Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე: ბაბჩენკოსთან დაკავშირებით ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი


არკადი ბაბჩენკო
არკადი ბაბჩენკო

რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირება უკრაინელი სამართალდამცავებისთვის არ არის პირველი შემთხვევა.

მოდელირებული მკვლელობა უკრაინის პოლიციამ 2016 წელსაც დაგეგმა, როდესაც ისინი იძიებდნენ ოდესელ ადვოკატ ალექსანდრ პოგორელოვზე თავდასხმას. მაშინ პოლიციამ გაავრცელა ცნობა მისი მკვლელობის შესახებ, რის შემდეგაც დააკავეს სავარაუდო მკვლელები და შუამავლები. მომდევნო დღეს აღმოჩნდა, რომ ადვოკატი ცოცხალი იყო. 2016 წელს ინსცენირებული მკვლელობისას უკრაინის პოლიციის უფროსი იყო ხატია დეკანოიძე. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამბობს, რომ ამ ორ შემთხვევას შორის ხაზს ვერ გაავლებს, რადგან 2016 წელს მოდელირებულ მკვლელობას მსგავსი აჟიოტაჟი და გამოხმაურება არ მოჰყოლია.

ხატია დეკანოიძე, 2016 წელი
ხატია დეკანოიძე, 2016 წელი

„მაშინ ჩვენ თვალთვალს ვახორციელებდით ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებაზე. საქმეში იკვეთებოდა შანტაჟისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარა ერთ-ერთ უფლებადამცველზე. შესაბამისად, ეს იყო სპეცოპერაცია, რომელსაც, რა თქმა უნდა, ასეთი გამოხმაურება და აჟიოტაჟი არ გამოუწვევია და ყველაფერი ძალიან მალე გამჟღავნდა. სწორედ ამიტომ, ვერ გავავლებდი ხაზს ამ ორ ფაქტს შორის“, - ამბობს ხატია დეკანოიძე.

რაც შეეხება რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს ინსცენირებულ მკვლელობას, უკრაინის პოლიციის უფროსი ამბობს, რომ უფრო მეტი დეტალის ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ ეს შემთხვევა შეფასდეს.

„ჯერჯერობით ბევრი დეტალები არც უშიშროების სამსახურსა და არც ნაციონალურ პოლიციას არ გაუმჟღავნებია. არადა, აუცილებელია ამ დეტალების გახმაურება, რათა საზოგადოებამ ამ აჟიოტაჟის შემდეგ მიიღოს სწორი პასუხები კითხვებზე, რომლებიც დაგროვდა“, - ამბობს ხატია დეკანოიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, რომელსაც უკრაინელ სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

„მე პირადად, ერთი კითხვა მაქვს. თუკი ორი თვის განმავლობაში ახორციელებდა თვალთვალს უშიშროების სამსახური, მაშინ რატომ გახდა საჭირო ამ მასშტაბის მოდელირებული სპეცოპერაციის დაგეგმვა? უნდა გავუსვათ ხაზი, რომ მსგავსი სიტუაციების დროს, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ქვეყნის იმიჯზეც. უკრაინაში საკმაოდ რთული ვითარებაა, უკრაინაში ომის ფონზე რუსული სპეცსამსახურები ძალიან არიან გააქტიურებულნი. შესაბამისად, ქვეყნის ისედაც შელახული იმიჯი, შესაძლოა, კიდევ უფრო შეილახოს. მოხარული ვარ, რომ დაკავებულნი არიან მკვლელობაში ეჭვმიტანილები. არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსული სპეცსამსახურების აქტიურობა, მათ შორის, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ სამყაროს“.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის პრესსამსახურების დაკვეთით, რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო უნდა მოეკლა უკრაინის მოქალაქეს
უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის პრესსამსახურების დაკვეთით, რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო უნდა მოეკლა უკრაინის მოქალაქეს

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ ჰრიცაკის განცხადებით, რუსეთის პრესსამსახურების დაკვეთით, რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო უნდა მოეკლა უკრაინის მოქალაქეს, რომელსაც 40 ათასი დოლარი გადაუხადეს. უკრაინის ტელეარხ "ჰრომოდსკეს" ცნობით, ამის შესახებ ჰრიცაკმა განაცხადა 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ ბაბჩენკო ცოცხალია. წინა დღეს, 29 მაისს გავრცელდა ცნობა კიევში ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ. უშიშროების სამსახურის ბრიფინგზე, რომელიც პირდაპირ ეთერში აჩვენეს, თვითონ ბაბჩენკოც მივიდა და განაცხადა, რომ ცნობები მისი მკვლელობის შესახებ იყო ნაწილი ოპერაციისა, რომელსაც ორი თვე ამზადებდნენ. ჟურნალისტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის უშიშროების სამსახურს მისი გადარჩენისათვის.

კიევის პოლიციამ და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 29 მაისს გამოაცხადეს, რომ ბაბჩენკო გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების მანქანაში, რომლითაც საავადმყოფოში გადაჰყავდათ მას შემდეგ, რაც მას კიევში, მისსავე ბინასთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის 2017 წლის აგვისტოში გადასახლდა უკრაინაში რუსეთიდან, სადაც მას მოკვლით ემუქრებოდნენ. რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა ინსცენირებული აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG