Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი. აქტი პირველი: პილსუდსკის რევანში ისტორიაზე


1920 წლის 21 აპრილს, ბოლშევიკების ყველაზე ნიჭიერ მხედართმთავარ მიხეილ ტუხაჩევსკისა და ყველაზე აღტკინებულ კომისარ სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით, წითელი არმიის კავკასიის ფრონტის ჯარები აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაილაშქრებენ.

„26 აპრილიდან აზერბაიჯანი ჩვენს ხელშია. უახლოეს დღეებში საქართველოსაც იგივე ელოდება“ - მისწერს ორჯონიკიძე ლენინს აპრილის მიწურულს. „მოვლენები ისე ვითარდება, რომ იმედია არაუგვიანეს 15 მაისისა ტიფლისში ვიქნებით“ – შეატყობინებს კომისარი მოსკოვს ერთი კვირის თავზე. 4 მაისს მისი ტელეგრამა კიდევ უფრო ოპტიმისტური იყო: „მოვლენები ისე ვითარდება, რომ არაუგვიანეს 12 მაისისა ვიქნებით ტიფლისში“.

თუმცა იმავე დღეს ორჯონიკიძეს კრემლიდან მოულოდნელი პასუხი მოუვა: „ცკ გავალდებულებთ, რომ ჯარი საქართველოს საზღვარს მოაშოროთ. თავი შეიკავეთ საქართველოზე იერიშის მიტანისგან“.

ამის მიზეზი გახლდათ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია: მოსკოვს სასწრაფოდ მოუწევს მთელი წითელი არმიის კიევზე მოიერიშე იოზეფ პილსუდსკის წინააღმდეგ გადასროლა.

პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი, რომელიც 1919 წლის ზამთარში დაიწყება და 1921 წლის მარტში რიგაში სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით დამთავრდება, უდიდეს ზეგავლენას იქონიებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაზე. თუ ეს კონფლიქტი საქართველოს გასაბჭოებას 8 თვით გადაავადებს, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას იგი 25-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდს აჩუქებს. ვინაიდან 100 წლის წინანდელი კონფლიქტი ნაკლენად ცნობილია ქართველი მკითხველისათვის, გადავწყვიტე, რამდენიმე სტატია და ორი ინტერვიუ მივუძღვნა ევროპის ისტორიის ამ ძალზე მნიშვნელოვან ეპიზოდს.

ამ კონფლიქტის მიზეზებში გასარკვევად, მოდით, ცოტა უკან დავბრუნდეთ.

1918 წლის ნოემბერში პირველი მსოფლიო ომი მთავრდება გერმანიის სრული მარცხით დასავლეთში და... სრული გამარჯვებით აღმოსავლეთში. 1918 წლის ნოემბერში აღმოსავლეთით გერმანიის ჯარს ოკუპირებული ჰქონდა 1 მილიონი კმ2 ტერიტორია. ბერლინი აკონტროლებდა დღევანდელი უკრაინის, ბელარუსის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის ტერიტორიებს.

გერმანიის ჯარების გაყვანა თითქმის ცხრა თვე გასტანს და მათი გასვლის შედეგად დარჩება ოთხი წლის ომის შედეგად გაჩანაგებული ტერიტორია ვირტუალურად დახაზული საზღვრების გარეშე. ამ გეოპოლიტიკურ ვაკუუმში ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი ახალგაზრდა დამპყრობელი სახელმწიფო, ძალიან განსხვავებული ბუნების, მაგრამ ორივე წარმოშობილი იმპერიების დაშლის შედეგად. ეს ორი მტაცებელი სახელმწიფოა საბჭოთა რუსეთი და პოლონეთის რესპუბლიკა. თუ საბჭოთა რუსეთი მომავლისკენ იხედებოდა და „მშრომელთა სამოთხის“ მშენებლობა ჰქონდა გაცხადებული, პოლონეთს (რომლის ტერიტორია იმპერიებს სამჯერ ჰქონდათ გადანაწილებილი), ისტორიასთან საკუთარი ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი.

პოლონეთის რენესანსის მთავარი ფიგურა გახლდათ იოზეფ პილსუდსკი. გერმანელების მიერ ინტერნირებული, იგი განთავისუფლებულ იქნება 1918 წლის შემოდგომაზე ბერლინში დაწყებული რევოლუციის შედეგად. 11 ნოემბერს იგი ჩააღწევს ვარშავაში, სადაც განაიარაღებს გერმანულ გარნიზონს და პოლონეთის რესპუბლიკას გამოაცხადებს. რესპუბლიკის გამოცხადებისას პოლონეთს არ გააჩნდა არც კონსტიტუცია, არც ჯარი, არც მთავრობა და არც საზღვრები. (პოლონეთის საზღვარი გერმანიასთან და ჩეხოსლოვაკიასთან განსაზღვრული იქნება პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მიერ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პილსუდსკისთვის, შეიარაღებულ დაპირისპირებაში შესულიყო ამ ორ ქვეყანასთანაც).

პოლონეთის ახალშობილი პოლიტიკური ელიტისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა საზღვრების საკითხი. რომელი პოლონეთის საზღვრებში უნდა ყოფილიყო ახალშობილი რესპუბლიკა - 1773 წლის (733000 კმ2)? 1793 წლის (522000 კმ2)? თუ 1795 წლის (222000 კმ2)? ვინაიდან მთელ ამ ტერიტორიებზე პოლონელები ცხოვრობდნენ უკრაინელი, ლიტველი, ებრაელი, ბელორუსი, ჩეხი თუ გერმანელი მოსახლეობის შუაგულში, „ეთნიკური საზღვრის“ გავლება წარმოუდგენელი იყო. ამგვარად, სულ რამდენიმე თვეში, ახალშობილი პოლონეთის რესპუბლიკა აღმოჩნდება სამხედრო დაპირისპირებაში ყველა მეზობელთან: გერმანიასთან - პოზენის რეგიონის, ზემო სილეზიისა და დანციგის დერეფნისათვის; ჩეხოსლოვაკიასთან - ტეშენის რეგიონისთვის; ლიტვურ-ბელორუსულ რესპუბლიკასთან - ვილნოს (ვილნიუსის) რეგიონისთვის; და გალიციელ უკრაინელებთან, რომლებიც დედაქალაქ ლვივში (ლვოვი) დასავლეთ უკრაინის რესპუბლიკას გამოაცხადებენ.

1919 წლის აპრილში პოლონეთის შეიარაღებული რაზმები მცირე შეტაკების შედეგად ვილნოს (ვილნიუსი) და ლვივს (გერმანულად ლემბერგი, პოლონურად ლვუუფი) დაიკავებენ, შემდეგ კი მინსკში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ ძალებს დაამარცხებენ. 1919 წლის სექტემბერში, როდესაც პილსუდსკის სამხედრო ნაწილები ვილნო-მინსკი-ლვივის აღმოსავლეთით 100-150 კილომეტრიან ხაზს მიაღწევენ, იქ გაჩერდებიან. მართალია, ანტანტას (პარიზი-ლონდონი) სურდა, რომ პილსუდსკი თეთრების ლიდერ ანტონ დენიკინს წითელი არმიის წინააღმდეგ ომში დახმარებოდა, მაგრამ პოლონელების ლიდერი თითს არ გაანძრევს. იცოდა რა, რომ თეთრი თუ წითელი, მოსკოვი რევანშისტულ ძალად დარჩებოდა, პილსუდსკის მიზანი იქნება პოლონეთის გვერდით სუსტი რუსეთის ყოლა. ასე რომ, მისთვის არც ბოლშევიკების და არც თეთრების არმიის სრული მარცხი არ გახლდათ სასურველი.

სემიონ პეტლიურა (ფანჯარაში მარცხნივ) და იოზეფ პილსუდსკი. 1920 წ.
სემიონ პეტლიურა (ფანჯარაში მარცხნივ) და იოზეფ პილსუდსკი. 1920 წ.

1920 წლის დასაწყისში სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვლება: სამოქალაქო ომში თეთრების მხედართმთავარ დენიკინის დამარცხება და ბოლშევიკების გამარჯვება პილსუდსკის უბიძგებს, უკრაინელ ნაციონალისტ სემიონ პეტლიურასთან ერთად წითელ უკრაინაზე გაილაშქროს, რათა რუსეთსა და პოლონეთს შორის ბუფერული და თან ვასალური სახელმწიფო შეექმნა. პილსუდსკი პეტლიურასთან ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, პოლონელი ლიდერი უკრაინელ ნაციონალისტს ჰპირდებოდა კიევის გასაღებს. სამაგიეროდ პეტლიურას უარი უნდა ეთქვა უკრაინელებით დასახლებულ აღმოსავლეთ გალიციაზე (ლვივის რეგიონი), რომელიც პოლონეთის შემადგენლობაში უნდა დარჩენილიყო. გალიციელი უკრაინელებისათვის ეს შეთანხმება კიევის მხრიდან ღალატის ტოლფასი იყო, ხოლო პეტლიურასთვის - უკანასკნელი შანსი ეროვნული სახელმწიფოს დაარსებისა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG