Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი შაჰინი: "საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ"


ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი. თბილისი. 2023 წლის 20 თებერვალი.
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი. თბილისი. 2023 წლის 20 თებერვალი.

ავტორი: საბა გუჯაბიძე, "ამერიკის ხმა"

დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ „მზარდად მიდის“.

[ახლა] რაც ჩვენ ვიხილეთ, ის არის, რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ...
ჯინ შაჰინი

„ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო, სადაც აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს დასავლეთისკენ, ევროპისკენ გაიხედოს. მათ სურთ დემოკრატია. მე და სენატორი რიში იქ ვიმყოფებოდით 2012 წელს, რათა დავკვირვებოდით არჩევნებს, როდესაც ქვეყანაში "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. [ახლა] რაც ჩვენ ვიხილეთ, ის არის, რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“, - ამბობს სენატორი შაჰინი დემოკრატიული პარტიიდან.

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ჯინ შაჰინმა დასვა კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა. სხდომაზე ამერიკელი კანონმდებლები USAID-ის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს უსმენდნენ.

„ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს და გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე. შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს თუ არა USAID-ი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?" - იკითხა ჯინ შაჰინმა.

სამანტა პაუერი, USAID-ის ხელმძღვანელი (2021)
სამანტა პაუერი, USAID-ის ხელმძღვანელი (2021)

ამერიკელი სენატორის სულისკვეთება გაიზიარა სხდომაზე მყოფმა USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმაც, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“.

„მე ჯერ არ ვიცი როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს, უკიდურესად შემაშფოთებელია.

ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის გააგონონ მათი ხმა...

მეორე მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გაიგონონ მათი ხმა. და მე ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, - თქვა USAID-ის ხელმძღვანელმა, რასაც სენატორი შაჰინი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამ ინიციატივის მხარდამჭერი იქნება.

სხდომა, სადაც საქართველოს შესახებ ერთადერთი კითხვა დაისვა, ორ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის საკითხები და 2024 წლის გეგმები.

მოსმენაზე საუბარი შეეხო ყარაბაღში არსებული ვითარებას და სუდანში მიმდინარე პროცესებს. განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ქმედებებიც.

XS
SM
MD
LG