Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ ფალავანდიშვილი ჰომოსექსუალობის პროპაგანდის ასაკრძალად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს


საინიციატივო ჯგუფი "ერთიანი და ზნეობრივი საქართველო"-ს ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი 17 ივლისიდან იწყებს თბილისსა და რეგიონებში ხელმოწერების შეგროვებას.

ულტრანაციონალისტურ ჯგუფს ორი მოთხოვნა აქვს:

  • ამოიღონ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია;
  • სს კოდექსში დაემატოს მუხლი ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.

გურამ ფალავანდიშვილი ხელმოწერების შეგროვებას ორი თვის განმავლობაში გეგმავს. სამოქმედო გეგმაში წერია, რომ ხელმოწერები ხელისუფლებას გადაეცემა და თუ მოთხოვნები არ შესრულდება, პირველ ნოემბერს პარლამენტის წინ აქცია გაიმართება.

"გვინდა აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. თავისთავად, ეს ცოდვა არსებობს და იარსებებს, მაგრამ მისი პროპაგანდა, ჩვენზე აგრესია, თავს მოხვევა და ძალადობა უნდა იყოს მიუღებელი. პროპაგანდაში ვგულისხმობთ ამ გარყვნილების ნორმად გამოცხადებას ანტიდისკრიმინაციული კანონით, მარშებით, დროშების ფრიალით", - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა კი დაამატა, რომ მათ მოთხოვნებზე ხელის მოწერა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამომრჩეველს შეუძლია.

„ჩვენ ღია ვართ პოლიტიკური ძალებისთვის. ნებისმიერი პარტიის ამომრჩეველი - იქნება ეს ოდიოზური "გირჩი", "ნაციონალური მოძრაობა" თუ "ქართული ოცნება", თუ მას არ უნდა, რომ ბავშვს თავს მოახვიონ ჰომოსექსუალიზმი, ის ჩვენი თანამოაზრეა“, - ამბობს ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვასაძემ ჯერ კიდევ 8 ივლისს გამოაცხადა ორი მოთხოვნა, რომელზეც ხელმოწერების შეგროვება იწყება. ის მოითხოვდა ანტიდისკრიმინაციული კანონის სრულად გაუქმებას.

უცნობია, რას ფიქრობს ვასაძე მოთხოვნების ამ ფორმულირებაზე.

XS
SM
MD
LG