ინფორმაციის თანახმად, ნოემბრიდან ბათუმის ცენტრალურ პარკში, ტბასთან, ზოოპარკის ნაცვლად მრავალსართულიან განაშენიანებას ჩაეყრება საფუძველი. მოგვიანებით შოთა გუჯაბიძემ განმარტა, რომ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ბათუმის მერიის პრესსამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, პროექტი არც კი განიხილება, უცნობ საიტზე გავრცელებული ამბავი კი დეზინფორმაციააო. თუმცა, ქალაქის მერიის განმარტების მიუხედავად, ამბავს მოქალაქეების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები წერდნენ: “ სიტყვიერად ვინმეს დაჯერება არ შეიძლება. წერილობით დაადასტურონ და გამოაქვეყნონ“, „კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს“ და სხვა. თავად პოსტის ავტორმა, აქტივისტმა შოთა გუჯაბიძემ, ბათუმის მერიისგან ოფიციალური საჯარო განმარტების გაკეთება მოითხოვა, მოქალაქეების უნდობლობის მიზეზს კი აქტივისტი ასე ხსნის: წლების განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლება სამშენებლო ნებართვებს ქალაქისა და საზოგადოებრივი სივრცეების საზიანოდ კანონის დარღვევით გასცემს და ამიტომ ბათუმელებს თვითმმართველობის მიმართ უნდობლობა გაუჩნდათო:
„მერია იმას ნიშნავს, რომ რაღაც საშინელება უნდა გააკეთოს ქალაქისთვის. სახელგატეხილი და ურეპუტაციო უწყებაა. მავნებლობს ქალაქის, მისი კულტურული მემკვიდრეობის და მწვანე სივრცეების საწინაააღმდეგოდ. არ არსებობს ისეთი ისტორიული სახლი, სკვერი, პარკი თუ ბულვარი, სადაც არ აძლევდეს ხელისუფლება კორპუსის ჩადგმის ნებართვას იმისთვის, რომ სხვას გააკეთებინოს ფული და თავადაც იხეიროს. ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ისეთი ამბავია ბათუმში. შესაბამისად, ზოოპარკის ადგილას რომ ვიღაცას თვალი აქვს დადგმული, ამას დიდი გამჭრიახობაც არ უნდა, იმიტომ რომ პარკის ირგვლივ ისედაც საშინელი განაშენიანებაა. იქვე, პარკშივე, ორსართულიანი სახლი დაანგრიეს და უზარმაზარი კორპუსი შენდება. რა გასაკვირია, თუ გამონთავისუფლებულ ადგილას ვიღაცას კორპუსის ჩადგმა მოუნდა?“ - ამბობს შოთა გუჯაბიძე.
ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ზოოპარკის ადგილას კორპუსების შესაძლო აშენების საკითხი 2018 წელს გააქტიურდა - მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა ზოოპარკის ბათუმის ცენტრალური პარკიდან ჩაქვში, ქალაქის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, გადატანას. მაშინ ეჭვებზე, ხომ არ იგეგმება ზოოკუთხისგან გამონთავისუფლებულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი განაშენიანების გაჩენა, ბათუმის მერიაში უპასუხეს: ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, რომელსაც სკვერის სტატუსი აქვს მინიჭებული, მისი განვითარება კი სტატუსის შესაბამისად მოხდებაო. თუმცა, ბათუმელების ნაწილმა მაშინ მუნიციპალიტეტს მიმართა და ამ გადაწყვეტილების დოკუმენტურად, მერის ოფიციალური ბრძანებულებით, დამოწმება მოსთხოვაო, იხსენებს ბათუმელი მამუკა სურმანიძე:
„ჩვენ მაშინ, როცა მოვითხოვეთ დოკუმენტი, რომ ეს ნამდვილად იქნება ასე ზოოპარკის გადატანის შემთხვევაში, გვითხრეს, რომ ასეთ დოკუმენტს ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს, ამ ადგილას კი ვფიქრობთ მსუბუქი, ორსართულიანი კონსტრუქციის გაკეთებაზე, სადაც კაფე-ბარები იქნებაო. ეს გვითხრეს ორი წლის წინ“.
ორი წლის შემდეგ კი საკითხი ისევ გააქტიურდა, ამბობენ პარკის მიმდებარედ მცხოვრები ბათუმელები. მათ შორისაა აქტივისტი თამარ მამეიშვილი. მისი თქმით, ბათუმელებს არაერთი მაგალითი აქვთ, თუ როგორ არ შესრულდა ხელისუფლების დაპირება, რომ არ დაინგრეოდა ისტორიული შენობა ან არ განადგურდებოდა მწვანე სივრცე მშენებლობების სასარგებლოდ, ამიტომ ეს საკითხი ეჭვს იწვევსო, ამბობს თამარ მამეიშვილი:
„რაც ზოოპარკის გადატანის საკითხი დადგა, სულ გვესმის, რომ ამ ტერიტორიას შენობების ასაშენებლად გამოიყენებენ. თუმცა მერე ვიგებდით, რომ საფუძველს მოკლებული იყო. მაგრამ იქ მცხოვრებლებს გვაქვს ეჭვი, რომ ეს ხმები არ არის უსაფუძვლო და თითქოს კბილს გვისინჯავენ, ჩვენ რა რეაქცია გვექნება. რა თქმა უნდა, ბათუმელებს რეაქცია ექნებათ. ისევე სენსიტიურია ეს საკითხი, როგორც ბულვარი. ეს პარკი ბათუმის ნაწილად აღიქმება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რეკრეაციული სივრცეების ნაკლებობა გვაქვს ქალაქში და ირგვლივ მაღალი შენობები შემოგვაშენეს. ამ ფონზე ამ საკითხს მარტივად ბათუმელები არ შეხედავენ“.
ასევე ნახეთ ბათუმის დამცველთა ძველი მოთხოვნები და მოქალაქეებისგან თვითმმართველობის მეტად დაშორების ახალი საფრთხე
ბათუმელების ნაწილი ზოოპარკის ადგილას, ცენტრალურ პარკში, შესაძლო მშენებლობების გამო პროტესტს სოციალურ ქსელშივე გამოხატავს. ნაწილი საპროტესტო აქციებს გეგმავს, ნაწილი კი ხელმოწერების შეგროვების იდეით გამოდის.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი, ამ საკითხზე განმარტებას არ აკეთებს. მერიის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ფეიკნიუსია და ბათუმის ცენტრალურ პარკში, ზოოპარკის ადგილას, არანაირი სამშენებლო პროექტის განხილვაც კი არ მიმდინარეობს. იგივე უთხრეს თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენელს ბათუმში, ნათია აფხაზავას, რომელიც ამბობს, რომ ბათუმელების უნდობლობას ქალაქის ხელისუფლების მიმართ თავისი მიზეზი აქვს, რადგან პარკის ტერიტორია და მისი მიმდებარე ქუჩები ისტორიული ბათუმის ნაწილია, ქალაქის მერიამ კი წლების წინ სპეციალისტების მიერ დადგენილი ისტორიული დაცვის ზონიდან პარკთან მდებარე ტერიტორია თვითნებურად ამოიღო და იქ ახლა მრავალსართულიანი კორპუსები შენდება. გარდა ამისა, ბათუმელების აქტიური მოთხოვნის მიუხედავად, ქალაქის თვითმმართველობამ ბათუმის ისტორიული დაცვის ზონა ამ დრომდე არ დაამტკიცა:
„საფრთხე ყოველთვის იქნება, ვიდრე არ გვექნება ისტორიული დაცვის ზონა. სანამ არ გვექნება ცენტრალური პარკის საზღვრები ზუსტად კადასტრით დადგენილი, მანამდე რისკი ყოველთვის იქნება. ბულვარზე და პარკზე საზოგადოებას დიდი მგრძნობელობა აქვს. ბათუმელები ხედავენ, რომ ქალაქი დიდი საფრთხის წინაშეა. სამწუხაროდ, ხელისუფლების იგივე პოციზიას ვერ ხედავენ. ხელისუფლება არ აღიარებს ბათუმში არსებულ ურბანულ კრიზისს, არ აღიარებს, რომ ასეთი განაშენიანება ახლა უკუშედეგით დაგვიბრუნდა, მაგრამ უფრო მძიმე შედეგის წინაშე დავდგებით. მოსახლეობას კი სწორედ იმიტომ აქვს უნდობლობა, რომ ვერც ერთმა მერმა ვერ შეცვალა ეს მდგომარეობა“.
ასევე ნახეთ ბათუმი - ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო ქალაქი, თუ ანტისოციალური საქმიანობის ადგილი
ნათია აფხაზავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბათუმის არჩეული მერი საკუთარი სურვილით წავიდა თანამდებობიდან, მის ნაცვლად კი ბათუმის მოვალეობის შემსრულებელი მერი ჰყავთ, მოქალაქეები და ურბანულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მასთან შეხვედრას მოითხოვენ.