„ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმი საქართველოში იმ პრობლემათა რიგს მიეკუთვნება, რომელსაც ხელისუფლება არათუ ვერ ხედავს, არამედ, ზოგჯერ, საკუთარი ინერტულობით ახალისებს კიდეც მსგავსი ჯგუფების გაძლიერებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დემოკრატიის კვლევის ისტიტუტის (DRI) დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა 26 სექტემბერს, ულტრამემარჯვენე ჯგუფების შესახებ მიმდინარე კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე.
DRI ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების ქცევას იკვლევს სოციალურ მედიასა და ონლაინ პლატფორმებზე. პირველადი დასკვნითაც ჩანს, გვითხრა უჩა ნანუაშვილმა, რომ ეს ჯგუფები ძლიერდება, იმატებს მათი მომხრეთა რიცხვი, მეტი რესურსი იხარჯება მათ მომძლავრებაში, ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკა კი მათ წინააღდეგ არ არსებობს“.
„ჩვენ ამ საკითხს ვიკვლევთ იმიტომ, რომ გვინდა გავიგოთ, სად მიდის რადიკალიზაციის ფესვები, სად იღებს სათავეს ასეთი იდეები, რა უწყობს ხელს მათ გაღვივებას. წლის დასაწყისში, სახელმწიფომ მიიღო სტრატეგია ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელშიც საუბარია რადიკალიზაციის საფრთხეებზეც, თუმცა სამოქმედო გეგმა დღემდე გასაიდუმლოებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოება ასეთი პრობლემების მოგვარების პროცესებს მიღმა არ უნდა რჩებოდეს“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
ასევე ნახეთ "სიძულვილის მონობაში"ულტრამემარჯვენე ჯგუფებად დემოკრატიის კვლევის ცენტრი ისეთ ჯგუფებს მოიაზრებს, რომელთა განწყობები მკვეთრად ანტირუსულია, თუმცა არსებობს რადიკალური ჯგუფების სხვა ფრთაც, რომელთა რიტორიკაც სრულად ემთხვევა რუსულ დისკურსს. საბოლოო ჯამში კი, ორივე ჯგუფის ბრძოლის მეთოდები ლიბერალური ჯგუფების, უმცირესობების მიმართ რუსეთში მიღებულ და გავრცელებულ ბრძოლის მეთოდებს ემთხვევა.
ულტრამემარჯვენეობაში კი გამოკვლევის ავტორები მოიაზრებენ იდეოლოგიას, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს რასიზმს, ქსენოფობიას, მიზოგინიას, ანტისემინტიზმსა და ჰომოფობიას.
ასევე ნახეთ ანტიდასავლური დისკურსი ქართულენოვან სოციალურ მედიაშიულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფებს სოციალურ მედიაში DRI-ს მედიამკვლევარი, ქეთევან მურღულია აკვირდება. შუალედებური შედეგები 2019 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდს მოიცავს.
საკვლევ ობიექტად შეარჩიეს 9 ონლაინგამოცემა:
- „ზნეობა“;
- „საქართველო და მსოფლიო“;
- „პოლიტიკანო“;
- „ალტ-ინფო“;
- „ალია“;
- „საქინფორმი“;
- „პროგრეს-ნიუსი“;
- „ჯეო-დაიჯესტი“;
- „ასავალ-დასავალი“.
და 15 ულტრამემარჯვენე ჯგუფის ფეისბუკგვერდი:
„ნუ გამოლიბერალდები, იაზროვნე"; კარდჰუ; ეროვნება ქართველი; ქართული ძალა; ქართული იდეა; ანტი-პარადოქსი; წითელი აბი; კავკასიელი;ძლევაი საკვირველი; ნაციონალისტური გამოღვიძება; მსოფლიო საოჯახო კონგრესი; ახალგაზრდული ერთობა; ქართული მარში; geo-pepe; ანტილიბერალური ლიგა.
აკვირდებოდნენ ულტრამემარჯვენე ლიდერთა ფეისბუკგვერდებსაც, მათ შორის, ზვიად ტომარაძის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის, ბექა ვარდოსანიძის, ლადო სადღობელაშვილი, სანდრო ბრეგაძის, ლევან ვასაძის (რომელიც „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ ჯგუფში ავრცელებს ვიდეომიმართვებს) დიმიტრი ლორთქიფანიძის და სხვათა პირად გვერდებს.
1043 სტატია გაანალიზდა და 2272 სტატუსი შეფასდა.
„თუ ამ ჯგუფების წევრების მზარდ სტატისტიკას შევხედავთ და მათი სიძულვილის რიტორიკას შევაფასებთ, მათი გაძლიერების საფრთხეს სახელმწიფოც დაინახავს“, - ამბობს ქეთევან მურღულია.
სიძულვილის გამავრცელებლები
ულტრამემარჯვენე ექსპტერმისტულ ჯგუფებზე დაკვირვებამ მკვლევრებს უჩვენა, რომ ისინი სოციალურ მედიას აქტიურად იყენებენ სიძულვილის ენის გასავრცელებლად. მათი მთავარი სამიზნეები კი არიან:
- მიგრანტები;
- ლგბტქ ადამიანები;
- რელიგიური ჯგუფები.
მათი რიტორიკა სავსეა ღიად ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილებით. თუმცა გააჩნია, ყოველ ჯერზე რას ებმის მათი პროტესტი და გაღიზიანება.
მაგალითად, ჰომოფობიური განცხადებებით და მოწოდებებით ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქტიურობდნენ 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელიც საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღედ აღინიშნება. 20 ივნისს კი, ე.წ. „გავრილოვის ღამეს“, როცა თბილისში ანტისაოკუპაციო აქცია იმართებოდა, ისინი მის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.
თბილისი პრაიდის პერიოდში განსაკუთრებით მკვეთრი და სიძულვილით სავსე იყო მათი მოწოდებები.
„მსოფლიო ოჯახის კონგრესის“ გვერდმა მაგალითად, 9-ჯერ გააზიარა ლევან ვასაძის სიძულვილის შემცველი ვიდეომიმართვა, ხოლო მის განცხადებას, „თუ იქნება პოლიციის კორდონი, ჩვენი მიზანია მისი გარღვევა და გარყვნილების პროპაგანდისტების იქედან გათრევაო“, - ულტრამემარჯვენე ლიდერების მხრიდან სრული მხარდაჭერა ჰქონდა. მათ მხარში ედგნენ სასულიერო პირებიც.
ამ ოთხ თვეში ეს რადიკალური ჯგუფები საქართველოს რეგიონებშიც დადიოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებდნენ დაეფიქსირებინათ ხელმოწერა „ჰომოსექსუალთა გარყვნილების „ წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მხარდასაჭერად. კამპანია დალოცა მეუფე ილარიონმაც.
„ქართულმა იდეამ“ კი საკუთარ გვერდზე პეტიციაც კი გამოაქვეყნა - „სოდომური ცოდვის“ დაკანონების წინაააღმდეგ.
ასევე ნახეთ გურამ ფალავანდიშვილი ჰომოსექსუალობის პროპაგანდის ასაკრძალად ხელმოწერების შეგროვებას იწყებსდემოკრატიის კვლევის ცენტრი სახიფათო ტენდენციად მიიჩევს იმასაც, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები სწორედ რელიგიას იყენებენ ინსტრუმენტად, რომელზე დაყრდნობითაც ცდილობენ ჰომოფობიური მოსაზრებების გამართლებას.
„ქრისტიანი ყველა საშუალებით უნდა ებრძოდეს გარყვნილებას“. - წერს, მაგალითად,, „ქართული იდეა“.
ქსენოფობიური განცხადებების პიკმა ამ ჯგუფების წევრების მხრიდან დავით გარეჯის საკითხის გააქტიურების პერიოდში მიაღწია - აზერბაიჯანთან გაჩენილი დაძაბულობა რადიკალურმა ჯგუფებმა სწრაფად აიტაცეს, - აცხადებენ კვევის ავტორები. ისინი ავრცელებდნენ დაუზუსტებელ ინფორმაციას აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების მიტაცებასთან დაკავშირებით.
ბათუმში ჩატარებულ დიდგორობის დღესასწაულზე კი ფეისბუკგვერდ „ეროვნება ქართველის“ მიერ გაზირებული ფოტოები და ილუსტრაციები მკვეთრად ანთითურქული შინაარსისას იყო.
ულტრამემარჯვენე ჯგუფებისათვის „ლიბერალიზმი სულიერი სენია, ცოდვაა, რომელიც ჯერ შინაგანად ხრწნის ადამიანს“... ასე წერს მოძრაობა „ქართული იდეა“.
ულტრამემარჯვენე ჯგუფების მთავარი გზავნილები, როგორც გამოკვლევის ავტორები ამბობენ, ზემოთ ჩამოთვლილი მედიასაშუალებებით ვრცელდება.
„ალტ ინფოს“ გუნდი, მაგალითად, აქტიურად ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას მიგრანტებისა და ლგბტ ადამიანების მიერ ევროპაში. ჩადენილ გარყვნილ ქცევებსა თუ დანაშაულებზე.
მათი მთავარი რესპონდენტები კი, როგორც მედია მკვლევარი ქეთევან მურღულიც შენიშნავს, არიან ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები: ირმა ინაშვილი, ჯონდი ბაღათურია, კონა დავითაშვილი, ემზარ კვიციანი და სხვები.
გამოცემა „პოლიტიკანო“ ევროკავშირსა და აშშ-ს მუდმივად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. ლიბერალიზმი, ნატო და ევროკავშირ კი საქართველოსთვის ზიანის მიმყენებელ საფრთხედაა წარმოდგენილი.
პრორუსული კურსს არ მალავს საქინფორმი: რომლის მთავარი რედაქტორი წერს: „რუსებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სადაც უყვარხართ და გელიანო“.
ულტრამემარჯვენე ჯგუფებს ჯერ არა აქვთ ათვისებული ტვიტერი, იუტუბი და ინსტაგრამი.
რისთვის გამოდიან ქუჩაში ქართველი ულტრამემარჯვენეები?
მკვლევრები მაისიდან აგვისტომდე გამართულ 6 აქციას დააკვირდნენ.
და როგორც კვლევის ამ ნაწილზე მომუშავე გიორგი წიქარიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს აქციები სწორედ სოციალური ქსელით და მათი ონლაინ პლატფორმების საშუალებით იგეგმება.
აშკარაა ისიც, რომ პოლიცია ხელს ვერ უშლის ექსპტრემისტული ორგანიზაციების მიერ ახალი წევრების რეკრუტირებას: სწორედ რეკრუტირებისკენ მოუწოდებდა ლევან ვასაძე თავის მხარდამჭერებს და ამბობდა, რომ კომბლებით შეიარაღებული დაჯგუფებები, თუ საჭირო გახდებოდა, პოლიციასაც კი წინ აღუდგებოდა.
ასევე ნახეთ ლევან ვასაძე: „მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ კომბლები გვიდევს ჭერში“ამ მოწოდებაში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნების არსებობის მიუხედავად, ამ საქმეზე გამოძიება საერთოდ არ დაწყებულა.
აქციები ამ ჯგუფების მთავარი ტრიბუნაა - ისინი იქ საქვეყნოდ აცხადებენ, რომ მათი მიზანი ნაციოანალისტური მმართველობის წესის დამყარებაა.
მათი დემონტრაციების აბსოლუტური უმრავლესობა - მამაკაცია.
DRI ხელისუფლებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ საფრთხე იმაზე ძლიერია, ვიდრე ეს მათი მხრიდან არის შეფასებული და ურჩევს ხელისუფლებას, შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც ინტერნეტსივრცეში ულტრამემარჯვენე ჯგუფების ქცევას შეისწავლის - დამუშავებული ინფორმაცია კი პრობლემის მასშტაბს მაშინვე გამოაჩენს.