Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხურმა მედიამ დაასახელა რუსი დიპლომატის გვარი, რომელსაც რიცინის შემოტანა შეეძლო


რუსეთის საელჩო ჩეხეთში
რუსეთის საელჩო ჩეხეთში

ჩეხეთის მედიამ დაასახელა იმ სავარაუდო რუსი დიპლომატის გვარი, რომელსაც შეეძლო სახელმწიფო საზღვრის გავლით მომწამვლელი ნივთიერება რიცინის შეტანა პრაღის მერისა და ორი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მოწამვლის მცდელობის მიზნით.

ჩეხეთის ტელევიზიით კვირას გასულ პროგრამა „168 საათში“, ამტკიცებდნენ, რომ „კვალი მიდის ანდრეი კონჩაკოვთან“, რომელიც პრაღაში რუსეთთან თანამშრომლობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს.

მედიის თანახმად, დიპლომატი მოსკოვიდან 14 მარტს, ჯერ კიდევ კორონავირუსის გამო საავიაციო ფრენების აკრძალვამდე, ჩამოფრინდა პრაღაში და საწამლავი ჩამოიტანა ჩემოდნით, რომელიც, საერთაშორისო პრაქტიკით, არ მოწმდება.

რუსეთის წარმომადგენელმა ჩეხურ გამოცემა „სეზნამთან“ საუბარში უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ჩემოდანში ჰქონდა მხოლოდ კონფეტები და სადეზინფექციო საშუალებები.

მანამდე ჩეხეთში სკანდალი მოჰყვა ჟურნალ „რესპექტში“ 26 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ პრაღის მერი, ზდენეკ ჰრჟიბი, და პრაღის მეექვსე ოლქის მერი, ონდჟეი კოლარი, რუსეთის დაზვერვამ გამოყო ლეტალური ტოქსინით მოსაწამლად. ჟურნალი ეყრდნობა დაზვერვის სფეროს ანონიმურად დატოვებულ წარმომადგენელს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის დაზვერვის სავარაუდო წარმომადგენელი სამი კვირის წინ ჩავიდა ჩეხეთის დედაქალაქში დიპლომატიური პასპორტით და ჩემოდნით, რომელშიც ნივთიერება რიცინი იდო.

ჟურნალ Respekt-ის თანახმად, ზდენეკ ჰრჟიბისა და ონდჟეი კოლარის გარდა, პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება კიდევ ერთი პრაღელი პოლიტიკოსი - რაიონ რჟეპორიეს ხელმძღვანელი პაველ ნოვოტნი.

პირველი ორი ინიციატორია პრაღაში საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟისა და, რუსეთის საელჩოს მახლობლად, ბორის ნემცოვის პარკისა და ანა პოლიტკოვკაიას სახელობის სკვერის გახსნისა.

პაველ ნოვოტნის ინიციატივით კი რჟეპორიეში „რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის“ (ვლასოვის არმიის) მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა და ძეგლი აღიმართა.

მარშალ ივან კონევის ძეგლის მოხსნამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია რუსეთის მხრიდან. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ნაციზმის რეაბილიტაციის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG