Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 წუთი 120-ის ნაცვლად - არასწორი პროცედურები სამშობიაროებში


საქართველოში უკვე წესად იქცა, რომ ახალშობილს მაშინვე დედის მკერდზე აწვენენ, მაგრამ როგორც ირკვევა ამ პროცედურას შედეგი არ მოაქვს. რატომ?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ჩაატარა კვლევა, რომელიც ახალდაბადებულ ბავშვებს შეეხება. გაირკვა, რომ კანის კანთან კონტაქტის პროცედურა საქართველოში მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს. აღსანიშნავია, რომ კანის კანთან კონტაქტად არ მიიჩნევა, როდესაც ბავშვი უკვე ჩაცმული მოჰყავთ მშობელთან.

საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით, კანის კანთან კონტაქტი აუცილებელია ბავშვის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. საქართველოში უკვე წესად იქცა, რომ ახალშობილს მაშინვე დედის მკერდზე აწვენენ, მაგრამ როგორც კვლევამ აჩვენა, მხოლოდ მცირე ხნით, რაც შედეგს არ იძლევა.

ჯანდაცვისა და ნუტრიციის სპეციალისტი თამარ უგულავა ამბობს, რომ კანის კანთან კონტაქტი საუკეთესოდ მოქმედებს ბავშვზე, განსაკუთრებით - მცირეწონიან ჩვილებზე, რომლებსაც ტემპერატურის შენარჩუნება უჭირთ. ეს პროცედურა კარგია ბავშვის იმუნიტეტისთვის, ასევე ძუძუს წოვის რეფლექსის გასავითარებლად. პროცედურამ შედეგი რომ გამოიღოს, ბავშვი დედის მკერდზე 1-2 საათის განმავლობაში უნდა დარჩეს, მაგრამ რეალურად გამოკითხულ დედათა 72 % აცხდებს, რომ კანის კანთან კონტაქტის ხანგძლივობა მათ შემთხვევაში 30 წუთზე ნაკლები იყო.

„ამ 72 პროცენტიდანაც ყველაზე დიდი წილი ჰქონდა იმათ, ვინც ამბობდა, რომ ბავშვი მხოლოდ 5 წუთით დაუტოვეს. ეს მარტო იმას ნიშნავს, ბავშვი დედას დაანახვო“, - ამბობს თამარ უგულავა.

სოფიკო დეკანოსიძემ ბავშვი აპრილში გააჩინა. ახალშობილი დედის გულზე კი დააწვინეს, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით.

„მერე ისევ წაიყვანეს. მამამისი თბილისში არ იყო და მის მკერდზე ვერ დააწვენდნენ, მაგრამ დედა მახლდა, მისთვის არც შეუთავაზებიათ“, - ამბობს ის.

თამარ უგულავას თქმით, სამშობიაროებში ერიდებიან ექთნის 1-2 საათით გამოყოფას იმისთვის, რომ ის მელოგინესა და ბავშვს თავზე დაადგეს, ამიტომ კანის კანთან კონტაქტი ქართულ რეალობაში მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG