შეკითხვები თბილისის მერობის კანდიდატებს: ნიკა ივანიშვილი

ნიკა ივანიშვილი, ”სახალხო დემოკრატების” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი

რადიო თავისუფლება აგრძელებს თბილისის მერობის კანდიდატების პროგრამების გაცნობას. 27 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის შეკითხვებს უმუშევრობის, სოციალური პრობლემებისა და ჯანდაცვის, ქალაქის განვითარებისა და ეკოლოგიის საკითხებზე პასუხობდა ”სახალხო დემოკრატების” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი.

1. პრობლემა, რომელიც თბილისელებს ყველაზე მეტად აწუხებთ, არის უმუშევრობა. თქვენ თუ აპირებთ გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შექმნას და, საერთოდ, როგორ აპირებთ ამ პრობლემასთან ბრძოლას?

მერობის კანდიდატები, რომლებიც სამუშაო ადგილებს ჰპირდებიან ამომრჩევლებს, იტყუებიან, რადგან მსოფლიოში ვერც ერთი ხელისუფლება -ვერც ადგილობრივი და ვერც ცენტრალური - სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის. ხელისუფლებები ქმნიან პირობებს ბიზნესისთვის, რათა ბიზნესმა დაასაქმოს ადამიანები. საქართველოში - იმ პირობებში, როცა ბიზნესს თავზე ასხედან კლანები და ხელისუფლებას მარწუხებში ჰყავს მოქცეული ბიზნესები - საჭიროა ხელისუფლების ნება სამუშაო ადგილების შესაქმნელად. შეუქმნან პირობები თბილისში - და, თუ გნებავთ, თბილისის გარეთ - აგრარული საკითხების განვითარებას. სოფლის მეურნეობის ქვეყანა ვართ და შეიძლება რაღაც გადაწყვეტილების მიღება იმპორტთან და ექსპორტთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემაა ბიზნესის მარწუხებისგან გათავისუფლება, მისცე ბიზნესს საშუალება, რომ თვითგანვითარებაზე იზრუნოს და დაასაქმოს ადამიანები.

ჩვენ ვამბობთ, რომ თუ თბილისელები მე და ”სახალხო დემოკრატებს“ მოგვცემენ ხმას, ჩვენი მოვაწესრიგებთ ურთიერთობას სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, მე ვიქნები ყველა ბიზნესმენის დამცველი და ყველა იმ ადამიანის, ვინც მეწარმეობით იქნება დაკავებული, სასამართლომდეც კი.

მთავარი მარწუხი მაინც რა არის?

საკანონმდებლო დონეზეც კი არ არის მოგვარებული სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობა. სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობა უნდა გახდეს პარტნიორული და არამც და არამც დამსჯელი და შემწუხებელი. ჩვენ ბიზნესთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე სახის მიდგომა. ის ადამიანები, რომლებიც წვრილი ვაჭრობით არიან დაკავებული, ისინი საერთოდ უნდა გავათავისუფლოთ გადასახადებისგან. ფისკალურად ამ ადამიანების მიერ გადახდილი 2-3 ლარი სახელმწიფოს არაფერს აძლევს და მათი გათავისუფლება გადასახადებისგან უფრო სოციალური პრობლემის მოგვარებად მიმაჩნია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული. მივცეთ საშუალება წვრილ მეწარმეებს გახდნენ საშუალო და მსხვილი მეწარმეები და თუ ისინი ამას შეძლებენ, შემდეგ მივუყენოთ ის გადასახადები, რომლებიც ასევე დაყოფილი იქნება.

2. სოციალური პრობლემები ახსენეთ და გადავიდეთ სწორედ ამ თემაზე. რა უნდა გაკეთდეს, თქვენი აზრით, სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ან შესამსუბუქებლად მაინც? მინდა განსაკუთრებით ჯანდაცვის თემაზე გავამახვილო ყურადღება. ამ კუთხით რის გაკეთებას გეგმავთ?

ჩვენი პარტია სულ 3 თვეა შეიქმნა და 3 თვის შექმნილმა პარტიამ, რაც უნდ გასაკვირი იყოს, რამდენიმე დღის წინ წარადგინა ეკონომიკური ხედვის პლატფორმა. მხოლოდ ჩვენ და ”ალიანსს საქართველოსთვის” ჰქონდა საკუთარი პროგრამა, თუ რას აპირებდნენ. დანარჩენი პარტიები, რომ დავაკვირდი, უპროგრამოდ გამოდიოდნენ, ვგულისხმობ დაწერილ პროგრამას.

ეჭვგარეშეა, რომ თბილისში უნდა არსებობდეს მუნიციპალური საავადმყოფო, რადგან უამრავ ადამიანს ექიმთან მისასვლელი და საკონსულტაციო ფულიც არ აქვს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის პოლიკლინიკები, რაც ადრე არსებობდა, და ისინი უნდა იყოს მუნიციპალური. ნაკლებხარჯიანი იქნება ქალაქის ბიუჯეტისთვის პოლიკლინიკები და შედეგიანი იქნება.

ჩვენ შემოგვაქვს 3 ტიპის სადაზღვევო პაკეტი. ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა, სახელმწიფომ უნდა აიღოს მათი დაზღვევა საკუთარ თავზე, მათთვის უნდა იყოს უფასო პირველადი სამედიცინო დახმარება და მედიკამენტები. ასევე ეს იქნება 16 წლამდე მოზარდებისთვის. მაშინ, როცა ბიზნესი გათავისუფლებული იქნება მარწუხებისგან, გვინდა დავავალდებულოთ დამქირავებელი, რომ თანამშრომლებს შეუქმნას სოციალური გარანტიები, ანუ დააზღვიოს ის.

და ეს არ არის მარწუხი? ავალდებულებთ ხარჯის გაწევას?

არა, ეს არ არის მარწუხი. დღევანდელი კანონმდებლობით, დამქირავებელს არანაირი ვალდებულება დაქირავებულის წინაშე არ აქვს: მას ნებისმიერ დროს შუძლია გაუშვას სამსახურიდან თანამშრომელი ისე, რომ სასამართლოს გზითაც ის იყოს გამართლებული. ასეთია დღევანდელი ჩვენი შრომის კანონმდებლობა. მას შეუძლია 8 თვის ორსული თანამშრომელი გაუშვას სამსახურიდან.

იმაზე არაფერს ვამბობ, მომწონს თუ არა ეს. უბრალოდ, ბიზნესისგან ამას შეიძლება უკმაყოფილება მოჰყვეს.


ეს იქნება არა კლანებისგან მარწუხი, არამედ საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული მოთხოვნა. სახელმწიფო მთლიანად ვერ გასწვდება სოციალური პრობლემების მოგვარებას. მთელი ქვეყნის ბიუჯეტის 80% იქნება მომართული მხოლოდ სოციალურ დაცვაზე და ამას ვერ გაუძლებს. განვაგრძობ სადაზღვევო პაკეტებზე საუბარს. მესამე პაკეტი იქნება შეძლებული ადამიანებისათვის, რომლებსაც თავად შეუძლიათ აირჩიონ სასურველი სადაზღვევო პაკეტი და, ვფიქრობ, ეს თანაბარ პირობებში ჩააყენებს ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

მე გავაპროტესტე, როცა, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, თბილისელ პენსიონერებს 10 ლარით მოემატათ პენსია. მე მომატების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თბილისელი, თელაველი და ქუთაისელი პენსიონერის ასეთ განსხვავებულ პირობებში ჩაყენება არც ადეკვატურია და არც ქვეყნის ხელისუფლების მზრუნველი ნაბიჯია.

გუშინდელი აღლუმიც რომ ავიღოთ - როგორ შეიძლება ხელისუფლებამ დაყოს ადამიანები მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად? მე ვიყავი მისული ვაკის პარკში, სადაც შეიკრიბნენ ვეტერანები. დავიჯერო მათი დაპატიჟება არ შეიძლებოდა აღლუმზე? ვაკის პარკში იყო 5 გენერალი, 20 პოლკოვნიკი, ინვალიდი ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირეს ქვეყანას. ასეთი დაყოფის წინააღმდეგი ვარ, საერთოდ.

3. ახლა გადავიდეთ ქალაქის მეურნეობის თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის - ეს შეეხება ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს, წყალმომარაგებას და ტარიფებს. რეკლამებში ხშირად ისმის ხოლმე ტარიფების დაწევის თემა.

სახელმწიფომ, რომელმაც გაყიდა ”თელასი” ამერიკულ კომპანია „ეი-ი-ეს“-ზე, მაშინ ხელშეკრულებაში ნათქვამი იყო, რომ ტარიფი არ შეიცვლებოდა, თუ ლარის კურსი არ შეიცვლებოდა დოლართან მიმართებაში. მაგრამ მაშინ, როცა 2 პუნქტით შეიცვალა ლარის კურსი, დენის ტარიფი ყოველთვიურად იზრდებოდა და იზრდებოდა. იმ პოლიტიკურ პარტიებს მივმართავ, რომლებიც ჰპირდებიან დაბალ ტარიფებს, მოიკითხონ ის ხელშეკრულება და გაარკვიონ ვის ჯიბეში მიდის მოგების ის დიდი მარჟა. მაგრამ საოცარი ის არის, რომ სახელმწიფოს მიერ კერძო ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას თქვენ ვერ მოიძიებთ.

ტარიფების მიმართ ჩვენი მიდგომა ასეთია: ვინც იბრძოლებს ტარიფების დაწევაზე, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ, მაგრამ არარეალური დაპირებები, როგორიც არის 0 თეთრი, 21-ე საუკუნის საქართველოში და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მიმაჩნია არასწორ მიდგომად. უფასო რაღაცების დრო დამთავრდა. უფასო არაფერი არ იქნება. მე-9 სართულზე რომ ცხოვრობ და ონკანს მოუშვებ და წყალი წამოვა, ეს წყალი უფასო ვერ იქნება, რადგან მის ტარიფში მთელი სისტემის და მომსახურე პერსონალის ანაზღაურების თანხაა შესული. ამიტომ ცოტა რეალისტები ვიყოთ. ისე, ჩვენი საზოგადოება კარგად გაიზარდა და ყველა ხვდება, ვინ რისთვის არის მოწადინებული.

პი-არ თანამშრომლებმა მირჩიეს, იმისათვის, რომ ამომრჩევლების მეტი რაოდენობა მომეზიდა, რაღაც დაპირებები გამეცა, რომელიც სრულიად არარეალური იყო, მაგრამ მე შიდაპარტიულ შეხვედრაზე განვაცხადე, თუ ასეთ დაპირებებზე წახვალთ, მაშინ ეძებეთ ახალი ლიდერი-მეთქი. ჩვენ ახალი პარტია ვართ და, საერთოდ, არ არის ჩვენს ინტერესში ტყუილი დაპირებებით დავიწყოთ საქმე.

ქალაქის ამჟამინდელი ხელისუფლება ამბობს, რომ ის ინფრასტრუქტურა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, სწორედ მათი დამსახურებით შეკეთდა, ასევე, მაგალითად, გზებიც.


რომელი გზები, რომლებიც დაგებიდან 3 თვეში ფუჭდება? ქალაქის გენერალური გეგმა ტელევიზიების წინ განიხილა დღევანდელმა მთავრობამ. ამას მე დავარქვი ”სადღეგრძელო თბილისზე”, რადგან მხოლოდ მედიისთვის იყო ის განხილული.

მინდა გითხრათ, რომ არავითარი ქალაქგანვითარების გეგმა არ არსებობს. უმძიმესი მდგომარეობაა ტრანსპორტის თვალსაზრისით. შეიძლება ფეხით მოსიარულეთა ადგილას მანქანები იყოს გაჩერებული? სრულიად დაუბალანსებელია ტრანსპორტის მოძრაობა ქუჩაში. არ შეიძლება სადისტრიბუციო მანქანებმა დაასრულონ მაღაზიების მომსახურება დილის 8 საათამდე, რომ შემდეგ ამ მანქანებმა პრობლემები არ შეუქმნან გადაადგილებისათვის სხვებს? ნუთუ არ შეიძლებოდა, 16 მლნ ლარი რომ გაისროლეს აეროპორტიდან რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე, ეს თანხა მიემართათ მეტროსადგურ ”მაღლივი კორპუსის” დასამთავრებლად, სადაც ბევრი სტუდენტი მოძრაობს? ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. სულ 4 ბილეთი გაყიდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ რკინიგზამ. არ ჯობდა მეტრო გაეხსნათ იმავე მიმართულებით? ახლა აეროპორტიდან წამოსული მატარებლის მგზავრი თბილისის ზღვაზე უნდა ჩამოვიდეს, როცა გადაიტანენ რკინიგზას თბილისის ზღვაზე, და მერე იქიდან საბურთალოზე მიმავალ მგზავრს იგივე თანხა უნდა დაუჯდეს, რაც პირდაპირ აეროპორტიდან დასჭირდებოდა.

ჩვენი მთავარი დაპირება არის ის, რომ თბილისის ბიუჯეტი იქნება გახსნილი და თვალნათლივ დაინახავს ყველა მოქალაქე, თუ სად მიდის მათ მიერ გადახდილი გადასახადები.

4. შემდეგი საკითხია ქალაქის იერსახე. სხვადასხვა პარტიები სხვადასხვაგვარად ხედავენ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი ისე, რომ შეინარჩუნოს თავისი ტრადიციული იერსახე და თან არც თანამედროვე ფეხის ხმას ჩამორჩეს. თქვენი ხედვა როგორია ამ მხრივ?

ისევ და ისევ უნდა შევეხო გენერალურ გეგმას. მე ვმუშაობდი ქალაქის მერიაში გარკვეული ხნის წინ და მაშინ ძალიან ბევრი მშენებლობა არ იწარმოებოდა, იმიტომ რომ ის არ ჯდებოდა ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში. დღეს 2 კაცის, უფრო სწორად, ერთი კაცის - პრეზიდენტის - ნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი, ქალაქში რაც კი შენდება. ძალიან კარგია, რომ მოგვეცა საშუალება თბილისელებს ავირჩიოთ ჩვენი მერი, რადგან ჩვენი არჩეული მერის საკითხებში პრეზიდენტი ვერანაირად ვერ ჩაერევა. აი, საკრებულოს რომელიმე წევრის სახელი და გვარი თუ იცით, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილის გარდა?

სევდია უგრეხელიძე ვიცი.

ძალიან კარგი, თქვენ წინ ხართ, მაგრამ საკრებულოს ყველა წევრის სახელი, გვარი და საქმიანობა უნდა იყოს ცნობილი, საზოგადოება უნდა აფასებდეს პოლიტიკოსებს მათი გადადგმული ნაბიჯებით და არამც და არამც იმით, თუ რას ჰპირდებინ ისინი ადამიანებს.

რაც შეეხება იერსახეს, ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება ზრუნავს იერსახეზე, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ძალიან დიდი გარდატეხა. შეიძლება ის ობელისკი, რომელიც გმირთა მოედანზე გაიხსნა, მე არ მომწონდეს, მაგრამ ეს გემოვნების საკითხია და, საერთოდ, ახალი არქიტექტურული ნაგებობები ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდება ხოლმე, მაგრამ მერე, თვალი რომ მიეჩვევა, შეიძლება ახლობელიც კი გახდეს.

მე მინდა, რომ ქართველი დიზაინერები, არქიტექტორები იყვნენ იმაში ჩართული, რაც მათ სულთან უფრო ახლოა, და არ ჩამოგვეყვანა იტალიელი და ფრანგი სპეციალისტები. სამუშაო ადგილებიც შეიქმნებოდა ასე. გამოეცხადებინათ კონკურსები - ამაშიც არის ხელისუფლების შეცდომა. ყველაფერი უნდა იყოს ღია და საჯარო. პრეზიდენტის მანქანაში კი არ უნდა წყდებოდეს ამა თუ იმ ობელისკის ბედი, არამედ უნდა გამოცხადდეს კონკურსი. არაფერს ვამბობ ”ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეზე”. გავიარე იმ დღეს და მომეწონა, მშვენივრად უზრუნიათ არქიტექტორებს. იმედია, რომ ქართველებმა გააკეთეს, მაგრამ ამ ფასადების მიღმა ხალხი გაუბედურებულ მდგომარეობაში ცხოვრობს. არ შემიძლია, ეს რომ არ ვთქვა. მართალია, ოპოზიციონერივით კრიტიკაზე გადავედი, მაგრამ სწორედ ამ ფასადურმა მიდგომებმა შიგნით დიდი პრობლემები შექმნა.

5. ბოლო თემა არის ეკოლოგია.რა უნდა გაკეთდეს ეკოლოგიური თვალსაზრისით იმისათვის, რომ ქალაქი იყოს უფრო სუფთა, უფრო მწვანე?

ჩვენ პროგრამაში ძალიან დიდ ადგილს ვუთმობთ ეკოლოგიურ საკითხებს. ”მწვანეთა პარტიას”, რომელსაც ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილეობის ნება არ დართო იმის გამო, რომ ერთ-ერთი პარტიის წევრის პირადობის მოწმობის ნომერი შეცდომით იყო მითითებული რეგისტრაციის დროს, ჩვენ შევთავაზეთ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენა ჩვენი სიით, იმიტომ რომ „მწვანე“ თემატიკა ჩვენთვის ძალიან ახლოსაა. მინდა გავაპროტესტო რკინიგზის გადატანა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე - არა იმ თვალსაზრისით, რომ ამან შეიძლება ქალაქის ცენტრში გამოათავისუფლოს კარგი ადგილები ბიზნესის გასავითარებლად, არამედ იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის ზღვის წყლით საზრდოობენ. პატარა ავარიის შემთხვევაში თბილისელების ძალიან დიდი ნაწილი დიდი საშიშროების წინაში დადგება. მინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს განხილვის საგანი და საზოგადოებამ საკუთარი აზრი დააფიქსიროს ამ თემებზე.

ბოლოს, თუ არის ისეთი თემა, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და გსურთ საუბარი?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და გამოხატოს თავისი ნება. მინდა, რომ მოქალაქეებმა თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა. მხოლოდ მიტინგის დონეზე ქვეყნის ბედის განხილვა, ვფიქრობ, არასწორია. ჩვენ უნდა დავასრულოთ არეულობები და რევოლუციები, რაც ჩვენს განვითარებას აფერხებს, და უნდა ვიცხოვროთ არჩევნებიდან არჩევნებამდე. მიდით, ვინც თქვენ მოგწონთ, ის შემოხაზეთ, ოღონდ არ დარჩეთ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მიღმა.