მომავალი კვირიდან გუდიაშვილზე აქციები დაიწყება

ორგანიზაცია ”თბილისის ჰამქარი” ლადო გუდიაშვილის მოედანზე საპროექტო სამუშაოების პარალელურად მომავალი კვირიდან პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავს. ”თბილისის ჰამქარი” თბილისის განვითარების ფონდისა და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან სამუშაოების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვეა გუდიაშვილის მოედანზე არაერთი აქცია გაიმართა, სახელწოდებით ”გაამაგრე გუდიაშვილი”. აქციის მონაწილეები თბილისის განვითარების ფონდისა და ინვესტორისაგან მოედნის ავთენტიკურობის შენარჩუნებას მოითხოვენ. როგორც თბილისის განვითარების ფონდში ირწმუნებიან, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად სრულად შენარჩუნდება შენობა-ნაგებობების იერსახე.

ლადო გუდიაშვილის 2 ნომერში, ე.წ. ”ლიტერატურული საქართველოს” რედაქციის პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში, რომლის ფანჯრებიც გუდიაშვილის მოედანზე გადის, უკვე რამდენიმე დღეა ხელოსნები მუშაობენ. შენობაში მათი საქმიანობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ვერც გუდიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა და ვერც ორგანიზაცია ”თბილისის ჰამქრის” წარმომადგენლებმა ვერ მოიპოვეს. რამდენიმე დღის წინ გუდიაშვილის მოედანზე სპონტანური აქციაც გაიმართა მოთხოვნით, რომ თბილისის განვითარების ფონდისა და ინვესტორი კომპანია "ირაო მაგნატ გუდიაშვილის" ხელმძღვანელობას საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდებინა იმის თაობაზე, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედანზე. მაგრამ მიუხედავად მიცემული პირობისა, რომ 27 აპრილს, საღამოს 6 საათზე, აუცილებლად შეხვდებოდნენ ”თბილისის ჰამქრის” წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას, პირობა პირობად დარჩა. ალეკო ელისაშვილმა, ”თბილისის ჰამქრის” უსტაბაშმა, პირადად მიიღო მათგან დაპირება შეხვედრის თაობაზე.

”ვთხოვეთ ყოფილიყო საჯარო შეხვედრა და აეხსნათ, თუ რა ხდება გუდიაშვილის მოედანზე და კონკრეტულად გუდიაშვილის 2 ნომერში. იქნებ ძალიან კარგი რამ ხდება და, პირიქით, ჩვენც მათ გვერდით უნდა დავდგეთ. მათ მომცეს პირობა, რომ იქნებოდა შეხვედრა. მას შემდეგ ორი დღის განმავლობაში ვურეკავდი, მესიჯებს ვუგზავნიდი, ვახსენებდი, რომ 27 აპრილს, 6 საათზე, შეხვედრაზე ვიყავით შეთანხმებულები, მაგრამ არავინ გამოჩნდა”, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
გარანტიას ვიძლევი და კიდევ ერთხელ ვამბობ, „ლიტერატურული საქართველოს“ შენობას არანაირი საფრთხე, მით უმეტეს, დემონტაჟი არ ემუქრება. ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც ამ შენობას დემონტაჟისგან დავიცავთ...
გიორგი საბანაძე

რადიო თავისუფლება თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს გიორგი საბანაძეს დაუკავშირდა. დიახ, მე დავპირდი ალეკო ელისაშვილს, რომ შეხვედრაზე მივიდოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა შეხვედრების გამო მისვლა ვეღარ მოვახერხეო, გვეუბნება ის. რაც შეეხება იმას, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს გუდიაშვილის 2 ნომერში, რადიო თავისუფლების მსმენელს ამ სამუშაოების მნიშვნელობას გიორგი საბანაძე ასე განუმარტავს:

”მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც დაკავშირებულია პროექტირებასთან. კერძოდ, იმისათვის, რომ მომზადდეს რესტავრაციისა და გამაგრების სრულყოფილი პროექტი, საპროექტო სტადიისათვის საჭიროა, რომ გაკეთდეს ანათალები, შენობა გაიწმინდოს ძველი ნალესისგან. ასევე საჭიროა გაკეთდეს შურფი, რათა დადგინდეს ფუნდამენტის მდგომარეობა. გარანტიას ვიძლევი და კიდევ ერთხელ ვამბობ, „ლიტერატურული საქართველოს“ შენობას არანაირი საფრთხე, მით უმეტეს, დემონტაჟი არ ემუქრება. ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც ამ შენობას დემონტაჟისგან დავიცავთ.”

შეგახსენებთ, რომ ლადო გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობა-ნაგებობები თბილისის განვითარების ფონდის საკუთრებაა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შიში იმის თაობაზე, რომ ისტორიულ მოედანზე მდებარე შენობა-ნაგებობების იერსახე შეიცვლება, უსაფუძვლოა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მარტის ბოლოს თბილისის განვითარების ფონდსა და კომპანია "ირაო მაგნატ გუდიაშვილს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ინვესტორი უფლებამოსილია მხოლოდ და მხოლოდ დამტკიცებული პროექტების შემდეგ განახორციელოს გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. როგორც გიორგი საბანაძე განგვიმარტავს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტებზე მუშაობა, მათი დასრულების შემდეგ ის გამოქვეყდნება და, შენიშვნების შემთხვევაში, მისი დახვეწაც იქნება შესაძლებელი.

მიუხედავად თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის განცხადებებისა, ”თბილისის ჰამქრის” წარმომადგენელი თამარ ამაშუკელი შიშობს, რომ გუდიაშვილის 2 ნომერში მიმდინარე სამუშაოებმა შესაძლოა დაზიანებული შენობის ჩამონგრევა გამოიწვიოს.

”ჩვენ გავქვს ეჭვი და ამის გამოცდილება თბილისში უკვე გვაქვს ”იმელის” შენობასთან დაკავშირებით, როდესაც არ არსებობდა პროექტი და, მით უმეტეს, არც დემონტაჟის ბრძანება და, მიუხედავად ამისა, ინვესტორმა გაწმენდითი სამუშაოების საფარქვეშ თითქმის მთლიანად განახორციელა შენობის შიდა დემონტაჟი. ჩვენ გვეშინია, რომ გუდიაშვილის 2 ნომერთან დაკავშირებითაც შეიძლება მოხდეს იგივე, ანუ მათ შეუქმნან საფრთხე ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ შენობას, კიდევ უფრო დაამძიმონ მდგომარეობა, შემდეგ ეს შენობა დაინგრეს და ამ დანგრეულ შენობაზე უფრო ადვილი იქნება პროექტის გაკეთება”, - ამბობს თამარ ამაშუკელი.

საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, თბილისის ჰამქარი უკვე მომავალი კვირიდან აქტიური კამპანიის წარმოებას იწყებს. გაიმართება კონკრეტული და პერმანენტული აქციები, ამბობს ცირა ელისაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტი. თუმცა, გარდა აქციებისა, იგეგმება სხვა ტიპის ღონისძიებებიც:

ცირა ელისაშვილი


”ჩვენ დავუკავშირდებით საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩამოვიყვანთ იმ დარგის სპეციალისტებს, რომლებიც კონსერვაციის და რესტავრაციის საკითხებზე მუშაობენ. ისინი გააკეთებენ თავიანთ შეფასებას, თუ რა ხდება ქალაქში და ეს იქნება ისეთი აქცია, რომელიც არ იქნება დაკავშირებული მხოლოდ გუდიაშვილის მოედანთან.”

აქვე გეტყვით, რომ მოედანი, რომელიც ამჟამად ლადო გუდიაშვილის სახელს ატარებს, დაახლოებით 600-წლოვან ისტორიას ითვლის. მოედანს ჯერ აბასის, შემდეგ ალავერდოვის სახელი ერქვა და, ბოლოს, ლადო გუდიაშვილის სახელი დაერქვა. მის გარშემო ძირითადად ე.წ. ბანიანი სახლები იდგა, თუმცა უკვე მე-19 საუკუნიდან მის გარშემო თბილისური ტიპის აივნიანი სახლების მშენებლობა დაიწყო. თეთრი ხის აივნებიანი ცისფერი სახლი, რომელსაც ახლა ”ლიტერატურული საქართველოს” შენობას უწოდებენ, 1820-იან წლებში აშენდა როგორც საცხოვრებელი სახლი. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი თბილისური ტიპის ნაგებობაა, რომელიც დღემდე შემორჩა და მას ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.