„ჩართულობისა და განვითარების“ ცენტრმა გამოაქვეყნა გამოკვლევა „სიძულვილის მონობაში - საქართველოში ნეო-ნაცისტური ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგი“, რომელიც ვიტალი საფაროვის და ყველა იმ ადამიანის ხსოვნას ეძღვნება, ვინც კაცობრიობის ისტორიაში ნეონაცისტური ჯგუფების მსხვერპლი გახდა.
ამ საკითხზე რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“ ვრცლად ისაუბრა „ჩართულობისა და განვითარების“ ცენტრის ხელმძღვანელმა აგიტ მირზოევმა:
გამოკვლევის შესავალ წერილში აგიტ მირზოევი წერს:
„საქართველოში მოქმედი ყველა რადიკალური, ულტრამემარჯვენე ჯგუფი, ერთიანი და ძლიერი სიძულვილის პირამიდის შემადგენელი ნაწილია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საკმაოდ მოკლე დროში ახდენენ თავიანთი ძალების სრულ მობილიზებას“.
კვლევა ფოკუსირებულია საქართველოში არსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივობებზე, განსაკუთრებით კი, იმ ჯგუფების საქმიანობებზე, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ ნეონაცისტებს და რომელთა აქტივობებსაც ქართული ნაციონალიზმი „თეთრკანიანთა უპირატესობის“ ნიშნულთან მიჰყავს.
გამოკვლევის ავტორების მოსაზრებაა, რომ:
საქართველოში ძლიერდება და მყარდება ულტრამემარჯვენე, განსაკუთრებით კი ნეონაცისტური მოძრაობა.
მათი არით, მიუხედავად იმისა, რომ მათი აქტივობები საფრთხეს წარმოადგენს როგორც ეთნიკურად ქართველებისთვის, ისე ეთნიკური და ეროვნული უმცირესობებისა და უცხოელი მოქალაქეებისთვის, მათზე სამართლებრივი რეაგირება არ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და არ არის ორიენტირებული იმ რისკების პრევენციაზე, რომელიც დღეს ნეონაცისტური დაჯგუფების მხრიდან მოდის.
ვინ არიან ისინი?
„ქართული მარში“ - რადიკალური მემარჯვენე სახალხო ორგანიზაცია (როგორც თავად უწოდებენ საკუთარ თავს), რომელიც ოფიციალურად 2017 წლის აპრილში დაფუძნდა. გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრები საზოგადოებისთვის მალევე გახდნენ ცნობილნი საკუთარი აგრესიული, სიძულვილის ენის შემცველი გამოსვლებითა და ძალადობრივი მოწოდებებით, ცალკეულ შემთხვევებში კი უცხოელებზე თავდასხმითაც.
მათი პირველი მასობრივი გამოსვლა 2017 წლის 14 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე გაიმართა. ამ გამოსვლაზე ულტრანაციონალისტების ლიდერები საქართველოდან უცხოელი, არალეგალი მიგრანტების დეპორტაციასა და ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდნენ.
საზოგადოებამ მსგავსი რიტორიკით გაიცნო გიორგი ჭელიძეც, სოციალურ ქსელში შერქმეული ზედმეტსახელით - „დედისერთა ფაშისტი“, რომელიც კიდევ ერთი რადიკალური დაჯგუფების - „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერია. გიორგი ჭელიძე 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დააკავეს. 2 სექტემბერს მას პროკურატურამ ბრალად წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა. მიმდინარე წლის 24 მაისს კი, სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
გამოკვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ შესამჩნევია ისეთი ნეონაცისტური დაჯგუფებების აქტიურობა, როგორებიც არიან „ქართული ძალა”, „ბერგმანი”, „დინამო ულტრას”, „ედელვაისი“, რომლებიც საპროტესტო აქციებს ნიღბებითა და „თეთრი ნაციონალიზმის“ სიმბოლიკით ატარებენ. მათი ძირითადი მოწოდებაა „საქართველო ქართველებისთვის“.
ამ დაჯგუფებების იდეები ხშირად ერთმანეთისას ემთხვევა.
თვითმხილველთა თქმით, ნეონაცისტები აგრესიით გამოირჩევიან და შეურაცხყოფას აყენებენ როგორც ტურისტებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს. სავაჭრო ობიექტებში, სასტუმროებში, ბარებსა და კაფეებში ისვრიან მაშხალებს, აზიანებენ სარეკლამო ბანერებსა და ინვენტარს.
„ასეთი საქმეები მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობის და ცემის შემცველი არ არის. აღნიშნული ქმედებები განპირობებული იყო სწორედ ეროვნული სიძულვილის მოტივით, რომელიც იკითხება თითოეული საპ როტესტო აქციის მესიჯებში, მოწოდებებსა თუ აგრესიულ ქმედებებში. სამწუხაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეული საქმე განსხვავებულად შეაფასა და მათში სიძულვილის მოტივი ვერ დაინახა“ - ვკითხულობთ გამოკვლევაში.
რა დანაშაულები მომხდარა საქართველოში დისკრიმინაციის ნიშნით?
საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიზანი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფაა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
2017 წელს სსსკ-ს დაემატა 53-ე პრიმა მუხლი - “სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები”, რომლის პირველივე ნაწილში გაწერილია ის გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ამავე კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულები მძიმდება.
საქართველოს პროკურატურამ 53-ე1 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოკვლევის ავტორებს შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა:
- 2017 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა ხდებოდა 86 საქმის ფარგლებში, საიდანაც ეროვნული ნიშანი შესწავლილი იქნა 1 საქმეში, ეთნიკური ნიშანი - 1 საქმეში, რელიგიური ნიშანი - 10 საქმეში.
- სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ, საიდანაც ბრალდება წარედგინა 2 პირს რელიგიური ნიშნით, 9 პირის ბრალდების საქმეში კი - გარდა გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციისა, 2 პირს ბრალი წარედგინა რელიგიური ნიშნითაც.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეებში, გამოძიების შედეგად, სიძულვილის მოტივი არ გამოიკვეთა, შესაბამისად, ეს არც ბრალდების შესახებ დადგენილე ბაში მიუთითეს.
- 2018 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის 210 საქმის ფარგლებში. აქედან ეროვნული ნიშანი იკვეთებოდა 6 საქმეში, ეთნიკური ნიშანი 2 საქმეში, რასობრივი ნიშანი - 2 საქმეში, რელიგიური - 23 საქმეში.
- სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 151 პირის მიმართ. აქედან 1 პირს ბრალდება წარედგინა ეთნიკური ნიშნით, 1 პირს - რასობრივი ნიშნით, 3 პირს - ეროვნული ნიშნით, 2 პირს კი - რელიგიის ნიშნით.
მედია - სიძულვილის სამსახურში
გამოკვლევაში ასევე მიმოხილულია ის გაზეთები და გამოცემები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ირანის, საუდის არაბეთის, ინდოეთის, პაკისტანის, თურქეთისა თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტების და ლგბტქი თემის წარმომადგენლების მიმართ და ხშირად, ისინი აგრესიისკენ მოუწოდებენ მკითხველს, რის მოტივადაც ქართული იდენტობის, კულტურისა და რწმენის შენარჩუნებას ასახელებენ.
„მედიის მონიტორინგმა აჩვენა, რომ გაზეთები - „ასავალ- დასავალი“ და „ალია“ ხშირ შემთხვევებში არღვევენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს და ავრცელებენ ქსენოფობიურ, რასისტულ და ჰომოფობიურ განცხადებებს“ - წერია გამოკვლევაში და ამ მოსაზრებას თან ახლავს როგორც ამ გაზეთებში დაბეჭდილი შესაბამისი სტატიებიდან ამონარიდები, ფოტოები და ისეთი სათაურები, როგორიცაა: „ირანელების ხელიდან მოკლული ვარ“, „კასპი ჩინელების გარეშე“ და სხვა.
გამოკვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ „სხვა ჯურის რეზერვაციების“ და „ანტიკულტურის“ შიში - ქსენოფობია ჩვეულებრივი მოვლენაა ამ გამოცემების ფურცლებზე" და კვლევაში არაერთი მსგავსი მაგალითია მოყვანილი. მაგალითად, ასეთი:
- „მიდით და ნახეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დუბაის თუ ყატარის რეისებს როგორ ჩამოჰყავთ არაბების ათცოლიანი ოჯახები, ერთი ბატალიონი ბავშვებით.“
გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ ჰომოფობიური განწყობების გაღვივება კიდევ ერთი აქტუალური თემაა ზემოაღნიშნული ბეჭდური მედიასაშუალებებისთვის.
ერთ-ერთი მათგანი აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, თუ როგორ გაუსწორდა ფაშისტური გერმანიის რეჟიმი LGBT თემს და წერს რა კარგი შედეგი მოიტანა ამ ქმედებამ გერმანიისთვის. ფაქტი აღწერილია სისასტიკით, ხოლო თემის წარმომადგენლები თითქმის ყველა სტატიაში მოხსენებულები არიან ჰომოფობიური ტერმინებით.
მედიის სტანდარტების დარღვევა ამ კუთხით ხშირია ონლაინგამოცემებშიც - გამოკვლევაში მოყვანილია რამდენიმე ასეთი გამოცემის მაგალითიც, სადაც სიძულვილის ჯგუფების გაშუქებისას მკითხველს/მაყურებელს უბრალოდ ინფორმაციას გადასცემენ, რითაც ხელს უწყობენ სიძულვილის ენისა და ნარატივის გავრცელებას და არსად უთითებენ, რომ ისინი ემიჯნებიან მათ იდეებს ან უპირისპირებენ კრიტიკულ აზრს.
გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ ოგიერთი მედიასაშუალება, რომელსაც არც თუ მცირე მომხმარებელი ჰყავს, ფაქტობრივად, პლატფორმაა სიძულვილის ჯგუფებისთვის.
ასეტებად მიიჩნევს „ჩართულობისა და განვითარების ცენტრი“ მაგალითად საიტს - marshalpress.ge, რომელსაც Facebook-ზე 30 000 ადამიანი იწონებს, „რეპორტიორს“ , მისსავე „ქართულ აზრს“ , „საქართველოს და მსოფლიოს”, „ალტ-ინფოსა“ და სხვებს.
სიძულვილის ენის კონკრეტულ მაგალითებს გამოკვლევაშია უფრო დაწვრილებით არის თავმოყრილი.
რეკომენდაცია შსს-ს, პროკურატურას, საქართველოს მთავრობას
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია შეიქმნას სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ერთიანი მონაცემთა ბაზა.
„ეს ხელს შეუწყობს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების დროულ შესწავლასა და ეფექტურ გამოძიებას. კერძოდ, ერთიანი ბაზა საგამოძიებო სტრუქტურებს დაეხმარება, რომ მომავალში კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების შესწავლისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიზუსტე და კომპეტენტურობა, რათა თითოეულ შემთხვევაში სწორად გამოიკვეთოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ფაქტები, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, განაჩენის გამოტანისას გამოიყენოს 53-ე1 მუხლი, როგორც დამამძიმებელი გარემოება, მსგავსი ნიშნების არსებობის შემთხვევაში“ - ვკითხულობთ ტექსტში.
ავტორები ასევე მნიშვნელოვანად მიიჩნევენ, მეტი ყურადღება დაეთმოს განათლების სისტემას, რადგანმ მათი სიტყევბით, ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფები, როგორც ეს გამოკვლევც და არსებული საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რეკრუტირების მიზნით ძირითადად 15-25 წლამდე მოქალაქეებთან მუშაობენ. სწორედ ამიტომ არის საჭირო სიძულვილთან ბრძოლის სწავლების ეფექტური ეროვნული მიდგომების დანერგვა როგორც დაწყებითი, ისე საშუალო და უმაღლესი განათლების საფეხურზე.
სიძულვილის პირამიდა
ეს კი არის სქემა, რომელიც ამ ანგარიშის ავტორების აზრით, ნათლად გვიჩვენებს, რომ სიძულვილის ჯგუფების ფორმირების ადრეულ ეტაპზე ჯერ კიდევ შესაძლებელია შევეწინააღმდეგოთ სიძულვილის დამღუპველ გავლენას საზოგადოებაზე:
„განსაკუთრებით კი მისახალგაზრდა ნაწილზე. ჩვენ შეგვიძლია შევძინოთ ახალი სულისკვეთება მსოფლიოში ცნობილ სლოგანს - #neveragain51 (აღარასოდეს) და არ დავუშვათ, რომ ახალგაზრდებმა მოჩვენებითი ნეონაცისტური იდეალების გამო ერთმანეთი დახოცონ“.