Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზღაპრის ბოლო და დედააზრი


ჯიმშერ რეხვიაშვილი
ჯიმშერ რეხვიაშვილი

ზღაპრის ბოლო კეთილია... - მღეროდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები და ქომაგები. 26 მარტს „დინამო არენაზე“ მომხდარი ამბავი მართლაც ძალიან ჰგავს ზღაპარს იმით, რომ ზღაპარს ხალხებიც წერენ და ცალკე აღებული ადამიანებიც.

ზღაპარი „საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპა-2024-ზე“ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებთან ერთად, ქართველმა ქომაგებმაც დაწერეს, განსაკუთრებით იმ ქომაგებმა, რომლებმაც ეროვნული ნაკრები არ მიატოვეს ყველაზე მძიმე წლებში, როცა ნაკრები ლამის ყველა თამაშს აგებდა და სტადიონზე სიარულიც ტანჯვად, დროის ფლანგვად და გაუმართლებელ ალტრუიზმად აღიქმებოდა.

26 მარტს მგონი მართლა ყველამ გაიხარა, თუმცა მხოლოდ იმაში არ უნდა იყოს საქმე, რომ „გამარჯვებას ბევრი მშობელი ჰყავს, დამარცხება კი ობოლია“ („Victory has a hundred fathers but defeat is an orphan“).

არ არის გასაკვირი, რომ ყველას აქვს სურვილი მონაწილე იყოს დიდი გამარჯვებისა, რომლითაც სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილს ვეუბნებით, რომ მისი ღირსეული ნაწილი ვართ, რომ ჩვენი შრომითა და კულტურული საფუძვლებით (სპორტი კი კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტორია) დავიმსახურეთ ევრო-2024-ში, ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობა.

26 მარტის გამარჯვებით საქართველომ, ღირსეულად, შეღავათებისა და მოწყალების გარეშე, შეაბიჯა პირობით სპორტულ ევროკავშირში.

როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად, აღნიშნავდნენ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას, ალბათ ბევრმა გაიფიქრა, რომ ახლა ჯერი ევროპაში ნამდვილ, სრულფასოვან, არა პირობით, არამედ პოლიტიკურ შებიჯებაზეა, რაზეც პასუხისმგებლობა, ხალხთან ერთად, ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება.

სავარაუდოდ, სწორედ ამ განწყობის გამოძახილიც იყო ქომაგების სტვენა და უკმაყოფილო შეძახილები ირაკლი კობახიძის გამოსვლისას. სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ასპარეზობენ ახლა ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირში, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში საქართველო ევროპული პოლიტიკური ოჯახის, ყველაზე მაღალი პოლიტიკური ლიგის თუ ტურნირის სრულფასოვანი წევრი გახდება.

ძნელი დასაჯერებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავიანთ გამოსვლებში ამ ფაქტორზე არ გაამახვილეს ყურადღება, რომ არ თქვეს, დროა ფეხბურთელების წარმატება პოლიტიკოსებმა ავიტაცოთ და ასევე წარმატებით დავასრულოთ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესიო. ამის ნაცვლად გაისმა მორიგი ბანალური ფსევდოპატრიოტული ლირიკა და სხვის წარმატებაზე პარაზიტირების ვნება.

როგორც წესი, პოლიტიკოსები ცდილობენ შეეხონ ჩემპიონებს იმის იმედად, რომ ვირუსივით გადაედებათ მათი წარმატება. ვინც ახლოს არ იკარებს ხელისუფლებას, მას არც აჯილდოებენ და არც აქებენ. ამაზე მიუთითებს ტიტულიანი მოჭიდავის ზურაბ დათუნაშვილის მაგალითი.

ჰყავს თუ არა საქართველოს ღირსეული ხელისუფლება, რომელსაც აქვს მორალური უფლება, მართლა გმირი ფეხბურთელები დააჯილდოოს ღირსების ორდენით?

ელემენტარული ლოგიკა გვიკარნახებს, რომ ღირსების მედლის/ორდენის გამცემი თავადაც ღირსეული უნდა იყოს.

რით არ არის ობიექტური საზომი ევროკავშირში ინტეგრაციის გზა? ხომ არ ცდილობს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების გაწირვას ჰომოფობიური კანონის ინიციირებითა და ე.წ. ვეტინგის პროგრამის ჩაგდებით? ფეხბურთს რომ მოვუბრუნდეთ, ხომ არ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ კარში გოლების გატანას, რათა არა გამარჯვებით, არამედ სულ სხვა რამით იხეიროს?

