Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შექსპირის სილუეტი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიოს უდიდეს დრამატურგზე, კაცობრიობის სიამაყეზე, გენიალურ უილიამ შექსპირზე. თავის დროზე პლატონმა დიალოგ „ნადიმში“ თავის საყვარელ მასწავლებელ სოკრატეს ათქმევინა, ტრაგიკოსს კომედიის წერაც უნდა შეეძლოსო. ტრაგიკოსმა აგათონმა და კომედიოგრაფოსმა არისტოფანემ ვერ გაუგეს გენიალურ ფილოსოფოსს, მისი მოთხოვნა შეუძლებლად მიიჩნიეს, მაგრამ საუკუნეების შემდეგ ბრიტანელმა ბარდმა აუხდინა ოცნება ანტიკურობის მთავარ ადამიანს: ტრაგედიებიც დაწერა, ქრონიკებიც, კომედიებიც, სონეტებიც და რაც დაწერა, ყველაფერს გენიის ბეჭედი დაასვა. შექსპირის უნივერსალიზმი გასაოცარია, ხოლო მისი განსწავლულობა – დაუჯერებელი. სხვადასხვა დათვლით მან თავის უზარმაზარ შემოქმედებაში 17 500-დან 29 000-მდე სიტყვა იხმარა. ამან და კიდევ ბევრმა სხვა ფაქტორმა დააეჭვა ბევრი მკვლევარი, შეეძლო კი ეს გაეკეთებინა სტრატფორდელ კაცს, რომლის მშობლები და ქალიშვილი ხელმოწერის ნაცვლად ჯვრებს სვამდნენ? ასე დაიბადა სახელგანთქმული „ჰომეროსის საკითხის“ გავლენით ე.წ. „შექსპირის საკითხი“. იყო კი შექსპირი შექსპირი? იქნებ ეს რომელიმე გაცილებით უფრო ცნობილი ადამიანის ფსევდონიმია? იქნებ შექსპირის სახელი უკან სახელგანთქმული ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი იმალება? იქნებ ეს რამდენიმე ავტორის ერთობლივი ფსევდონიმია? შექსპირი მსახიობი და მევახშე შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ გენიალური ავტორი არა? რატომ? თუ ერთი ადამიანი არ შეიძლება ასე გენიალური იყოს, ამდენმა გენიოსმა როგორღა მოიყარა თავი ერთ ეპოქაში, ერთ ქალაქსა და ერთ თეატრში? რატომ უძღოდა წინ შექსპირის ინგლისში აღიარებას მისი საფრანგეთსა და გერმანიაში გაღმერთება? – ამ და კიდევ ბევრ ასეთ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG