Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკითხვები თბილისის მერობის კანდიდატებს: გიორგი ლაღიძე


გიორგი ლაღიძე, პარტია ”მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი
გიორგი ლაღიძე, პარტია ”მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი
რადიო ”თავისუფლება” აგრძელებს საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გაცნობას. 20 მაისს რადიო ”თავისუფლების” დილის გადაცემის შეკითხვებს უმუშევრობის, სოციალური პრობლემებისა და ჯანდაცვის, ქალაქის განვითარებისა და ეკოლოგიის საკითხებზე პასუხობდა პარტია ”მომავალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე.

1. თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა, რომლითაც აპირებთ ამ პრობლემის დაძლევას?

თბილისის ყველა რაიონში ვხვდები ამომრჩევლებს და მათი მთავარი პრობლემა არის ის სოციალური დონე, რაც ჩვენს დედაქალაქშია. მიმაჩნია, რომ ახლად არჩეულმა მერმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყანაში და დედაქალაქში შემცირდეს უმუშევართა რიცხვი. ჩვენს პროგრამაში დეტალურად გვაქვს გაწერილი, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ უმუშევრობას. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხარჯზე შესაძლებელია მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. ჩვენს დედაქალაქში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დასაქმებულია სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში და სახელმწიფოს მხრიდან უნდა გამოიყოს თანხები, რათა დაფინანსდეს პროექტები და ამით განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი. დედაქალაქში არის გაჩერებული უამრავი საწარმო, მუშახელი არის მოცდენილი და ეს ადამიანები საკუთარი პროფესიის მიხედვით არ მუშაობენ. პირველ წელს, ალბათ, ვერ მოხერხდება,მაგრამ ნელ-ნელა, ალბათ, შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვის ხარჯზე ამ საწარმოების ამუშავება და ადამიანების დასაქმება. მიმაჩნია, რომ გარკვეულ უწყებებში უნდა მოხდეს საკადრო წმენდა, რის საფუძველზეც უნდა მოვიდნენ ის ადამიანები, ვინც ამ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში უკანონოდ გაათავისუფლა სამსახურებიდან და თუ იქნება გონივრული მიდგომა, მეტი ადამიანი დასაქმდება.

რომელ უწყებებში უნდა ჩატარდეს ეს საკადრო წმენდა. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია და ხომ არ გამოიწვევს უკურეაქციას?

საკადრო წმენდა უნდა ჩატარდეს მუნიციპალურ საწარმოებში. ძალიან ცუდია, როცა კვალიფიციური ადამიანები არიან უმუშევარი და ნაკლებად კვალიფიციურები მუშაობენ. ჩვენ იმ ადამიანებსაც უნდა მივუჩინოთ ადგილი, რომლებიც დღეს მუშაობენ, რომ მათ შეძლონ გამოკვებონ თავიანთი ოჯახები, მაგრამ პროფესიონალების ცოდნაც არ უნდა იყოს დაკარგული. ამასთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სწორად მოხდება დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმარება. ძალიან ხშირად ჩვენი ხელისუფლება ხალხისათვის ნაკლებად საჭირო პროქტებში ხარჯავს ფულს, როცა შეიძლება ამ ფულის გადაქაჩვა სოციალურ პროექტებში. ძალიან დაბალია დღეს თბილისში მოქალაქეების სოციალური დონე.

რა კონკტერულ გეგმაზე საუბრობთ,? თქვენ ახსენეთ საწარმოების გახსნაც. რა კონკრეტული საწარმოები იგულისხმეთ?

დედაქალაქში არის ძალიან ბევრი საწარმო გაჩერებული. მათი ამუშავება ეტაპობრივად უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვის ხარჯზე და თავისთავად დედაქალაქის ბიუჯეტიდანაც უნდა გამოიყოს კონკრეტული თანხები. ბიუჯეტი უძირო არ არის, მაგრამ უნდა გამოინახოს თანხები. მინდა შევეხო გარე ვაჭრობის თემას. ჩვენი ქალაქის დიდი ნაწილი გარე ვაჭრობით ირჩენს თავს. ხელისუფლება ამ ადამიანებს გასული წლების განმავლობაში აწიოკებდა და უსპობდა ლუკმაპურის ფულის შოვნის საშუალებას. ამ ადამიანებს დედაქალაში ხელისუფლებამ უნდა მიუჩინოს ადგილი, სადაც ისინი კომფორტულად შეძლებენ საქმიანობის განხორციელებას. კარგად მახსოვს ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდიდან, როგორ ავიწროებდა ხელისუფლება ამ ადამიანებს და სთხოვდა სალაროაპარატების დადგმას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაწესდეს გარე მოვაჭრეებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის მიზერული ფიქსირებული გადასახადი, რათა ამ ადამიანებმა მოითქვან სული.

60 წელს გადაცილებულ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ დაფასება, არც ერთი სამედიცინო კომპანია არ აზღვევს მათ.

2. შემდეგი საკითხი სწორედ ამას ეხება - სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას. როგორ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას ?

დედაქალაქის ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს 60 წელს გადაცილებული ადამიანები და მათი დაზღვევა უნდა იყოს უფასო. ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისი იქნება 120 მლნ ლარის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა იმისათვის, რომ გავხსნათ პირველ წელს ერთი მუნიციპალური საავადმყოფო და აფთიაქი, სადაც პენსიონერებს, ომისა და შრომის ვეტერანებს, დევნილებს უფასოდ მოემსახურებიან.

მინდა შევეხო დევნილების საკითხს, ისინი უმწვავესი პრომლემების წინაშე დგანან დედაქალაქში და არამარტო აქ. ისინი არიან კომპაქტურად ჩასახლებული. მათ, ძირითადად, აწუხებთ ბინების დაკანონების თემა. დღემდე ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა პოლიტიკური ნება ამ ფართების დასაკანონებლად - ვგულისხმობ აფხაზეთიდან დევნილებს. მათ აწუხებთ ინდივიდუალური გამრიცხველიანების პრობლემა. 200 ადამიანზე 1 მრიცხველი უყენიათ, მერე მიდის კონტროლიორი და როგორც უნდა, ისე უწესებს ამ გაჭირვებულ ადამიანებს გადასახადს. როგორც ჩანს, ხელსაც ითბობს. არ აქვთ გაზი და, საერთოდ, საშინელ პირობებში ცხოვრობენ. როგორც ვიცი, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არის გამოყოფილი თანხები მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მათ ამისი არაფერი ეტყობათ. ახლად არჩეულმა მერმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეძლოს დევნილების პრობლემის მოგვარება და ეს ჩვენ პროგრამაში მკაფიოდ გვაქვს ჩადებული, იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს ფართების დაკანონება იმ კატეგორიის ადამიანებისათვის, ვინც სახელმწიფო შენობებში ცხოვრობს, მათ კი, ვინც ქირით ცხოვრობს, უნდა გამოეყოს შენობები და დაუკანონდეს. დევნილის სტატუსი დღეს, სამწუხაროდ, არის სოციალურ-პოლიტიკური სტატუსი. მიმაჩნია, რომ დევნილმა თავი უნდა იგრძნოს როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ.

თქვენ თქვით, რომ მერობის შემთხვევაში დააფინანსებთ სოციალურ პროექტებს, რასაც დღეს არ აკეთებს მერია. რა პროექტები იქნება ეს?

მიმაჩნია, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასი არის ძალიან მაღალი.

კარგად მახსოვს, 2 წლის წინ 20 თეთრიდან როგორ გაზარდა უგულავას მერობის დროს მერიამ 40 თეთრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველა ის მოქალაქე, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდება, არის სოციალურად დაუცველი. შეძლებული ადამიანები გადაადგილდებიან საკუთარი ძვირად ღირებული მანქანებით. რაკი ადამიანს სახლში ტელევიზორი და მაცივარი უდგას და ამის გამო სოციალურმა აგენტმა ქულები არ მიანიჭა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის მდიდარი. მიმაჩნია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის უნდა გახდეს 10 თეთრი და დედაქალაქის ბიუჯეტს აქვს ამის საშუალება, თუ არ მოხდება უსარგებლო პროქტების დაფინანსება. მაგალითად, რიყეზე რომ ხიდი ააშენეს, ეს არის ძალიან ლამაზი ხიდი, მაგრამ გაჭირვებული მოსახლეობისთვის არის ძალიან უსარგებლო. საღამოს რომ ქუჩაში გახვიდეთ, დაინახავთ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ნაგვის ბუნკერში იქექება. მათ უნდათ ელემენტარული ლუკმაპური და ამაზე უნდა იფიქროს დედაქალაქის მერმა. მუნიციპალური ტრანსპორტი სოციალურად დაუცველებისთვის, ვეტერანებისთვის, დევნილებისთვის უნდა იყოს უფასო. პირველივე წელს ეს, ალბათ, ვერ მოხდება, მაგრამ არჩეულმა მერმა ეს უნდა შეძლოს აუცილებლად.

3. შემდეგი საკითხია ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება. როგორია თქვენი ხედვა, ამ მიმართულებით როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი?

მინდა ვისაუბრო დედაქალაქის ურბანულ დაგეგმარებაზე. ამ თვალსაზრისით დედაქალაქში ძალიან ბევრი პრობლემაა. ჯერ ააშენებენ შენობას და შემდეგ წყვეტენ მისი მიზანშეწონილობის საკითხს. დაბალი, პატარა, ავარიული შენობის გვერდით აშენებენ დიდ შენობას და შემდეგ იძახიან, რომ ეს არის ძალიან ულამაზო. ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანია ჩვენს ქალაქში და მათ უნდა ჰკითხონ აზრი. მინდა შევეხო აეროპორტს. ამ ხელისუფლების ერთ-ერთი უგუნური ნაბიჯია, რაც მოხდა აეროპორტში. თურქულმა კომპანიამ ააშენა და შემდეგ ორჯერ თუ სამჯერ გადახადა სახურავი. ეს არის უხარისხოდ გაკეთებული სამუშაო. თუ ეს დაევალებოდა ქართველ პროფესიონალებს, ისინი ძალიან კარგად შეასრულებდნენ ამას დ მუშახელიც დასაქმდებოდა. ეს ხელისუფლება ასფალტს მხოლოდ ქალაქის ცენტრში აგებს, გარეუბანში დაუგებელია ასფალტი. არის ასევე ძალიან ბევრი უსახელო ქუჩა. ზუსტად ვერ მოვიძიე რამდენია ასეთი, მაგრამ ძალიან ბევრია განსაკუთრებით ქალაქის გარეუბნებში ასეთი უსახელო ჩიხი და ქუჩა. ეს საკითხი არის აუცილებლად გადასაწყვეტი.

რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, ვერ შევპირდები მოსახლეობას, რომ წყალი იქნება უფასო და ძალიან დაბალ ზღვრამდე დაიწევს კომუნალური გადასახადების ფასი, თუმც, თუ იქნება ქალაქის მერი პრინციპული, ამ საკითხის გარკვეულწილად დარეგულირება შესაძლებელია მოსახლეობის ინტერესების სასარგებლოდ. მარეგულირებელი კომისია აწესებს კომუნალურ გადასახადებზე ფასს, დედაქალაქის მერს ოფიციალურად აქ ხელი არ მიუწვდება, მაგრამ მერი არის თვითმმართველი, ის საკრებულოსთან ერთად ღებულობს კანონებს და მას შეუძლია თავის დედაქალაქში არ დაუშვას ისეთი ფასები, რომელიც ხელოვნურად არის გაზრდილი.

4. შემდეგი საკითხი ებმის იმ თემას, რომელზეც საუბრობდით. ეს არის ქალაქის იერსახე, ძველი შენობების რეაბილიტაცია, ახლის მშენებლობა. როგორი უნდა იყოს თბილისის იერსახე თქვენი მერობის შემთხვევაში?

ძალიან კარგია, როცა ქალაქში შენდება ამდენი ახალი შენობა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად ხარისხიანად აკეთებენ ამას. ძალიან ბევრმა ფაქტმა გვაჩვენა, რომ ეს ხელისუფლება უხარისხოდ აკეთებს ამ სამუშაოებს, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. კარგად მახსოვს, რამდენიმე ხნის წინ ბათუმში ახალაშენებულ შენობას ქარმა სახურავი გადახადა. აქედან გამომდინარე, მთავარია ხარისხი და პროფესიონალიზმი. მინდა შევეხო დედაქალქში ძალიან მომრავლებული სასტუმროების საკითხს. თუ უკითხავს უგულავას, რამდენი ჩვენი გაჭირვებული მოქალაქე შეძლებს ამ სასტუმროებში შესვლას დ დასვენებას?
ეს სასტუმროები, ალბათ, უფრო დედაქალაქის სტუმრებზეა გათვლილი, არა?

მე როგორც ვიცი, ამ სასტუმროებში ხელისუფლებას სერიოზული წილი აქვს. როცა ვამბობდი, ნაკლებად სასარგებლო პროექტებში ხარჯავს-მეთქი ფულს, სასტუმროებიც ვიგულისხმე. დედაქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს ისე, რომ ქალაქმა არ დაკარგოს თავისი იერსახე. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა მოხდეს ქართველი მუშახელის ხარჯზე.

5. რაც შეეხება ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას, სულ არის საუბარი, რომ ამ ხრივ ქალაქი სავალალო მდგომარეობაშია. თქვენ რას აპირებთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების კუთხით?


ჩვენი დედაქალქისთვის ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. უამრავი ავტომობილი დადის, არის გამონაბოლქვი და დედაქალაქში ჰაერს სჭირდება გაწმენდა. უნდა გაკეთდეს ხელოვნური ტყე-პარკი, გამწვანებები, რაც საშუალებას მოგვცემს განვტვირთოთ ეს დაბინძურებული ჰაერი. უმოწყალოდ იჩეხება წყნეთის მიმართულებით ტყე. წყნეთი არის დედაქალაქის ფილტვები. ნაკრძალად უნდა გამოცხადდეს წყნეთის ტყე-პარკი, მთაწმინდის მიმართულებით ნარგავებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და პატარ-პატარა სკვერების გაშენების ხარჯზე შესაძლებელია ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი პრობლემა ავიცილოთ.

მთელი ფეკალური მასები დღეს ჩაედინება მტკვარში, რაც ქმნის საშინელ ანტისანიტარიას. ეს პრობლემა არის მოსაწესრიგებელი, უნდა აშენდეს გამწმენდი ნაგებობები და მტკვარს უნდა ავაცილოთ ეს ფეკალური მასები. სანიაღვრე სისტემები არის მოსაწყობი, დედაქალაქში თუ მოვა ძლიერი წვიმა, ტბორები დგება ძალიან ბევრ ქუჩაზე. სანიაღვრე სისტემები სწორად უნდა იყოს გათვლილი. ამ საკითხზე პროფესიონალებთან მისაუბრია.

გვინდა მოგცეთ საშუალება, რომ იმ საკითზე ისაუბროთ, რასაც ვერ შევეხეთ. რომელია ეს საკითხი?

ხშირად მეკითხებიან, რატომ გადავწყვიტე მერად კენჭისყრა. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში და ვიყავი ყოველთვის იქ, სადაც დედაქალაქის მოსახლეობას უჭირდა და ვხედავ, რომ დედაქალაქის მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა და, ხშირ შემთხვევაში, ეს პრობლემები შეუქმნა არსებულმა ხელისუფლებამ. ყველა ის ადამიანი, ვინც მერობაზე იყრის კენჭს, იყო ხელისუფლებაში, ახლა გადმოვიდა ოპოზიციაში და ისევ უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება. მე არასოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად შევქმენი პოლიტიკური პარტია ”მომავალი საქართველო” და ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ დედაქალაქში შეიცვალოს ის მძიმე ყოფა, რომელშიც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ. ამ ქალაქში ირღვევა სოციალური უფლებები, მერე - სამართლებრივი უფლებები და პიროვნული უფლებები. ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, საშინელი მდგომარეობაა და მე მინდა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვმართო თბილისი.
XS
SM
MD
LG