1. The Chemical Brothers და Dust Brothers - რა პონტია?
სულ თავიდან იყო Dust Brothers - ლეგენდარული ამერიკელი პროდიუსერების დუეტი, რომლებსაც Beastie Boys-ის Paul’s Boutique აქვთ გაკეთებული და კიდევ Beck-ის ორი ალბომი და Fight Club-ის საუნდტრეკი და სხვა ბევრი რამ. ამათ პატივსაცემად ბრიტანელმა მუსიკოსებმა ტიმ როულენდსმა და ედ სიმონსმა ასევე დაირქვეს The Dust Brothers. შემდეგ თავდაპირველმა „მტვრის ძმებმა“ გააფრთხილეს, სახელი გამოიცვალეთ, თორემ გიჩივლებთო. ამათაც, როგორც ზღაპრებშია, რა ექნათ - გამოიცვალეს სახელი და საკუთარი პოპულარული ტრეკის - Chemical Beats-ის -პატივსაცემად The Chemical Brothers დაირქვეს. პირველ ალბომსაც, ამ ამბების აღსანიშნავად, Exit Planet Dust დაარქვეს. „მტვრის ძმებს“ და „ქიმიურ ძმებს“ ერთმანეთის მიმართ გულში წყენა არ ჩაუდვიათ და წლების შემდეგ ითანამშრომლეს კიდეც.
2. „გრემი“ როკის კატეგორიაში? რატომ?
1997 წელს ჯგუფმა გრემი აიღო Block Rockin’ Beats-ისთვის - კატეგორიაში „საუკეთესო როკ-ინსტრუმენტალი“. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ Block Rockin’ Beats როკის ყველაზე ფართო გაგებაშიც არ ჯდება, არც ინსტრუმენტალია. მაშ რატომ გაიმარჯვა? ვინ იცის! ამავე წელს გრემი ჰარდ-როკის საუკეთესო შესრულებისთვის The Smashing Pumpkins-მა წაიღო სახლში. აბა, რას ჰგავს ეს? ისე, The Chemical Brothers-ის ამ წლის ალბომი, Dig Your Own Hole, საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში იყო ნომინირებული, მაგრამ OK Computer-თან დამარცხდა. თითქოს უსარგებლო ფაქტებია, მაგრამ - არა! წვეულებებზე უცხო ხალხთან საუბარს ამ ცნობებით თუ წამოიწყებ, ეგრევე პოპულარული გახდები.
3. The Chemical Brothers პოპულარული ჯგუფია. მეც რომ მომწონდეს, გოიმი ხომ არ გამოვჩნდები?
არანაირად. ჯგუფის წევრები კაი ბიჭების და კაი გოგოების ძმები არიან. ნოელ გალაჰერი ეხვეწებოდა, სიმღერა ჩავწეროთ ერთადო. ბიჭები საღამოობით ბერნარდ სამნერსა და ბობი გილესპისთან სვამენ ხოლმე და დილას ბეთ ორტონსა და ბეკთან ერთად გამოდიან ნაბახუსევზე. ფოტოებს კიდევ მაიკლ გონდრი უღებს.
4. მაიკლ გონდრი ახსენე და, საყვარელი კლიპი რომელია?
აი ეს - Star Guitar.
თუ არ გინახავს, ერთი შეხედვით, არაფერი ხდება - ხედებია მატარებლის ფანჯრიდან, მაგრამ, კარგად თუ დაუკვირდები, მიხვდები, რომ ჩვეულებრივი ხედები არაა. მოდი, არ დაგასპოილერებ და თავად დაამუღამე.
5. კონცერტი კარგი იქნება?
როგორ გითხრა, აბა? აი, ესაა ვიდეო ერთი თვის წინ კიევში ჩატარებული კონცერტიდან:
სპეციალურად ფანის გადაღებული უხარისხო კლიპი შევარჩიე, Youtube-ზე ამ კონცერტის უფრო ხარისხიანი ჩანაწერებიც დევს, მაგრამ „იქ ყოფნის“ განწყობას ეს უკეთ ასახავს. თუ გიგანტური ლაზერული შოუ და ქიმიური ბიტები გიზიდავს, მოგეწონება. თუ ბუმბერაზი რობოტები და კვარტლისშემძვრელი ბიტები შენთვის სულერთია, მაშინ - არა!