როგორი იქნებოდა ქართველი ქომაგების რეაქცია, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს უეფას მიერ დადგენილი წესები რომ დაერღვიათ და მერე ჯგუფში ჩარჩენა ან ტურნირიდან დისკვალიფიკაცია ორგანიზატორებისთვის ან ქომაგებისთვის დაებრალებინათ?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ქართველ პოლიტიკოსებს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი გაკვეთილიც ჩაუტარეს, როცა თამაშის დამთავრების შემდეგ, ყურადღების პიკში ყოფნისას, თქვეს: „აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!“.

ქართველი ფეხბურთელების ნათქვამი არ მოეწონათ აფხაზებს, რომლებიც არცთუ სიამაყის გარეშე შენიშნავდნენ, რომ ბოლო, გამარჯვების მომტანი დარტყმის ავტორი, ნიკა კვეკვესკირი გალელი, ხოლო ჩაკვეტაძე - ოჩამჩირელია.

„თავიდან ვიფიქრე, რა ყოჩაღები არიან, ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ-მეთქი (მეზობლურად მინდოდა მიმელოცა), მაგრამ ფეხბურთელებმა აფხაზეთსა და ოსეთზე რომ დაიწყეს სკანდირება, ეს სურვილი გამიქრა (ფეხბურთელებს ეს არ უხდებათ, მიტინგზე ხომ არ არიან!)“, - წერდა სოციალური ქსელების ერთ-ერთი აფხაზი მომხმარებლი, რომელიც ფეხბურთის მოყვარული აფხაზების ზოგად განწყობას გამოხატავდა.

უნდა წარმოეთქვათ თუ არა ასე ხისტად პოლიტიკური ლოზუნგები ქართველ ფეხბურთელებს, ამაზე არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ საქართველოს დანარჩენ ნაწილშიც კამათობენ. სპორტში, ფეხბურთში წარმატებამ შესაძლოა მართლა პოზიტიური როლი ითამაშოს ხალხების შერიგებაში, მით უმეტეს, რომ ქართული ფეხბურთის წარმატების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ შესრულებული აფხაზ და ოს სპორტსმენებს და ასეთ წარსულზე მართლა შეიძლება ახალი ურთიერთობების დაშენება.

როგორც 1981 წლის გამარჯვების მთავარი შემოქმედის, დიდი ნოდარ ახალკაცის შვილმა, ნოდარ ახალკაცი - უმცროსმა გაიხსენა, შემთხვევით არ არის, რომ საქართველოს ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან ორ მატჩში, 1981 წლის 13 მაისსა და 2024 წლის 26 მარტს, გოლები გაიტანეს აფხაზეთის მკვიდრებმა, ვიტალი დარასელიამ და ნიკა კვეკესკირმა.

ვინ იცის, ქართველ ფეხბურთელებს აფხაზი გულშემატკივრები არც კი დაეფრთხოთ (როგორც ჩანს, მათთვისაც მნიშვნელოვან ამ დღეს), საქართველოს ხელისუფლება რომ აკეთებდეს თავის გასაკეთებელს, თვითონ რომ ეძებდეს საჭირო სათქმელს და სათანადო გადაწყვეტილებებს რომ იღებდეს. თუმცა სინამდვილე ისეთია, რომ საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც საოკუპაციო ხაზთანაც კი არ არის ნამყოფი და, მართავს პარტია, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობად მიიჩნევს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შვილები თამაშობენ. რა გასაკვირია, რომ მათთვის თამაში და ბრძოლა სინონიმებია. ნიკა კვეკვესკირმა თქვა კიდეც, თუ კარგად ვითამაშე მოედანზე, ვარიანტი არაა, ჩემს გულში ჩუმად არ ვთქვა, შენთვის, ჩემო აფხაზეთო-მეთქი.

ზღაპრის ბოლო კეთილიაო, მღეროდნენ ბიჭები...

ცხადია, ყველა ზღაპრის ბოლო შეიძლება არც იყოს კეთილი, მაგრამ ყველა ზღაპარს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დიდაქტიკური ელემენტი, უნდა ჰქონდეს დედააზრი. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებისა და ხალხის მიერ დაწერილ ამ ზღაპარსაც აქვს დედააზრი: შრომას, გაუტეხლობასა და მიზანდასახულობას აუცილებლად მოაქვს შედეგი;

გამარჯვება შესაძლებელია ერთიანობით, გვერდში დგომით, პრინციპულობით და ა.შ. თუმცა მთავარი დედააზრი მაინც მიზნის დასახვა და ამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა იყოს, რაც აერთიანებდათ კიდეც ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და ქომაგებს. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, მწვრთნელები რომ თამაშის წესების შეცვლის იმედად ყოფილიყვნენ ან ფეხბურთელებს რომ ნაკლები ამბიცია ჰქონოდათ?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ასევე ნახეთ:

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG