თუ უანგარო სიყვარული და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება სიწმინდის ნიშანია, მაშინ სიმონ ვეი და ეტი ჰილესუმი წმინდანები იყვნენ. ვინაიდან სიმონ ვეიზე სალომე ასათიანის პოდკასტმა მკითხველის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, გადავწყვიტე, ტრადიცია დავარღვიო და შოას (ჰოლოკოსტის) ხსოვნის დღეს ამ ტრაგედიაზე წერის ნაცვლად მის ერთ მსხვერპლს დავუთმო სიტყვა.
სიმონ ვეის სულიერი და, ეტი ჰილესუმი (1914-1943), ჰოლანდიის ერთ ასიმილირებულ ებრაულ ოჯახში დაიბადა. რილკესა და დოსტოევსკის მოტრფიალე ეტი, საკუთარი მოკლე ცხოვრების მანძილზე აგნოსტიკიდან მისტიკოსამდე გრძელ გზას გაივლის.
ეტის გოლგოთის გზა კი დაიწყება 1942 წლის ზაფხულში, როცა ის თავისი ნებით გადაწყვეტს ჰოლანდიის ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში წასვლას, რათა „ღმერთს დაეხმაროს და მისი ხალხი გადაარჩინოს“ . ასე, „ღმერთისა და მისი ხალხის გადარჩენით“ იქნება დაკავებული ეტი, სანამ თვითონ არ შეხვდება სიკვდილს აუშვიცის ბანაკში.
სიმონ ვეის მსგავსად არც ეტი ჰილესუმი იყო მონათლული, თუმცა, საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნა პავლე მოციქულისა და ნეტარი ავგუსტინეს ამ მხურვალე მკითხველს ღმერთის საინტერესო კონცეფციამდე მიიყვანს. და ეს ღმერთი არ იქნება „ცისა და მიწის შემქმნელი“ ბიბლიური ღმერთი...
მანამდე, სანამ დასავლეთში ინტელექტუალები დასვამდნენ კითხვას, „სად იყო ღმერთი შოას დროს?“ ეტის უკვე ჰქონდა ამაზე პასუხი - ღმერთი საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღებთან ერთად იყო, ოღონდ ის უძლური იყო: „ღმერთო, მე შევეცდები დაგეხმარო შენ“ - ჩაწერს ეტი თავის დღიურში 1942 წლის ზაფხულს. „ერთი რამ სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება ჩემთვის: ის, რომ შენ არ შეგიძლია ჩვენი დახმარება და რომ ჩვენ უნდა დაგეხმაროთ იმისათვის, რომ ჩვენივე თავს დავეხმაროთ. ეს ერთადერთია, რაც ამ წუთას ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ და ეს ერთადერთია, რაც მართლა ძალზე მნიშვნელოვანია. (...) როგორც ჩანს, შენ ვერ ძალგიძს შეცვალო ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. შენ არ ხარ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. პირიქით, შენ ჩვენ უნდა მოგვთხოვო, რომ ერთ დღეს პასუხი ვაგოთ ყველაფერზე. ჩემთვის სულ უფრო ნათელი ხდება, რომ შენ არ შეგიძლია ჩვენი დახმარება და რომ ჩვენ უნდა დაგეხმაროთ შენ და დაგიცვათ ჩვენი გულის იმ ყოველ კუნჭულამდე, რომელმაც შენ შეგიკედლა. ღმერთი არ არის ჩვენს წინაშე პასუხისმგებელი იმ უაზრო ბოროტებისთვის, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს ვაყენებთ. ეს ჩვენ ვართ მის წინაშე პასუხიმგებელი“.
საკონცენტრაციო ბანაკში შესვლის შემდეგ ეტი კიდევ ერთ ჯვარს იტვირთებს - გახდეს „ბანაკის მოაზროვნე გული“, რათა მომავალმა თაობებმა შოას გამოცდილების გააზრება შეძლონ: „ქალები და გოგონები დღის განმავლობაში ხშირად მეუბნებიან: ‘ჩვენ არ გვინდა, რომ ვიფიქროთ, არ გვინდა რაიმე შევიგრძნოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად ჭკუიდან გადავალთ’. მე კი უსასრულოდ გრძელი დღეეების შთაბეჭდილებების ქვეშ ხშირად ვათენებ ღამეებს და ნაზი გრძნობებით შეპყრობილი ვლოცულობ: ‘ძალა მომეცი, რომ ამ ბანაკის მოაზროვნე გული ვიყო’. ეს ადვილი არ არის და უეჭველად ეს უფრო ძნელია ჩვენთვის, ებრაელთათვის, ვიდრე ვინმე სხვისთვის. მაგრამ თუ ჩვენ ვერაფერს ვერ შევთავაზებთ ომისშემდგომ სამყაროს, გარდა ჩვენი სხეულების ნებისმიერ ფასად გადარჩენისა, თუ ჩვენი უბედურებისა და სასოწარკვეთის უფსკრულებიდან ახალი აზრი არ აღმოცენდება - მაშინ ჩვენს გადარჩენას აზრი ეკარგება. ახალი აზრები უნდა ამოსხივდეს თვით ამ ბანაკებიდან, ახალმა შეხედულებებმა უნდა გადალახონ მავთულხლართები და ბანაკების გარეთ გაავრცელონ სინათლე. (...) ძიების შედეგად შესაძლებელი უნდა გახდეს ამ ბნელი მოვლენების გაგება. ამ შემთხევაში ჩვენ გაუბედურებულ ცხოვრებას შეიძლება აზრი მიეცეს“.
რა აზრები ამოსხივდა ომის შემდეგ? დასავლეთში შოას გააზრება თუ სეკულარული ეთიკის ნაწილი გახდება, ისრაელის ხელში იგი შეასრულებს მორალური ფარის ფუნქციას, რომელიც მას ნებისმიერი კრიტიკისგან დაიცავს. ისრაელის ზოგიერთი პოლიტიკოსის ხელში კი ეს ფარი იმ ხმლად გადაიქცევა, რომელიც შოას ხსოვნას არაერთხელ წაბილწავს. ამგვარი იქნება ბენიამინ ნეთანიაჰუს ქმედებები პრემიერობის გრძელი ისტორიის მანძილზე: მაგალითად, 2015-ში, როცა განაცხადებს, რომ ჰიტლერს არ სურდა ებრაელების გაწყვეტა და იერუსალიმის მუფტიმ აიძულა ფიურერი ესგაეკეთებინა; ან კიდევ შარშან, იად ვაშემში ორგანიზებულ ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმზე, რომელსაც ნეთანიაჰუ პუტინის პროპაგანდის ფორუმად გადააქცევს, რის გამოც იად ვაშემსბოდიშის მოხდაც კი მოუწევს.
„ყველაზე ბნელ დროშიც კი ჩვენ უფლება გვაქვს, ველოდოთ სინათლის სხივს. და ასეთი მბჟუტავი და სუსტი სინათლის სხივი შეიძლება არა თეორიებიდან თუ კონცეფციებიდან აღმოცენდეს, არამედ იმ ადამიანებიდან, რომლებიც თავიანთი ქმედებებითა თუ ცხოვრებით ნებისმიერ ვითარებაში ახერხებენ გარემო გაანათონ“ - დაწერს ჰანა არენდტი.
ეტი ჰილესუმი იყო ასეთი სინათლე და მისი ნაწერების მბჟუტავ სხივს დღესაც ძალუძს სიბნელის დაძლევა. განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც ე.წ. ეკლესია, ნაცვლად საზოგადოების ჯვრის ტვირთვისა, მისგან ხარკის აკრეფით არის დაკავებული და სადაც ე.წ. მღვდელმსახურები, ნაცვლად სიმონ ვეისა და ეტი ჰილესუმის მიბაძვისა, შეთქმულების თეორიების (განსაკუთრებით, ანტისემიტურის), გავრცელებით არიან დაკავებული...
ასე რომ, იქნებ ეთავა რომელიმე გამომცემლობას ეტი ჰილესუმის ქართულად თარგმნა?
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.