Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის იბარებენ შსს-ში 20-21 ივნისის აქციის მონაწილეებს


20-21 ივნისის ღამის მოვლენების გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ადამიანთა სოლიდური რაოდენობაა დაბარებული. ამის შესახებ რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ადვოკატი ბექა ბასილაია საუბრობს. როგორც იგი აზუსტებს, შეტყობინების მიღების შემდეგ, მასთან კონსულტაცია 31 ივლისს რამდენიმე ადამიანმა გაიარა.

„დაახლოებით 10 მარტო ჩემთან მოვიდა, მაგრამ ყველა მე ხომ არ დამიკავშირდებოდა? ანუ ალბათობა იმისა, რომ ბევრი ადამიანი დაიბარეს, დიდია“, - გვითხრა ბექა ბასილაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სტატუსით დაბარების ფაქტებზე წერენ სოციალურ ქსელებშიც, თუმცა სამინისტროში არ აზუსტებენ, მთლიანობაში რამდენ ადამიანზეა საუბარი. ერთადერთი განმარტება, რაც ამ საკითხზე მოვიპოვეთ უწყებიდან არის ის, რომ გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით და შესაბამისად გრძელდება დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და მტკიცებულებების მოპოვების პროცესი.

რამდენი ნაბიჯია მოწმიდან ბრალდებულის სკამამდე

იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, არის ჩვენი რესპონდენტიც, რომლის ვინაობასაც ანონიმურად ვტოვებთ. იგი დაბარების პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა, თუმცა ადვოკატის რჩევით მოითხოვა გამოკითხვა სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვა. როგორც მან გვითხრა, ეს შსს-ს მიმართ უნდობლობის გამო გააკეთა და არც ის გაჰკვირვებია, დაბარებულთა შორის რომ აღმოჩნდა: „ისეთი რაღაცეები ხდება, რომ საერთოდ არ იყო გასაკვირი. ვინც გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა, ლამის ყველას იჭერენ და მე რომ დამირეკეს არ გამკვირვებია. მოწმის სახით დამიბარეს, მაგრამ, როგორც გამარკვიეს ადვოკატებმა და მეგობრებმა, ერთი ნაბიჯია მოწმიდან ბრალდებულის სკამზე აღმოსაჩენად“,- აღნიშნა ჩვენმა რესპონდენტმა.

ადვოკატის ვერსია

ბექა ბასილაია
ბექა ბასილაია

​ჩვენი რესპონდენტისგან ნაწილობრივ განსხვავებულია ადვოკატის მოსაზრება. კერძოდ, ბექა ბასილაია ფიქრობს, რომ აქციის რიგითი მონაწილეების დაბარება ემსახურება მიზანს, გაამყარონ ბრალდებები, რომლებიც დაკავებულთა მიმართ არსებობს.

„თავიანთი ცრუ ბრალდებების საქმეები რაც აქვთ, მათი გამყარება სურთ უკვე დემონსტრანტების ჩვენებებით. ზეწოლით უნდოდათ ამ ინფორმაციის მიღება, რომ შემდეგ საჯაროდ განეცხადებინათ, რომ მხოლოდ ჩვენი პოზიცია კი არ არის, მანიფესტანტებიც უთითებენ იმავეზე, რაც წარდგენილ ბრალდებებს ამყარებსო.

ბევრი ასეთი დაბარებული მანიფესტანტი ჯაჯგურშიც კი არ იღებდა მონაწილეობას, იმ პერიმეტრზე არ იმყოფებოდა და საერთოდ კავშირი არ აქვთ და არ იცნობენ იმ ადამიანებს, ვისაც ბრალი წარუდგინეს. აქედან გამომდინარე, ეს მასობრივი დაბარებები რეპრესიის გაგრძელებაა, რათა რაც შეიძლება მეტი აქტიური ადამიანი დაიბარონ და დააშინონ“, - აღნიშნავს ბექა ბასილაია. მან მასთან კონსულტაციაზე მისულ 10-ვე ადამიანს ურჩია, მეტი გამჭვირვალობისთვის და ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვონ. ბექა ბასილაია არ გამორიცხავს არც იმას, რომ დაბარებულთა ნაწილს გამოკითხვის შემდეგ ბრალდებაც წარუდგინონ, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ბრალდების წარდგენა მოწმედ გამოკითხვის გარეშეც შესაძლებელია.

​პარლამენტის წინ 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, ამ დროისთვის პასუხისგებაში მიცემულია ჯამში 19 პირი. მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 17 შემთხვევაში ყველაზე მკაცრი ღონისძიება, პატიმრობაა გამოყენებული.

XS
SM
MD
LG