Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილი - ფილმი


”შაბათს” (“უწყინარი შაბათი”, ” В субботу”, “Innocent saturday”, 2011 წელი, რეჟისორი ალექსანდრე მინდაძე).

სერიალებს არ ვუყურებ, მაგრამ წაკითხული მაქვს სვეტლანა ალექსიევიჩის შესანიშნავი წიგნი ”ჩერნობილის ლოცვა”. რაც მთავარია, მოწმე ვარ იმ ამბების. ნუ, როგორ მოწმე... იმ სივრცესა და დროში მიცხოვრია. 1986 წლის 2 მაისი, ის წვიმიანი დღეც მახსოვს. ტელევიზიაში მივედი თუ არა, მემონტაჟე ქალმა ამიხსნა, ქოლგის გარეშე წვიმაში სიარული აღარ შეიძლება, რადიაციული წვიმა მოდისო. არადა, წინა დღეს ”ვრემიამ” საპირველმაისო დემონსტრაციის კადრები აჩვენა კიევში. ჩერნობილის აფეთქებაზე ჭორები დადიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კიეველმა დემონსტრანტებმა გვითხრეს, ჩვენთან, კიევში, ჰაერი სუფთააო, საბჭოთა მოსახლეობა დამშვიდდა. ეგაა, რომ ”მტრის რადიოსადგურები” აგრძელებდნენ ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიის მიზეზებზე საუბარს და იმის მტკიცებას, რომ ეს ავარია შეიძლება მთელი პლანეტისთვის კატასტროფით დასრულდეს.

1986 წლის 13 მაისს მოსკოვში კინემატოგრაფისტთა კავშირის ყრილობას დავესწარი. ეს იყო ისტორიული ყრილობა, რომელზეც, ფაქტობრივად, პირველად იწინასწარმეტყველეს (კრემლის შენობაში!) საბჭოთა კავშირის დანგრევა. პირველი პლენარული სხდომის დასასრულს ტრიბუნაზე ხმაურით ავიდნენ უკრაინელი კინორეჟისორები, რომლებმაც ჩერნობილის ავარიაზე საუბარი დაიწყეს. ერთ-ერთმა, რომლის გვარი არ მახსოვს, დაახლოებით ასეთი რამე თქვა: ”ჩერნობილში მოხდა საშინელი ავარია. ჩვენ ყველანი გაგვწირეს. ცოტა ხანში, როცა რადიაცია თქვენც შეგეხებათ, დარწმუნდებით, რომ ეს ქვეყანა უკვე იხრწნება”.

კინემატოგრაფისტთა ყრილობის დელეგატებს შორის იყო მოსკოველი სცენარისტი ალექსანდრე მინდაძე. შესაძლებელია, სწორედ იმ დღეს დაებადა მას იდეა გადაეღო (როგორც რეჟისორს) ფილმი ჩერნობილის ტრაგედიაზე და იმაზე, თუ როგორ იხრწნება საბჭოთა იმპერია... ეს მან გააკეთა მხოლოდ 2011 წელს, დაგვიანებით. თუმცა დაასწრო პოპულარულ სერიალს. ეგაა, რომ პოპულარობით ვერ ”გაასწრო” - სამწუხაროდ, ალექსანდრე მინდაძის ეს ფილმი ჩვენში ბევრს საერთოდ არ გაუგონია.

ფილმის გმირი ახალგაზრდა კომკავშირელი აქტივისტია - სუსტი, ცისფერთვალება ყმაწვილი, რომელმაც უკვე იცის, რომ მის პატარა ქალაქში ატომური სადგურის მეოთხე ბლოკზე ავარია მოხდა. პარტიული უფროსები უბრძანებენ, რომ არავის უამბოს ეს ამბავი, ქალაქი პანიკამ რომ არ მოიცვას. მეგობარ გოგონასთან ერთად გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ხაფანგში გაებმება. ახლა მან აღარც იცის, როგორ უნდა მოიქცეს - ვის უთხრას, რომ ყველას სიკვდილი ელის, მთელ ქალაქს უამბოს?

ბერლინის ფესტივალზე მინდაძის ფილმის პრემიერის შემდეგ ”Hollywood Reporter”-ის პოპულარულმა მიმომხილველმა დებორა იანგმა ”შაბათს” ვრცელი რეცენზია მიუძღვნა: ”შეიძლებოდა გვენახა კარგი ფილმი ეკოლოგიურ კატასტროფაზე, მაგრამ მივიღეთ აპათიური კვლევა“.

დიახ, თუკი კვლევის პროცესის ხილვა განიჭებთ სიამოვნებას და არა ატომური ბომბის უკვე მოძველებულ ფობიაზე თამაში, აუცილებლად უნდა ნახოთ ალექსანდრე მინდაძის ფილმი ”შაბათს”. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ”შაბათს” არა მარტო საინტერესო ”კვლევაა” ადამიანისა, რომელიც სასაზღვრო სიტუაციაშია მოქცეული (ჩერნობილის კატასტროფის დროს ქვეყანაც ასე იყო - ნაწილებად იშლებოდა), არამედ საინტერესო მხატვრული ნამუშევარიც; ფილმი ხან დანიურ ”დოგმას” ჰგავს, ხანაც თავისებური პოლემიკაა ამ სტილთან; დინამიკა, გამოხატული მოძრავი სუბიექტური კამერით, და სტატიკა, - სურათები, - რომელიც 80-იანი წლების საბჭოთა კინოს მოგაგონებთ, გაერთიანებულია და იმდროინდელი საზოგადოების წინააღმდეგობებს ასახავს. საბჭოთა კავშირი ინგრევა, მაგრამ ხალხმა ეს ჯერ არ იცის. ანდა, როგორც თავად ალექსანდრე მინდაძემ განაცხადა ბერლინის ფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ფილმი გამოხატავს მდგომარეობას, რომელიც ასე შეიძლება აღვწეროთ: „სიკვდილი უკვე მოვიდა, მაგრამ სიცოცხლემ არ იცის ამის შესახებ”.

ზემოთ ამერიკული სერიალი ვახსენე და სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნი. მაგრამ ვისაც კინო უფრო მეტად გიყვართ, ვიდრე სატელევიზიო შოუ (თუნდაც ძალიან კარგი) და წიგნი (თუნდაც ძალიან კარგი), აუცილებლად ნახეთ ”შაბათს”. ის, რაც ხდება ეკრანზე, ის, როგორც აღბეჭდა რეალობა მართლაც რომ გენიალური ოპერატორის, ოლეგ მუტუს, კამერამ (მუტუ არის ოპერატორი რუმინული ფილმისა ”4 თვე, 3 კვირა და 2 დღე”, აგრეთვე ქართული ფილმისა ”გრძელი ნათელი დღეები”) , არის ”სუფთა კინო”, შეიძლება ითქვას, კინოხელოვნების გამარჯვება ლიტერატურასა და თეატრზე - როცა ემოციას, აზრს, განწყობას, ატმოსფეროს კამერის მოძრაობა, საერთოდ რიტმი, მოძრაობა ქმნის. ადამიანების პორტრეტებიც კი (მათი რიცხვი საკმაოდ ბევრია) აქ მოძრაობაში იქმნება. ძალიან ძნელია კამერულ, მცირებიუჯეტიან ფილმში გამოხატო ეპოქის ატმოსფერო. როგორც წესი, ამ ამოცანას ვერ წყვეტენ ხოლმე. ასეთ ფილმებს მასშტაბები აკლია - ჰოლივუდის მასშტაბები. მაგრამ ”შაბათს” ნამდვილად ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია.

”ვის რაში ვჭირდებით ასეთი, რადიაციულები?” - კითხულობენ მინდაძის ფილმში და რადიაციისგან თავის გადარჩენას... წითელი ღვინით ცდილობენ. ახალგაზრდებს გაუკვირდებათ, მაგრამ იმხანად ჩვენ, მართლაც, სრულიად სერიოზულად სწორედ ასე ვებრძოდით რადიაციას - ქოლგებით და წითელი ღვინით! გაგიკვირდებათ? დაგვცინებთ? აბა, ერთი გაბედეთ!.. ეგრევე გაგიხსენებთ, დღეს როგორ ცხოვრობთ თქვენც და ჩვენც. სად ვცხოვრობთ, როგორი ცრურწმენებისა და აკვიატებების გარემოში! იმ ხალხისგან, ვის შესახებაც გვიამბობს ალექსანდრე მინდაძე თავის ფილმში, დიდად კი არ განვსხვავდებით.

დიახ, ”შაბათს”, პირველი სერიოზული მხატვრული ფილმი ჩერნობილის ავარიაზე, არაა ნამდვილად ფილმი-კატასტროფა. ესაა ფილმი იმაზე, რომ ჩვენში და ჩვენს ტვინებში საბჭოთა კავშირი ჯერ არ დანგრეულა და კიდევ იმაზე, რომ ავის მოლოდინი, დაშლისა და გახრწნის მოლოდინი ჩვენი ცხოვრების წესი გახდა უკვე. თავდავიწყებისთვის და ასეთი რეალობიდან გასაქცევად ბევრი არაფერი რჩება - ვიღაცისთვის ნარკოტიკი, ვიღაცისთვის რელიგია, ვიღაცისთვის მესიის მოლოდინი, ვიღაცისთვის კი წითელი ღვინო.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG