ცხოვრებოვი ინალ ჯაბიევთან და გერსან ყულუმბეგოვთან ერთად დააკავეს და ისიც დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე შეიარაღებულ თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. ინალ ჯაბიევის სიკვდილის შემდეგ, ნაცემი ნიკოლაი ცხოვრებოვი ზნაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დააბრუნეს. ცხოვრებოვსაც ჯაბიევის მსგავსად მთელ ტანზე სისხლჩაქცევები აქვს. ამ ინფორმაციას როგორც ოსური მედია, ისე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ.
28 აგვისტოს ცხინვალის ცენტრში, მიტინგზე შეკრებილი საზოგადოება დე ფაქტო პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას მოითხოვდა. წუხელვე დე ფაქტო პარლამენტის სხდომა დაინიშნა, 29 აგვისტოს კი დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა მუშაობა განაახლეს.
ასევე ნახეთ ვნებათაღელვა ცხინვალში: გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ იზოლატორში ახალგაზრდა კაცი ცემით მოკლესდე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სესია იმით დაიწყო, რომ 23-მა დეპუტატმა დე ფაქტო პრეზიდენტის სახელზე მიმართვის ტექსტი შეადგინა, ისინი დე ფაქტო გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენებას მოითხოვენ. დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე ამ დოკუმენტს მხარი უმრავლესობამ, 28 დეპუტატმა დაუჭირა. რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების ერთი ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის გადადგომასაც მოითხოვდა, თუმცა საერთო თანხმობა ჯერ ჯაგაევის გადადგომაზეა მიღწეული.
ვითარება ცხინვალში 28 აგვისტოს დაიძაბა, როდესაც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ადგილობრივ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი ინალ ჯაბიევი მიიყვანეს. ჯაბიევი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. მალევე სოციალური ქსელით გავრცელდა გარდაცვლილის ფოტოები, რომელსაც სისხლჩაქცევები აქვს ფეხებზე, ხელებსა და ზურგზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაბიევი პოლიციელებმა ცემით მოკლეს. გარდაცვლილის ნათესავებმა ჯერ საავადმყოფოსთან, შემდეგ კი ცხინვალის მთავარ, თეატრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს და დე ფაქტო პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ანატოლი ბიბილოვმა ჯერ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი გადააყენა. მოგვიანებით გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ერიკ ფუხაევმა, თუმცა მომიტინგეები დე ფაქტო გენერალური პროკურორის და თავად ბიბილოვის გადადგომასაც ითხოვდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
28 აგვისტოს მიტინგზე ხალხთან გასულმა ბიბილოვმა კი თქვა, რომ პლებისციტს ჩაატარებს კითხვით - უნდა თუ არა ხალხს პრეზიდენტის გადადგომა? ამ ინიციატივაზე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების რეაქცია მკაცრი იყო, მათ დე ფაქტო პრეზიდენტი კონსტიტუციის უცოდინრობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით კონსტიტუციაში ასეთი გამოკითხვის შესახებ არაფერი წერია და თუ პრეზიდენტი ლეგიტიმურობას კარგავს, ის უნდა გადადგეს და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გაარკვევს, ვინ უნდა ხალხს პრეზიდენტად. რადიო თავისუფლების წყარო, სამოქალაქო აქტივისტი, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების მიზნით არ ვასახელებთ, ცხინვალიდან გვატყობინებს:
„ხალხი ძალიან აღშფოთებულია, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯაბიევის მკვლელობაში 8 პოლიციელი ფიგურირებს. ყველა ვითხოვთ გენერალური პროკურორის გადადგომას. ურუზმაგ ჯაგაევი, როგორც პროკურორი, იყო კანონის აღსრულების ზედამხედველი და პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება, ამიტომ უნდა გადადგეს. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრზე შეიარაღებული თავდასხმისას, პრეზიდენტმა ბიბილოვმა თქვა, რომ პირად კონტროლზე აქვს აყვანილი ამ საქმის გამოძიება, ამ საქმის ფარგლებში დაიჭირეს სამი ცხინვალელი ბიჭი, და ვხედავთ, როგორ პირად კონტროლზე ჰქონია ბიბილოვს ეს საქმე. დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ და მათ სასტიკად სცემდნენ და აწამებდნენ, ჯაბიევმა კი ვერ გაუძლო და დაიღუპა. ახლაც ამბობს ბიბილოვი, რომ ამ საქმის გამოძიებაც პირად კონტროლზე აქვს აყვანილი, მაგრამ მისი ვიღას სჯერა? როცა ციხეში პატიმრებს სცემდნენ და აწამებდნენ ძალოვნები, და დეპუტატები შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადაყენებას მოითხოვდნენ, მაშინ ბიბილოვი მათ გადაეფარა, ამიტომ ხალხი ფიქრობს, რომ ამ მკვლელობაში მისი პასუხისმგებლობაცაა“.
ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა, რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ინარა გაბარაევამ უთხრა, რომ ანატოლი ბიბილოვმა საერთოდ დაკარგა მოქალაქეების ნდობა.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევის დროს მიიყვანეს ახალგაზრდა კაცი ცემით სიკვდილამდე, ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ. ჩვენ, მოქალაქეები, არ ვარღვევთ კანონს და კანონის დარღვევის უფლება არავის აქვს, მათ შორის, პრეზიდენტსაც. ამიტომ, ჩემი აზრით, პირველ რიგში, პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, საერთოდ დაკარგა ნდობა, რადგან ხალხი ყვიროდა - „გადადგეს პრეზიდენტი“ - მან იმ ხალხის ნდობა დაკარგა, რომელმაც აირჩია“.
დე ფაქტო პარლამენტის წევრმა, ოპოზიციონერმა დავით სანაკოევმა კი ჟურნალისტებს განუცხადა: - „ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ბოლო თვეებში წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემდნენ და აწამებდნენ დაკავებულებს. ჩვენ როცა ეს საკითხი მწვავედ დავსვით და მოვითხოვდით შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადადგომას, მათ მფარველობდნენ - მათ შორის, პირველ რიგში, პრეზიდენტი მფარველობდა. პრეზიდენტი ამბობდა, რომ ესენი საუკეთესო მინისტრები იყვნენ. ამ მფარველობამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. დავკარგეთ ახალგაზრდა კაცი, რომელიც წამებით მოკლეს“.
28 წლის ინალ ჯაბიევი, რომელიც ოკუპირებული რეგიონის მილიციამ დააკავა შს მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით, სავარაუდოდ, წამების შედეგად გარდაიცვალა.
28 აგვისტოს ცხინვალში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, მთავრობა დაეთხოვა.
ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს თბილისიდან ორი დღის შემდეგ გამოეხმაურნენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში არსებულ უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან, სიცოცხლის უფლების ხელყოფის ჩათვლით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებთან და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებთან დაკავშირებით.
28 აგვისტოს, სწორედ ამგვარ დანაშაულებრივ ქმედებებს კიდევ ერთი ახალგაზრდის - ინალ ჯაბიევის სიცოცხლე შეეწირა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის და იმის შედეგად, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე არაერთ ტრაგიკულ შემთხვევაზე რეჟიმს დღემდე პასუხი არ უგია, სულ უფრო რთულდება ადგილობრივი მაცხოვრებლების უსაფრთხოების და უფლებრივი მდგომარეობა.
საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით ძალისხმევას, რათა მოსახლეობას მიეცეს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა.
ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს განაგრძონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები“, - წერია განცხადებაში.
29 აგვისტოს, დღის ბოლოს, დე ფაქტო პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინალ ჯაბიევთან ერთად დაკავებული ნიკოლაი ცხოვრებოვი და გერსან ყულუმბეგოვი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, რესპუბლიკიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. გარდა ამისა, დე ფაქტო პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ჯაბიევის საქმის ფარგლებში პოლიციის 8 თანამშრომელი დაკითხეს და ისინი, გამოძიების დასრულებამდე, მოვალეობას ჩამოაშორეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებაზე, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ჯერჯერობით ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება არ ასახელებს იმ პირების ვინაობას, ვინც ჯაბიევის ცემაში იღებდა მონაწილეობას, დაკავებულიც არავინაა. სოციალურ ქსელ ფეისბუკში კი ვრცელდება მოწოდებები 31 აგვისტოს ცხინვალის ცენტრში მასშტაბური მიტინგის გამართვის შესახებ.