Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცის პარტია იმარჯვებს გერმანიის არჩევნებში, ულტრამემარჯვენეები მცირედით ჩამორჩებიან


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეუძლია ცოტა ხნით შვებით ამოისუნთქოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრობლემები ჯერ სულაც არ დასრულებულა. 

22 სექტემბერს ბრანდენბურგში, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მხარეში, რომელიც გარს არტყამს ქვეყნის დედაქალაქ ბერლინს, ლანდტაგის (მხარის პარლამენტის) არჩევნები ჩატარდა. მისმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD), რომელიც ქვეყანას გერმანიის გაერთიანების შემდეგ მართავს, ამჯერადაც მოახერხა პირველი ადგილის დაკავება. არადა, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში შოლცის პარტია ჩამორჩებოდა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივას გერმანიისთვის“ (AfD).

საბოლოოდ, SPD-მ მიიღო ხმების 30.9% და გააუმჯობესა ხუთი წლის წინანდელი შედეგი (26%). AfD მეორე ადგილზეა ხმების 29.2%-ით. ეს შედეგი შოლცს ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემს. ჯერ ერთი, ის თავად ცხოვრობს პოტსდამში, ბრანდენბურგის დედაქალაქში. მეორეც, პარტიას აუცილებლად სჭირდებოდა კარგი შედეგის ჩვენება მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ თიურინგიასა და საქსონიაში, ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ორ სხვა მხარეში კატასტროფული მარცხი განიცადა და ერთნიშნა მაჩვენებლით დაკმაყოფილდა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სულ უფრო და უფრო ხმამაღალი ისმოდა კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეიძლებოდა ფედერალური მთავრობა ემართა გუნდს, რომელიც ასეთ ცუდ შედეგებს აჩვენებდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ის მაინც მოახერხებს და გაძლებს 2025 წლის სექტემბრის საყოველთაო არჩევნებამდე.

თუმცა, საკითხავია, რა წვლილი მიუძღვის შოლცს ამ შედეგში. მან ბოლო ხანებში ტონი შეცვალა და სცადა სათავისოდ გამოეყენებინა იმიგრაციის შიში და სკეპტიციზმი უკრაინის მიმართ, რომელიც გავრცელებულია ამომრჩეველთა დიდ ნაწილში, განსაკუთრებით კი - ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ის უფრო ხმამაღლა ითხოვდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელშიც რუსეთიც იქნება ჩართული. სექტემბრის დასაწყისში მან ხელახლა შემოიღო კონტროლი გერმანიის ყველა საზღვარზე იმიგრაციის შესაზღუდად მას შემდეგ, რაც აგვისტოში, გერმანიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ზოლინგენში დანით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, პარტიის მიერ ნაჩვენები შედეგი ორმა ფაქტორმა განაპირობა. ერთი ისაა, რომ ბევრმა ხმა მისცა სოციალ-დემოკრატებს, რათა პირველ ადგილზე AfD არ გასულიყო. მეორე კი ბრანდენბურგის ამჟამინდელი პრემიერის, დიტმარ ვოიდკეს პოპულარობაა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შოლცის პარტიული თანამებრძოლია, მას და ფედერალურ მთავრობას ხშირად აკრიტიკებს ხოლმე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მისმა ორმა ფედერალურმა კოალიციურმა პარტნიორმა, მწვანეებმა და ლიბერალურმა FDP-მ, ბრანდენბურგში სრული მარცხი განიცადეს. პირველმა მიიღო ხმების 4.1% და, შესაბამისად, ვერ გადალახა მხარის პარლამენტში წარმომადგენლობის 5%-იანი ბარიერი. FDP-მ კი ხმების 0.8% მიიღო, რაც რეგიონული არჩევნების ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ასევე, მართალია, AfD-მ ბრანდენბურგში პირველი ადგილი ვერ დაიკავა, მაგრამ ის მაინც წინ წავიდა. სექტემბერში აღმოსავლეთ გერმანიაში ჩატარებული სამი არჩევნების შემდეგ ეს პარტია უდავოდ გამარჯვებული დარჩა. ორგან ის მეორეზე გავიდა და მცირედით ჩამორჩა გამარჯვებულს, თიურინგიაში კი პირველი ადგილი აიღო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე პარტია გახდა, რომელმაც რეგიონულ არჩევნებში გაიმარჯვა. ცხადია, ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი ძალიან განსხვავებულია, აქ ელექტორატის უფრო დიდ ნაწილს აქვს ანტიიმიგრანტული განწყობა და უფრო თბილად უყურებს მოსკოვს. ამაზე მეტყველებს მემარცხენე პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის ალიანსის“ წარმატებაც, რომელმაც ბრანდენბურგში მესამე ადგილი დაიკავა ხმების 13.5%-ით.

ფედერალურ დონეზე, ულტრამემარცხენეებმა და ულტრამემარჯვენეებმა ერთად შეიძლება ხმების მესამედი მიიღონ. ბევრია, მაგრამ მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებენ. მიუხედავად ამისა, ისინი გავლენას მოახდენენ გერმანიის, ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკური მოთამაშის კურსზე, განსაკუთრებით იმიგრაციისა და უკრაინის ომის საკითხებზე. ეს მხოლოდ გერმანიის ტენდენცია არ გახლავთ. ჩეხმა პოპულისტმა ანდრეი ბაბიშმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა რეგიონულ არჩევნებში, რომელიც ბრანდენბურგის კენჭისყრის პარალელურად მიმდინარეობდა. მას, როგორც ჩანს, დიდი შანსი აქვს, მომავალ წელს ჩეხეთის პრემიერი გახდეს. მომავალ კვირას ავსტრიაში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. იქ გამოკითხვებში დამაჯერებლად ლიდერობს ულტრამემარჯვენე პოპულისტური „თავისუფლების პარტია“ (FPO).

ევროპის ხომალდი, როგორც ჩანს, კურსს ცვლის.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG