Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 წლის წინ დაბომბილი სოფელი ურთა დღეს


სოფელი ურთა
სოფელი ურთა

ათი წლის წინ, 10 აგვისტოს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთასა და მის მოსაზღვრე აბასთუმანში რუსულმა ბომბდამშენებმა რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს. მაღალმთიან სოფლებში აფეთქებების ხმა დილის შვიდ საათზე გაისმა.

10 წლის წინ დაბომბილი სოფელი ურთა დღეს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:10 0:00
გადმოწერა

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ამ დროს ეძინა, ნაწილი კი ბოსელში იმყოფებოდა და საქონელს საძოვრებზე გასაშვებად ამზადებდა. მიუხედავად იმისა, რომ ომი უკვე დაწყებული იყო და წინა დღეს სენაკის ბაზა დაიბომბა, აფეთქების ხმაზე სოფლის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. მაშინ გავრცელდა ცნობა, რომ რუსულმა ვერტმფრენებმა ბომბები ტყის მასივებში ჩამოყარეს, თუმცა დაუსახლებელ ადგილებთან ერთად აფეთქებები იყო მოსახლეობის ყანებშიც, თხილნარსა და საძოვრებზე. შედეგად სოფელ აბასთუმანში დაიჭრა ორი ადამიანი, ერთი კი აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი კვამლით მოიწამლა ურთაში.

გარეთ ვერ გამოვდიოდი, იქვე ვკიოდი, ადამიანის დახმარება მინდოდა. კვამლი იყო და სუნიც იყო. რაღაცები ეყარა ჩემს და მეზობლის ეზოებში. ერთი კაბა და ერთი ფეხსაცმელი ავიღე და მივდიოდი, მაგრამ სად, აბსოლუტურად არ ვიცოდი...
ნუნუ ქირია

„ახალგაღვიძებული ბოსელში მივდიოდი. შესვლისთანავე გადაიფრინა თვითმფრინავმა და ბომბი ჩამოაგდო ჩემს ეზოში და მეზობლის ყანაში. გარეთ ვერ გამოვდიოდი, იქვე ვკიოდი, ადამიანის დახმარება მინდოდა. კვამლი იყო და სუნიც იყო. რაღაცები ეყარა ჩემს და მეზობლის ეზოებში. ერთი კაბა და ერთი ფეხსაცმელი ავიღე და მივდიოდი, მაგრამ სად, აბსოლუტურად არ ვიცოდი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ურთელმა ნუნუ ქირიამ.

სოფელში ჰყვებიან, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა დილაადრიან ყანაში სამუშაოდ გასული ჯერ არ იყო. ნაწილი სახლებს ტოვებდა, თუმცა არ იცოდა, სად უნდა წასულიყო. როგორც ურთელები იხსენებენ, მთელი სოფელი ერთ სახლში შეიკრიბა მხოლოდ იმიტომ, რომ მას სარდაფი ჰქონდა. აქ თავი გაცილებით უსაფრთხოდ იგრძნეს.

რუსული ბომბების კვალი სოფელს დღესაც ეტყობა. ათი წლის შემდეგ ორმოები, მართალია, ნაწილობრივ შევსებულია მიწითა და ბალახით, მაგრამ მაინც ადვილად შესამჩნევია თხილნარში, სიმინდის ყანაში და საძოვრებზე. ურთელი შუქრი ქარდავა მის თხილნარში ათი წლის წინ ჩამოვარდნილი ბომბისგან წარმოქმნილ ორმოში ჩადის, რომელიც მას მუხლამდე ფარავს:

შუქრი ქარდავა
შუქრი ქარდავა

„როცა ამოვედი, მტრისას, აქ რაც დამხვდა. სამი ღრმული დამხვდა ბომბისგან და მეოთხე იყო კასეტურის. რომ ჩავიდოდი ორმოში, თავი არ მომიჩანდა, ისე იყო ამოგლეჯილი. ნამსხვრევებისგან თხილის ტოტები სულ დაგლეჯილი იყო. ვხედავდი, თვითმფრინავი რაკეტებს როგორ უშვებდა. გაუშვებდა რაკეტას და ზევით აიწევდა თვითმფრინავი. ადრე აქ ჩვენი ძალების შენაერთები იყვნენ და მე მგონია, რომ ამის გამო დაიბომბა“, - ამბობს შუქრი ქარდავა.

სოფელში იხსენებენ, რომ აფეთქებების შემდეგ მალევე ურთაში სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა მოვიდა. ტრისტან პაჭკორია, რომელიც 2008 წელს სოფლის გამგებელი იყო, ჰყვება, რომ ბომბები მეტწილად ურთის ყველაზე მაღალმთიან უბანში, ზანაში, ჩამოვარდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანებთან ერთად მივიდა ადგილზე. ჯერ კიდევ კვამლი იყო და მძაფრი სუნი იდგა:

ტრისტან პაჭკორია
ტრისტან პაჭკორია

„მანამდე, წინა დღით, ბომბები ჩამოყარეს სენაკში და ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცოდით, მაგრამ აქ როცაჩამოყარეს, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მოსახლეობის სახლებზე იყო ეს ყველაფერი. ათი წუთი არ იყო გასული, რომ სასწრაფო დახმარების მანქანების ხმა გაისმა ცენტრში. ხუთამდე მანქანა იყო. ჩვენ არც კი ველოდით, რომ აქ ცოცხალი იყო ვინმე დარჩენილი“, - თქვა ტრისტან პაჭკორიამ.

მისი ცნობით, ოჯახები, რომლებსაც რაიმე სახის ზიანი მიადგათ, კომისიამ აღწერა, მოგვიანებით კი წითელი ჯვარი დაეხმარა. ურთელების განმარტებით, ტერიტორია მომხდარიდან მალევე შეისწავლეს გამნაღმველებმა და ამიტომ ახლა ამ უბნებზე უშიშრად გადაადგილდებიან.

XS
SM
MD
LG