(„რიცინის საქმის“ გაგრძელება)
ჩეხეთის საერთაშორისო რადიოსა და ჩეხურ Denik N-ის ცნობით, ჩეხეთის პოლიციამ ახლახან დაცვა დაუნიშნა რუს დიპლომატს, ანდრეი კონჩაკოვს, რომლის სახელმაც ცოტა ხნის წინ ადგილობრივ მედიაში გაიჟღერა პრაღაში საწამლავ რიცინის შემოტანის კონტექსტში.
ჩეხეთის პოლიცია არ იძლევა ოფიციალურ კომენტარს რუსი დიპლომატისათვის დაცვის დანიშვნის ფაქტზე, მაგრამ გამოცემა Deník N-ის თანახმად, პოლიცია ღამე მორიგეობს რუსეთის საელჩოს იმ შენობის წინ, რომელშიც დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლები არიან დაბინავებულნი, დილით კი ყარაულობს რუსეთის კულტურისა და მეცნიერების ცენტრს, სადაც კონჩაკოვი მუშაობს.
ყველაფერი კი აპრილის ბოლოს ჩეხურ მედიაში გამოქვეყნებული სკანდალური სტატიით დაიწყო.
ჩეხეთის სპეცსამსახურების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ჟურნალი „რესპექტი“ იუწყებოდა, რომ ინკოგნიტო რუსმა დიპლომატმა ქვეყანაში შემოიტანა მომწამვლელი ნივთიერება რიცინი პრაღის მუნიციპალიტეტის იმ ხელმძღვანელ პირებთან სავარაუდო ანგარიშსწორების მიზნით, რომლებმაც მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟითა და გენერალ ვლასოვის მებრძოლთა მემორიალური დაფის აღმართვით მოსკოვის განრისხება გამოიწვიეს.
10 მაისს ჩეხურმა მედიამ სწორედ ანდრეი კონჩაკოვი, პრაღაში რუსეთის ფედერალური სააგენტო „Россотрудничество“-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დაასახელა ქვეყანაში რიცინის სავარაუდო შემომტან პირად.
ჩეხეთის სპეცსამსახურებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ,
რუსეთის ხელისუფლებამ კი თავისი წარმომადგენლის მისამართით გამოთქმული ბრალდება დაუყოვნებლივ შეაფასა, როგორც „დაუსაბუთებელი, წმინდა წყლის პროვოკაცია“.
ანდრეი კონჩაკოვი ჩეხეთში 2017 წლიდან უდგას სათავეში სახელმწიფო სააგენტო „Россотрудничество“-ს ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
ხელქვეითის შესახებ ჩეხურ მედიაში გამოქვეყნებულ ცნობას სასწრაფოდ გამოეხმაურა რუსეთის ფედერალური უწყების, „Россотрудничество“-ს, ხელმძღვანელი, ელეონორა მიტროფანოვა, რომელმაც თავისი თანამშრომლის შესახებ ბრალდებებს „დაუსაბუთებელი“ უწოდა.
34 წლის დიპლომატი ანდრეი კონჩაკოვი ამჟამად ჩეხეთში იმყოფება. აქტიურად იყენებს ფეისბუკს, რეკლამას უწევს რუსულ კულტურას და ხელოვნებას, მეორე მსოფლიო ომის თემაზე მომზადებულ დოკუმენტურ ფილმებს და ტელეპროგრამებს, მაგრამ თავად მის მიმართ მუქარებზე არაფერს იტყობინება.
არადა, გავრცელებული ცნობით, რამდენიმე დღის წინ რუსეთის საელჩომ ჩეხეთის პოლიციას მიმართა თავისი დიპლომატის დაცვის თხოვნით. როგორც საელჩოში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც მედიაში ანდრეი კონჩაკოვი დასახელდა რიცინის სავარაუდო შემომტან პირად, რუსი დიპლომატის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.
ამგვარად, ჩეხეთში საკმაოდ პარადოქსული ვითარება შეიქმნა: პოლიცია იცავს როგორც მომწამლავი ნივთიერება რიცინის სავარაუდო შემომტან რუს დიპლომატს, ასევე მის სავარაუდო სამიზნეებს - პრაღის მერ ზდენეკ ჰრჟიბს, პრაღის მე-6 ოლქის ხელმძღვანელს, ონდჟეი კოლარს, და რაიონ რჟეპორიეს ხელმძღვანელს, პაველ ნოვოტნის.
პირველი ორი პირი პრაღაში საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟისა და რუსეთის საელჩოს მახლობლად ბორის ნემცოვის სკვერისა და ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ხეივნის გახსნის ინიციატორია.
პაველ ნოვოტნის თაოსნობით კი რჟეპორიეში 1945 წლის 5 მაისის პრაღის აჯანყებაში მონაწილე „რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის“ (ვლასოვის არმიის) მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა და ძეგლი აღიმართა.