Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკითხვები თბილისის მერობის კანდიდატებს: დავით იაკობიძე


დავით იაკობიძე, ”თორთლაძე - დემოკრატიული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი
დავით იაკობიძე, ”თორთლაძე - დემოკრატიული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი
26 მაისს რადიო თავისუფლების წინასაარჩევნო რუბრიკის სტუმარი იყო დავით იაკობიძე, ”თორთლაძე - დემოკრატიული პარტიის” მიერ წარმოდგენილი თბილისის მერობის კანდიდატი. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია თბილისში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა. იაკობიძე თვლის, რომ თბილისში არსებული ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით შესაძლებელი იქნება თანამედროვე წარმოების განვითარება და ამ გზით ადამიანების დასაქმებაც. მერობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა საპენსიო სისტემის შესახებ, ჯანდაცვის საკითხზე, თბილისის იერსახესა და ეკოლოგიაზე. რაც ეხება კომუნალურ გადასახადებს, იაკობიძე თვლის, რომ მერს აქვს ტარიფებზე ზემოქმედების ე.წ. ”რბილი ბერკეტები”.

1. სტუდიაში შემოსვლამდე ბატონმა დავითმა გვითხრა, რომ არ მოსწონს საკითხების ასე ჩამოყალიბება, მაგრამ იმისათვის, რომ მერობის ყველა კანდიდატი იყოს თანაბარ პირობებში ჩაყენებული, მათ ერთნაირ კითხვებს ვუსვამთ. დავიწყოთ პირველი კითხვით. ეს ეხება უმუშევრობის პრობლემის დაძლევას და სამუშაო ადგილების შექმნას. ალბათ, გაქვთ საკუთარი ხედვა ამ მიმართულებით ჩასატარებელ სამუშაოსთან დაკავშირებით.

ჩემი პრეტენზია ამ კითხვების მიმართ მათი შინაარსობრივი მხარის გამო კი არ გამომითქვამს - უბრალოდ, ერთსა და იმავე კითხვებზე პასუხის გაცემა ხშირად გვიწევს, რაც რამდენადმე მოსაწყენიც არის.

უმუშევრობა არის ნებისმიერი მაკროეკონომიკური სისტემის მთავარი პრობლემა. ამავე დროს, მთავარი პრობლემა არის ინფლაცია. თქვენმა კორესპონდენტმა რეზო საყევარიშვილმა გააკეთა სიუჟეტი და დაგვანახვა, რომ ინფლაციური პროცესები, ფულის მასის ოდენობა მიმოქცევაში და, აქედან გამომდინარე, რეიტინგული მაჩვენებლები საქართველოსი დადებითია და მისაღები. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი მეგობრები და მხარდამჭერები. ეს არის საერთაშორისო მონეტარული ფონდი, ეს არის ამერიკის მთავრობა და ის ევრპული და სერთაშორისო საბანკო სივრცე, რომელიც საქართველოს მხარში დაუდგა და 2008 წელსაც არ დაუშვა მონეტარული ვარდნა ლარისა. მაგრამ უმუშევრობა არის ჩვენი პრობლემა. ისინი გვეუბნებიან, რომ შენ შენი ოფლი, სისხლი და ცრემლი ღვარე, ჩვენ მეგობრობას გიცხადებთ, დანარჩენი თქვენი გასაკეთებელია.

დააკვირდით დღევანდელ სიტუაციას. პრაქტიკულად კომიკურ სიტუაციაშია დღევანდელი ქალაქის მერი. დადის საწარმოებში, მაგრამ ვერ მიაგნო კონვეიერს თბილისში, ვერ იპოვა ინდუსტრიული, თანამედროვე მოდელური საწარმოო ერთეული, თუნდაც ყოფილიყო შაქრის დასაფასოებელი ერთეული. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა დაემართოს ქვეყანას, რომელსაც ჰყავს აკადემიკოსების რიგი. საზღვარგარეთ არიან ქართველი სპეციალისტები, რომლებიც არა მარტო კარნახობენ იქ მოდას, არამედ თავადაც უშუალოდ მონაწილეობენ ამ პროცესში - აი, მაგალითად, ატომური ენერგეტიკის სფეროში და სხვ.

ქვეყანაში, რომელიც სულ 5 წლის წინ ყიდდა ისეთ პროდუქციას, როგორიც არის კობალტი 76, და რომელსაც ნანო ტექნოლოგიებზე აქვს პრეტენზია, დადის მერი და ყასბის შრომით უნდა გაგვაკვირვოს.
თბილისის მერმა უნდა შეცვალოს გარემო. თბილისის მერი უნდა მეგობრობდეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, უნდა იცოდეს იქ რა ხდება და მხარს უნდა უჭერდეს იმ ხალხს; უნდა აინტერესებდეს, რომ თბილისი იყოს ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული პროდუქციის მწარმოებელი, რომ თბილისში არ შემოდიოდეს კონტრაფაქტი. ოქროს ყველა ნაწარმის 80 პროცენტი, რომელიც თბილისში შემოდის, ყალბია. დამღა სადაც არ არის, ის ყალბია. დამღა გააუქმა ზურაბ ნოღაიდელმა 2002 წელს.

ოქრო რატომ ვახსენე... - ეს არის სახალხო რეწვის პრობლემა, მაღალტექნოლოგიური, მხატვრობასთან ახლოს მდგომი ხელოსნობის განვითარება, რომლის ტრადიციებიც გვქონდა ჩვენ - ბექა და ბეშქენ ოპიზარები, მაგალითად. ასევე დიდი ნოუ-ჰაუები გვაქვს ბიოქიმიაში. თბილისელების სამეცნიერო პორტფელებში ისეთი ტექნოლოგიებია, რომლებიც კოლოსალური შედეგების მომტანია და ეს უნდა იცოდეს მერმა.

უფრო კონკრეტულად, გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით რა უნდა გაკეთდეს, ამაზე რომ ისაუბროთ?

ჩვენი ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუ იყო სპორტის სასახლის გადახურვა, რომელიც ემყარებოდა თერმული მექანიკის მიღწევებს და შემდეგ მის ინჟინრულ დამუშავებებს. სპორტის სასახლე უნიკალური ნაგებობების რეესტრშიც შევიდა. ამის შემდეგ ჩვენ ასეთი თაღოვანი არაფერი გაგვიკეთებია. ყველა სხვა ქვეყანა ამას კონვეიერზე დადებდა და დაიწყებდა მის განხორციელებას სხვადასხვა ქვეყნებში, არქიტექტორებთან და საშენ მასალათა სპეციალისტებთან ერთად, კონსტრუქტორებთან ერთად. შეიქმნებოდა მეცნიერტევადი პროდუქცია, რომლის თვითღირებულებაც არის 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ყასბების პროდუქცია, თუმცა რას ვერჩი ყასბებს.

მეორე მაგალითს გეტყვით. როდესაც იუნესკომ თბილისი პოლიფონიური მუსიკის დედაქალაქად გამოაცხადა და კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა გალა კონცერტი ამასთად დაკავშირებით, მე ვესწრებოდი იმ კონცერტს და თბილისის მერი არ ესწრებოდა, იმიტომ რომ არც იცოდა ამის შესახებ და ეს არის ანომალია. თბილისის მერი არ უნდა იდგეს განზე, როცა ქართული საქმე კეთდება, რადგან თბილისის მისიაა ყველაფერი ქართული გაიტანოს საზღვარგარეთ. ეს მისი მისიაა. მერია უნდა იყოს პირველი გზაგამკვლევი, შემხვედრი და ფილტრი.

თუ ასე დავაყენებთ საკითხებს, ავტომატურად მოვხსნით უმუშევრობის პრობლემას, რომელიც მოგვიხსნის ე.წ სოციალური შეჭირვებულის პრობლემას. თბილისში 60 წლამდე ყველა უმუშევარია და 60 წელს გადაცილებულებს პენსია არ ჰყოფნით.

2. თავად გადახვედით ჩვენ მიერ მეორე თემად განსაზღვრულ საკითხზე. ეს არის სოციალური პრობლემების მოგვარება. მერობის კანდიდატების უმეტესობა გამოდის ძალიან მომხიბლავი დაპირებებით. თქვენ თუ გაქვთ ასეთი დაპირებები?


მე ვარ პრაგმატიკოსი კაცი. მე ვიცი დიდი სისტემების მართვა. მე ხალხს დიდ პატივს ვცემ და ვერავის ვერ მოვატყუებ. სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ერთ გზას ვხედავ. როცა მერი ვიქნები, გავაჩაღებ დიდ პოლემიკას ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა აღდგეს საპენსიო ფონდი, შეიქმნას სამსვეტიანი საპენსიო სისტემა. ამას სჭირება დრო და კანონიერება. როცა გაჩნდება კანონიერება, ვერც კი წარმოიდგენთ, რა მალე წავა წინ ეს პროცესი. სამსვეტიანი სისტემა მიბმული იქნება არა ბიუჯეტთან, არამედ საკუთარ წყაროსთან.

რომ აგვიხსნათ, სამსვეტიანი სისტემა რას ნიშნავს...


როცა მე ვიხდი მამაჩემის პენსიას, ეს არის ხარჯვითი სისტემა. მეორე სისტემაა, როცა თქვენ აგროვებთ თქვენს ფულს და შემდეგ გამოიყენებთ, და მესამეა, როცა დღევანდელი აქტიური სუბიექტი ხარჯვით სისტემაზეც მონაწილეობს და თავისთვისაც აგროვებს. ჩილეში გატარდა ეს სისტემა, ვინც ამ სისტემას ვულგარულად და აგდებულად მოეპყრო, ძალიან ცუდადაა მისი საქმე. მაგალითად, არგენტინა დღითი დღე უკან მიდის, როცა თავის დროზე მსოფლიოში მე-6 ქვეყანა იყო.

ჯანდაცვა ძალიან ბევრისთვის საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი და ის, რაც არის ხელმისაწვდომი, რა მდგომარეობაშია, ცალკე საკითხია, მაგრამ თქვენი დაპირება როგორია ამ მიმართულებით?

ჯანდაცვაზეც ვერაფერს ვერ დავპირდები. აი, რას დავპირდე ? რომ მუნიციპალურ საავადმყოფოს ავაშენებ? თუ არ მაქვს ჩემი დამოუკიდებელი ბიუჯეტი, იმიტომ რომ ის ტრანსფერებზეა დამოკიდებული, არ ჯობია იყოს ის საავადმყოფოები, რომლებიც არის და გარკვეული ნოზოლოგიების დაფინანსება მოხდეს ნაწილობრივ მერიის და ნაწილობრივ მოქალაქის მხრიდან? ჯანდაცვაზე ვერაფერს ვიტყვი, სანამ არ იქნება ამ თემის განხილვა საზოგადოების მხრიდან. ამაში უნდა ჩაერთოს ჩვენი პატრიარქი, მეცნიერებათა აკადემია, ფილოსოფიის ინსტიტუტი, იმიტომ რომ ეს არის ფილოსოფიური საკითხი, რა პრინციპებზე ავაგოთ ჯანდაცვა, გვაქვს თუ არა ჩვენ უფლება ჩვენს გარემოცვაში ვიღაცა მოკვდეს, იმიტომ რომ უფლის ბოძებულია სიკვდილიც.

დააკვირდით, არსად მსოფლიოში ონკოდაავადებებს არ აფინანსებენ, იმიტომ რომ ონკოდაავადებების დიდი ნაწილი ადამიანის დაუდევრობით ჩნდება -მაგალითად, ფილტვის კიბო.

და რაც შეეხება სხვა ონკოდაავადებებს?

მაგალითად, ინგლისის მთავრობა ამბობს, რომ ვერ დააფინანსებს ამ დაავადებებს, რადგან ეს იმდენად ძვირია, რომ მაშინ სხვას ვერაფერს დააფინანსებს. მაგალითად, იაპონიაში ხელოვნურ თირკმელზე მილიონი მოსახლიდან 1200 კაცია, ხოლო ინგლისში 600, იმიტომ რომ ინგლისში, ბევერჯის სისტემით, ასეთი აზრი აქვს მთავრობას, რომ 60 წელს თუ გადასცილდა კაცი, მოკვდეს ჯობია. ამიტომ ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, ბევერჯის სისტემით განვავითაროთ ჯანდაცვა თუ კანტის ფილოსოფიის მიხედვით. ჯანდაცვა ყველგან ფილოსოფოსებისა და ექიმების ერთობლივი ძალისხმევითაა აწყობილი.

3. რაც შეეხება ქალაქის ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს, წყალმომარაგებას და ა.შ., რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით და თქვენც, ძალიან ბევრი მერობის კანდიდატივით, თუ მიგაჩნაით, რომ კომუნალური გადასახადები არის დასაწევი?

ქალაქის ინფრასტრუქტურა, ტექნიკური ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა ნაგებობები, საინჟინრო ნაგებობები, კანალიზაცია და ა.შ. - ის, რაც ქალაქის განკარგულებაშია, ესენი ცენტრალური სოლიდარული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ემსახურება და ცენტრალიზებულად უნდა განხორციელდეს მისი მოვლა. მაგრამ მისი გამოყენება უნდა მოხდეს ქალაქის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, იმიტომ რომ მერე ეს ყველაფერი დაკავშირებულია ქალაქის არასწორ განაშენიანებასთან.

ბევრი კომუნალური გადასახადი დაძაბულია და, რა თქმა უნდა, შეიძლება მათი შემცირება. გაზის გადასახადზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან გაზი ყველგან პოლიტიზებული პრობლემაა. გაზი საქართველოში შემოაქვს ”იტერას” და ნაწილობრივ ამარაგებს გლდანს და მუხიანს. როცა ის მომხმარებელს აძლევს, ახდევინებს 38 თეთრს და როცა, მაგალითად, აძლევს თონეს, ახდევინებს 48 თეთრს. აბა, გაიგე ახლა, რა უდევს თავში.

მერის როლი იმაშია, რომ კარგად დაამუშაოს ეს თემა დისტრიბუტორებთან და ტარიფების შემცირების გზები და ვარიანტები შესთავაზოს, და მერს აქვს ის რბილი ბერკეტები, რომელიც შემომტანებს აიძულებს მოსახლეობის ინტერესები გაითვალისწინონ.

ერთადერთი, რაც მერს შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეს არის წყლის ტარიფის შემცირება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ნაგვის.
წყალი უნდა გახდეს ჩვენი აქტიური პროდუქტი და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ პროდუქტის გამტანი სხვადასხვა მხარეს. 2 მილიარდ მოქალაქეს მსოფლიოში არ აქვს ჯანსაღი სასმელი წყალი. ისინი ელიან ამ მიმართულებით სასაქონლო პროდუქციას.

4. შემდეგი საკითხი არის ის, რაც ნამდვილად ვიცი, რომ გაღელვებთ. ეს არის ქალაქის იერსახე, ძველი უბნები, მათი შენარჩუნება და ერთგვარი მოდერნიზაცია და ახალი მშენებლობების წარმოება. როგორ უყურებთ ამ საკითხს?

არქიტექტორებთან დიდი მეგობრობა მქონდა. მაგალითად, ძველი თაობიდან შოთა ყავლაშვილი და ჯონდო ჯიბლაძე ჩემი მეგობრები იყვნენ. ისინი ამ საკითხებზე მუშაობდნენ. დღეს რა შეხედულებებიც არის, მათ ასეთი ხედვა არ ჰქონდათ და არც სამოქალაქო უფლებები გააჩნდა ასეთ შეხედულებებს. გაგიკვირდებათ და ფილოსოფიაში არის ასეთი ”თეზევსის გემის” ფენომენი. მას ჰყავდა გემი, შეცვალა ანძა და გემბანი, დატოვა მარტო გემი და ეს გემი ახალია თუ ძველი? და ეს არის ის პარადიგმა, რომლითაც ფილოსოფოსები ხსნიან მუდმივი განახლების აუცილებლობას უცვლელობის პირობებში.
თბილისში ეს საკითხი ცოტა დაირღვა. თბილისიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი წავიდა და მათ ჩაენაცვლა 300 ათასი კაცი და ეს ხალხი სხვადასხვა მენტალიტეტის ხალხია. შენობა-ნაგებობები სულ სხვა ადგილებზე და სხვა სტილით განვითარდა, ვიდრე ეს წინა გენგეგმებით იყო გათვალისწინებული. ამანაც ქალაქის იერსახე შეცვალა. როცა ხელს ჰკიდებენ გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენებულ სახლს და მას ძველს ეძახიან, დავით აღმაშენებლის პერიოდში აშენებული ბაზილიკა ავიწყდებათ და ამაში მე ქაოსის ელემენტებს ვხედავ და ეს მინდა წესრიგში იყოს და, რაც მთავარია, ლანდშაფტური დიზაინი. მე ვარ აღშფოთებული იმით, რომ ჩემს თაობას გაუბედეს და რუსთაველზე ჭადარი მოუჭრეს. რომ მოვინდომოთ რუსთაველზე გასეირნება და იმ ადგილას გაჩერება, სადაც გალაკტიონი ისვენებდა, ვერ გავჩერდებით, იმიტომ რომ ის ჭადარი აღარ არის.

თქვენ არ გაუბედავთ თბილისელებს ეგეთ რამეს?

როგორ გეკადრებათ! ამ საკითხებზე აზრი უნდა ჰკითხო აგრონომებს. მე მივესალმები ჰორიზონტალურ გაზონებს. პირველად რომ პარიზში ვნახე, ვიფიქრე, ზუსტად სათბილისო ამბავია-მეთქი. მერე ვნახე რიგაში. აი, იმათაც გააკეთეს-მეთქი ვიფიქრე. ეს მომწონს, მაგრამ ყვავილებს რგავენ ისე, თითქოს თბილისი ჩრდილოეთის ქალაქი იყოს, ან ხეებს რგავენ ისე, თითქოს თბილისელებს ხის სახით ქოლგა კი არ სჭირებოდეთ, არამედ მზის აბაზანები.

5. ხეები, გაზონები ახსენეთ. რაც შეეხება ეკოლოგიას, როგორია თქვენი ხედვა, როგორ უნდა დავიცვათ თბილისი ეკოლოგიური პრობლემებისგან?


1904 წელს ექიმებმა თბილისში ადამიანის სიცოცხლის ანალიზი გააკეთეს და შეადარეს ქალაქ ბრისტოლს. ბრისტოლი ჭაობებშია, თბილისი მთებში და აღმოჩნდა, რომ სიკვდილიანობა თბილისში უფრო მაღალია, ვიდრე ბრისტოლში. და ეს რისი ბრალი იყო: პირველი - მტვერი, მეორე - ნარჩენები, ანუ ნაგავი, მესამე - დაბალი ხარისხის საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით რძის პროდუქტები. ამის მერე კომუნისტებმა უზარმაზარი შრომა ჩაატარეს და გააშენეს ტყე თბილისის გარშემო, რომელსაც უღვთოდ კლავს დღევანდელი თაობა. წყნეთის და ხუდადოვის ტყე სულ ხელოვნურია. მეცნიერული კვლევის საფუძველზე შენდებოდა ჯუჯა ფიჭვი, ელდარის ფიჭვი, იუდას ხე, იმიტომ რომ ესენი სწრაფწიწვოვანია და წიწვდაყრადია და ამას ჰუმუსი უნდა შეექმნა, რომ მერე მის ადგილას დაერგათ ფოთლოვანი მოშრიალე ხეები - ჭადრები, ცაცხვები, რცხილები. ვაკის პარკში რომ ვერხვებია, იმაზეც დიდი დისკუსია იყო, რადგან მეტყევეები ამბობდნენ, ეს ტყის სარეველააო და როგორ შეიძლება მისი დარგვა პარკშიო... და მე მინდა, რომ ასეთი დისკუსიები აღდგეს.

მინდა მოგცეთ საშუალება, რომ იმ თებემს შეეხოთ, რაზეც ჩვენ არ გკითხეთ. რა დაგრჩათ სათქმელი?

რა არ დამრჩა? მაგრამ, პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს. როგორც ვრწმუნდები, ჩემი იდეოლოგია ფართოდ გავიდა და ბევრი მისდევს მას და მე ამით გამარჯვებულად ვთვლი თავს და თუ თბილისელებსაც უნდათ გაიმარჯვონ, მომცენ ხმა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG