Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთ-რუსეთის ომი: ინტერვიუ მარიუშ ვოლოშთან


პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი, რომელიც 1919 წლის ზამთარში დაიწყება და 1921 წლის მარტში რიგაში სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით დამთავრდება, უდიდეს ზეგავლენას იქონიებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაზე. თუ ეს კონფლიქტი საქართველოს გასაბჭოებას 8 თვით გადაავადებს, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას იგი 25-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდს აჩუქებს.

პოლონეთის რენესანსის მთავარი ფიგურა გახლდათ იოზეფ პილსუდსკი. გერმანელების მიერ ინტერნირებული, იგი განთავისუფლებულ იქნება 1918 წლის შემოდგომაზე ბერლინში დაწყებული რევოლუციის შედეგად. 11 ნოემბერს იგი ჩააღწევს ვარშავაში, სადაც განაიარაღებს გერმანულ გარნიზონს და პოლონეთის რესპუბლიკას გამოაცხადებს. რესპუბლიკის გამოცხადებისას პოლონეთს არ გააჩნდა არც კონსტიტუცია, არც ჯარი, არც მთავრობა და არც საზღვრები. (პოლონეთის საზღვარი გერმანიასთან და ჩეხოსლოვაკიასთან განსაზღვრული იქნება პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მიერ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პილსუდსკისთვის, შეიარაღებულ დაპირისპირებაში შესულიყო ამ ორ ქვეყანასთანაც).

რა ადგილი უკავია იოზეფ პილსუდსკის გამარჯვებას პოლონეთის კოლექტიურ მეხსიერებაში? რა როლს თამაშობს პილსუდსკის პოლიტიკური მემკვიდრეობა თანამედროვე პოლიტიკაში? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრე პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის პროფესორ მარიუშ ვოლოშს.

რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს 1920 წლის აგვისტოში პილსუდსკის გამარჯვებას?

ვერსალის ხელშეკრულება ღიად დატოვებს აღმოსავლეთ ევროპის საზღვრების საკითხს და ამ თვალსაზრისით რიგის ხელშეკრულება დაასრულებს ვერსალის სისტემას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისათვის. მე ვიტყოდი, რომ 1921 წლის მარტში რიგის ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდეგ, ევროპამ დაიწყო ცხოვრება ვერსალისა და რიგის სისტემაში. 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად რიგის ხელშეკრულების დარღვევას მოჰყვა პოლონეთის წინააღმდეგ გერმანიისა და საბჭოთა კავშირის აგრესია, რამაც ვერსალ-რიგის სისტემის დაშლამდე მიგვიყვანა. შემთხვევითი არ არის, რომ რიგის ხელშეკრულების დასრულება სინონიმი გახდა ვერსალის სისტემის დასრულებისა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - 1939 წელს პოლონეთის დაცემამ განაპირობა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის გასაბჭოება, ფინეთის წინააღმდეგ საბჭოთა აგრესია და ბესარაბიისა და ჩრდილოეთ ბუკოვინის ანექსია საბჭოთა კავშირის მიერ. ეს ცვლილებები მოხდა 1939–1940 წლებში. აქედან მარტივი დასკვნა - რიგის 1921 წლის ხელშეკრულება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისათვის სტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი იყო.

რაც შეეხება ამ გამარჯვების გავლენას დასავლეთ ევროპაზე, მე გავიხსენებდი ედგარ ვინსენტის 1931 წელს გამოცემულ წიგნს ძალიან მრავლისმთქმელი სათაურით: „ვარშავა 1920 წელს - მსოფლიოს მეთვრამეტე გადამწყვეტი ბრძოლა“. ამ წიგნში ედგარ ვინსენტი სამართლიანად წერდა, რომ პილსუდსკის გამარჯვებამ გადაარჩინა დასავლეთი ევროპა ბოლშევიზმისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მომენტში ბავარიიდან დაწყებული და უნგრეთით თუ სლოვაკეთით დამთავრებული, საბჭოთა რესპუბლიკები გაზაფხულის სოკოებივით მოეფინენ ევროპას. ლენინისთვის პოლონეთი მხოლოდ პლაცდარმი იყო დანარჩენი ევროპის ბოლშევიზაციისათვის.

თქვენ არ უშვებთ სხვა ვერსიას ბოლშევიკების გამარჯვების შემთხვევაში: ტოტალურად გაჩანაგებული ეკონომიკის და სუსტი წითელი არმიის პატრონი ლენინი მალე დაინახავდა საკუთარი ავანტიურის ზღვარს და გერმანიის გასაბჭოების მცდელობის მაგივრად მათ შესთავაზებდა პოლონეთის გაყოფას. ანუ მივიღებდით ე.წ. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს 19 წლით ადრე...

რა თქმა უნდა, ეს ვარიანტიც დასაშვებია. იმ პერიოდში ვაიმარის რესპუბლიკის მთავრობაში უამრავი ადამიანი იყო, რომელთაც სურდათ პოლონეთის ხელახლა გაყოფა. მათთვის ამოსავალი წერტილი იყო ძველი საზღვარი რუსეთის იმპერიასთან. სხვათა შორის, ლენინისთვის პოლონეთის გაყოფა მხოლოდ პაუზა იქნებოდა - მოსკოვი არასდროს შეწყვეტდა გერმანიის გასაბჭოების მცდელობას. 1923 წელს, როდესაც გერმანიის კომუნისტურმა პარტიამ მოიგო არჩევნები გერმანიის რეგიონულ პარლამენტებში, მოსკოვმა კვლავ განახორციელა ძლიერი ზეწოლა პოლონეთზე, რათა ვარშავას გაეშვა წითელი არმიის ნაწილები გერმანიისკენ.

მოდით ვისაუბროთ პილსუდსკის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზების გეგმაზე. პილსუდსკის აზრით, რუსეთი უნდა გარშემორტყმული ყოფილიყო ბუფერული სახელმწიფოებით, რომლებიც რუსეთის აგრესიის შემთხვევაში პირველ დარტყმას თავის თავზე აიღებდნენ. ხედავთ რაიმე ტიპის კავშირს პილსუდსკის პოლიტიკასა და თანამედროვე ვარშავის პოლიტიკას შორის?

შეიძლება ითქვას, რომ სსრკ-ს დაშლამ და რუსეთის გარშემო დამოუკიდებელი ქვეყნების გაჩენამ შექმნეს პირობები პილსუდსკის პოლიტიკის გაცოცხლებისთვის. ამ პერიოდში ვარშავისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მეგობრული და მჭიდრო კავშირები ჰქონოდა განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც რთული ურთიერთობა ჰქონდა 1919-1939 წწ-ში. მაგალითად, პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა უკრაინის დამოუკიდებლობა; პოლონეთი ასევე ლიეტუვის გვერდზე იდგა მისი დამოუკიდებლობის აღიარების რთულ გზაზე. ამ სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებს დაემატა პუტინის მიერ ორგანიზებული აგრესია ჯერ საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ - ბუფერული სახელმწიფო გახდა რუსეთის ექსპანსიონიზმის პირველი მსხვერპლი. მაგრამ მსგავსება აქ მთავრდება. პოლონეთის ახლანდელ მთავრობას არ აქვს იმის გაქანება, რომ პილსუდსკის პოლიტიკა გააგრძელოს.

იტყოდით, რომ პილსუდსკის დღეს პოლონელების კოლექტიურ მეხსიერებაში მთავარი ადგილი უკავია? ბევრად უფრო დიდი, ვიდრე, მაგალითად, ვლადისლავ სიკორსკის, პოლონეთის უახლესი ისტორიის ამ ყველაზე ტრაგიკულ ფიგურას?

ამ ომში დამარცხების შემთხვევაში, დამოუკიდებელ და სუვერენულ პოლონეთს არ ჰქონდა არსებობის შანსი. ამ გამარჯვების გარეშე, პოლონეთი იქნებოდა გასაბჭოებული, მოსკოვის ვასალი ქვეყანა, თავისი აღმოსავლეთ საზღვრით კერზონის ხაზზე - ანუ სახელმწიფო, რომელიც გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ორ მსოფლიო ომს შორის დამოუკიდებლობის პერიოდი - ეს არის პოლონელი ერის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. და კოლექტიურ მეხსიერებაში მარშალი პილსუდსკი ერთადერთია, ვინც რუსეთთან ომი მოიგო და სული ჩაუდგა დამოუკიდებელ პოლონეთს. პოლონეთის ნებისმიერ ქალაქში ნახავთ ქუჩას თუ მოედანს, რომელიც მის სახელს ატარებს. არც ერთი სხვა პოლონელი ადამიანი არ სარგებლობს ასეთი პატივით.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG