნენ ჩართული, ისინი ვერ ამ რესპუბლიკებისათვის შეძლებენ „ძმური ინტერნაციონალური ხელის“ გაწვდენას.
ამ სამი საბჭოთა რესპუბლიკის კრახი ბოლშევიკებს დროებით პესიმიზმში ჩააგდებს და მათ რევოლუციის ექსპორტის ახალი გზების ძიებისკენ უბიძგებს.
ასე, 1919 წლის აგვისტოს დასაწყისში, ტროცკი ახალი ინიციატივით გამოვა: „უნგრეთის რესპუბლიკის კრახი, ჩვენი წარუმატებლობები უკრაინასა და ჩვენს მიერ შავი ზღვის სანაპიროების შესაძლო დაკარგვა, აღმოსავლეთ ფრონტზე ჩვენს წარმატებებთან ერთად, მნიშვნელოვნად ცვლის ჩვენს საერთაშორისო ორიენტაციას: ის, რაც მეორეხარისხოვნად ითვლებოდა ჯერ კიდევ გუშინ, დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ცხადია, დღეს ისეთი დრო დადგა, რომ დასავლეთში დიდი მოვლენების განხორციელების ჟამს არ უნდა ველოდეთ. (...) რევოლუციის მომზადების ინკუბაციის პერიოდი დასავლეთში შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. (...) აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა აღმოსავლეთში. (...) ეჭვგარეშეა, რომ აზიაში ჩვენი წითელი არმია შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს, ვიდრე ევროპაში. (...) ინდოეთისკენ მიმავალი გზა ჩვენთვის შეიძლება აღმოჩნდეს ბევრად უფრო მოკლე და ადვილად გასავლელი, ვიდრე უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკამდე. (...) ამ რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთმა სერიოზულმა სამხედრომ შემომთავაზა 30 000-40 000-კაციანი კავალერიის შექმნა და მისი ინდოეთში გადასროლა. რა თქმა უნდა, ასეთი გეგმა განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს - როგორც მატერიალურ, ასევე პოლიტიკურს. ჩვენ დღემდე ძალიან მცირე ყურადღებას ვაქცევდით აზიის ქვეყნებში აგიტაციას. იმავდროულად, საერთაშორისო სიტუაცია ისე ვითარდება, რომ პარიზისა და ლონდონისკენ მიმავალი გზა გადის ავღანეთის, პენჯაბისა და ბენგალის ქალაქებზე!“
და, აი, ამ პესიმიზმის ტალღაზე, წითელი არმია, ყველასთვის მოულოდნელად, ვარშავის კარიბჭესთან აღმოჩნდება. ეს წარმატება თავბრუს დაახვევს ბოლშევიკებს და გააღვიძებს მიძინებულ ესქატოლოგიას. ვარშავა უცბად გახდება პლაცდარმი, საიდანაც ევროპული საბჭოთა კონფედერაციის შექმნა უნდა დაწყებულიყო.
1920 წლის 2 ივლისს ტუხაჩევსკი შემდეგი სიტყვებით მიმართავს წითელარმიელებს: „მუშათა რევოლუციის მებრძოლებო, მიაპყარით თქვენი მზერა დასავლეთს. იქ, დასავლეთში, მსოფლიო რევოლუციის ბედი წყდება! მსოფლიო რევოლუციის ხანძრის გზა გადის თეთრი პოლონეთის გვამზე! ჩვენ ხიშტებზე მივუტანთ პროლეტარიატს ბედნიერებასა და მშვიდობას! დასავლეთისკენ! გადამწყვეტი ბრძოლებისკენ, გადამწყვეტი გამარჯვებებისკენ! (...) წინ ვარშავისკენ!“
18 ივლისის სამხედრო წარმატებებით ფრთაშესხმული ტუხაჩევსკი ტელეგრამას გაუგზავნის კომინტერნის ხელმძღვანელ ზინოვიევს: „ახლა აუცილებელია მესამე კომუნისტური ინტერნაციონალის ფარგლებში გენერალური შტაბის შექმნა. ამ შტაბის ამოცანაა წინასწარ გათვალოს და დაგეგმოს მხარეთა ძალები მომავალ სამოქალაქო ომებში იმ ქვეყნებთან, სადაც პროლეტარიატი კაპიტალიზმის ბატონობის უღელშია ჩაბმული“.
23 ივლისს, ლენინი სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის კომისარ სტალინს აცნობებს: „კომინტერნში ვითარება ბრწყინვალეა. ზინოვიევი, ბუხარინი და ასევე მე, ვფიქრობთ, რომ იტალიაში რევოლუცია დაუყოვნებლივ უნდა განვითარდეს. ჩემი პირადი აზრია, რომ საჭიროა უნგრეთის და ალბათ ჩეხეთის და რუმინეთის გასაბჭოება. ეს ყველაფერი კარგად უნდა მოვიფიქროთ. გადმოგვეცით თქვენი დეტალური დასკვნა ამ საკითხზე. გერმანელი კომუნისტები თვლიან, რომ გერმანია შეძლებს სამასი ათასი ლუმპენის შეგროვებას ჩვენს წინააღმდეგ“. (ლუმპენ-პროლეტარიატი ბოლშევიკების ჟარგონზე ნიშნავდა მუშათა კლასის იმ ნაწილს, რომელიც მზად იყო „გაეყიდა საერთაშორისო პროლეტარიატის ინტერესი და წვრილბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ პლატფორმაზე დამდგარიყო“).
24 ივლისს სტალინი ლენინს უპასუხებს: „ახლა, როდესაც ჩვენ გვყავს კომინტერნი, დამარცხებული პოლონეთი [sic! - ლ.ო.] და მეტნაკლებად ასატანი წითელი არმია და როდესაც, მეორე მხრივ, ანტანტა ცდილობს პოლონეთის არმიის რეორგანიზაციას, მის გადაიარაღებას, კავალერიის შექმნას, რათა მერე ჩვენ დაგვარტყას (სავარაუდოდ სხვა მოკავშირეებთან ერთად), ასეთ მომენტში და ასეთი პერსპექტივის წინაშე ცოდვა იქნებოდა რომ არ გაგვეჩაღებინა რევოლუცია იტალიაში. უნდა ითქვას, რომ ჩვენ უკვე შევედით ანტანტასთან ბრძოლის უშუალო ზონაში, მანევრირების პოლიტიკამ უკვე დაკარგა აზრი, ასე რომ, ჩვენ უკვე შეგვიძლია და უნდა გავატაროთ კიდევაც შეტევითი პოლიტიკა, თუ გვინდა, რომ საგარეო საქმეებში შევინარჩუნოთ ის ინიციატივა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოვიპოვეთ. ამიტომ, ამბოხების ორგანიზების საკითხი იტალიასა და ისეთ მყიფე სახელმწიფოებში, როგორებიცაა უნგრეთი და ჩეხეთი, კომინტერნის დღის წესრიგში უნდა დადგეს. რაც შეეხება რუმინეთს - ის რევოლუციის გარეშე, პირდაპირ უნდა დავამარცხოთ. სამასი ათასი ლუმპენი გერმანიაში რომც სინამდვილეში არსებობდეს ბუნებაში, რა თქმა უნდა, ისინი ვერ შეცვლიან სიტუაციას. მოკლედ: ღუზა უნდა ავწიოთ, იალქნები გავშალოთ და გავეშუროთ, სანამ იმპერიალიზმი მოახერხებს საკუთარი დაშლილი ურიკის აწყობას და ჩვენს წინააღმდეგ გადამწყვეტ შეტევაზე გადმოსვლას“.
საოცარია, მაგრამ ბოლშევიკურ ესქატოლოგიას ვერც პოლონეთთან ომში მარცხი გააქრობს. 1920 წლის 22 სექტემბერს, ბოლშევიკური პარტიის მეცხრე ყრილობის შემაჯამებელ სიტყვაში ლენინი განაცხადებს: „ჩვენ რომ კერზონის ნოტაზე დავთანხმებულიყავით (...) ჩვენს ხელში იქნებოდა აღმოსავლეთი გალიცია და გარანტირებული მეზობლობა ყველა თანამედროვე სახელმწიფოსთან (ლენინი გულისხმობს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელწიფოებს - ლ.ო). ამ სიტუაციაში ჩვენ ვიქნებოდით კარპატისპირა რუსეთის მეზობლობაში (ლენინი საუბრობს ტერიტორიაზე, რომელიც ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში შედიოდა და ახლა უკრაინის ნაწილია - ლ.ო.), რომელიც დღეს რევოლუციურად უფრო დუღს, ვიდრე გერმანია. კარპატისპირა რუსეთი კი პირდაპირ დერეფანს წარმოადგენს უნგრეთისაკენ, სადაც პატარა ბიძგიც კი საკმარისი იყო რევოლუციის გამოსაწვევად. (...) ჩვენ მშვენივრად გვესმის, რა დიდი ფსონი დავდეთ - ავიღებდით რა გალიციას, რომლის გასაბჭოებაც გარანტირებული იყო, და რომელიც უნგრეთს და ჩეხოსლოვაკიას ესაზღვრება, სადაც ასევე ყველაფერი დუღს... ჩვენ ამგვარად პირდაპირ გზას ვიკვლევდით რევოლუციისაკენ. (...) შედეგები არც ისე სავალალოა. ცუდი სამხედრო შედეგი არ ნიშნავს ცუდ შედეგებს კომუნისტური ინტერნაციონალისათვის. ომის ხმაურში კომინტერნმა ისეთი იარაღი გამოჭედა, რომლის გატეხვასაც ბატონი იმპერიალისტები ვერ შეძლებენ. ამ სახელმწიფოებში პარტიების განვითარება ხდება ჩვენი კომინტერნის გეგმის მიხედვით. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ მხრივ ჩვენ სანერვიულო არაფერი გვაქვს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ამ პროცესის განვითარების სიჩქარესა და პირობებზე“.
სერიის სხვა ნაწილები
პოლონეთ-რუსეთის ომი: ინტერვიუ მარიუშ ვოლოშთანპოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი. აქტი პირველი: პილსუდსკის რევანში ისტორიაზეპოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი. აქტი მეორე: დაე, პოლონეთი მოკვდეს, რათა რევოლუციამ გაიმარჯვოს!პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი. აქტი მესამე: სასწაული ვისლაზეპოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი. აქტი მეხუთე: ბოლშევიკური სქოლასტიკა