Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხუბი პარლამენტში - რატომ დაიხურა შეხვედრა, თუ დასამალი არაფერი იყო


სხდომის დახურვის გადაწყვეტილებამ  ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია.
სხდომის დახურვის გადაწყვეტილებამ  ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი თითქმის სამი საათის განმავლობაში განიხილავდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ თემებს.

სხდომაზე ისაუბრეს ძირითადად ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებზე. შესაბამისად სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილე დეპუტატების უმრავლესობისა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას ერთობლივი გადაწყვეტილებით, სხდომა დაიხურა. ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. დეპუტატებს გიგა ბოკერიასა და დიმიტრი ცქიტიშვილს შორის კამათი თითქმის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მანდატურის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

ოპოზიცია ითხოვდა სულ მცირე, საჯარო ყოფილიყო კითხვა-პასუხის ნაწილი მაინც. სხდომის დახურვის საკითხთან დაკავშირებით ორაზროვანი იყო თავად ზურაბ აბაშიძის განცხადებებიც. კერძოდ, მან თქვა, რომ გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ მიიღეს დეპუტატებმა და არა მან, აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართული შეხვედრების შესახებ კი დაფარული პრაქტიკულად არაფერია:

„ტრანსპარანტულია, ამ ფორმატის მუშაობის შესახებ ჩვენ 15 უწყებას, მათ შორის პარლამენტში 4 მისამართით ვაგზავნით ყოველი შეხვედრის შემდეგ ამომწურავ ინფორმაციას“, - აღნიშნა შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ აბაშიძემ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ დეპუტატების ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა:

რატომ შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ბიძინა ივანიშვილს, რა გზავნილები წაიღო პრაღაში მისგან? რატომ გააკეთა მუქარის შემცველი განცხადებები გრიგორი კარასინმა? ეს შეკითხვები ზურაბ აბაშიძეს შეხვედრის დაწყებამდე მედიამაც დაუსვა. პასუხები სტანდარტული იყო - ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა, ფარულ მესიჯებს კი ვერ წაიღებდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შეხვედრას სხვებიც ესწრებიან ხოლმე და იქ ბევრი თვალი და ყურია.

თუ ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი ჰქონდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია მიიჩნევს, რომ სხდომის დახურვა მიზანშეწონილი იყო. ჩვენს მიერ არჩეულ ტაქტიკურ საკითხებზე მოწინააღმდეგე მხარეს ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს - აღნიშნა ლაშა დარსალიამ. მან თქვა, რომ სხდომაზე ისაუბრეს ჟენევის ფორმატის, არაღიარების პოლიტიკის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და უშუალოდ კონფლიქტის ზონაში არსებულ საკითხებზე.

სხდომის დახურვა იყო სრული უკანონობა და უპატივცემულობა საზოგადოების და დემოკრატიული პროცედურის - განაცხადა, თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ . სხდომის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის პიარი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ცრუ პროგრესის დასახატად. მისივე თქმით, კითხვებზე, რომლებიც ოპოზიციას აქვს, არც დამაჯერებელი პასუხები არსებობს და არც ადეკვატური ახსნა-განმარტება:

გიგა ბოკერიას შეფასებით, ერთი-ორი კონკრეტული საკითხის გარდა, რომლებიც მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებების დეტალებს შეეხებოდა, ყველა დანარჩენი საჯარო უნდა ყოფილიყო. მისი აზრით, საზოგადოებას უნდა მისცემოდა საშუალება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ თემებზე ღია ეთერში მოესმინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მიერ დეპუტატებისთვის წარდგენილი ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG