„სამარცხვინო სანახაობა იყო“, „უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ“... რუსეთის გადაწყვეტილებას, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიები დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადოს და „მშვიდობის უზრუნველსაყოფად“ იქ ჯარი შეიყვანოს, რუსულ პრესაში, ისევე როგორც ზოგადად რუნეტში, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
კომენტარები არაერთგვაროვანი იყო უკვე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლისას, ზოგი ამ გადაწყვეტილებას მიესალმებოდა, ზოგი კი წერდა, რომ ომი საშინელებაა და ჯობს პრობლემები მშვიდობიანად მოგვარდეს.
ინტერენეტში დებატები ჯერ კიდევ 21 თებერვალს დაიწყო, ხალხი ერთმანეთს ეკითხებოდა, აღიარებდა თუ არა რუსეთი ამ ტერიტორიებს. მოგვიანებით, როდესაც ვლადიმირ პუტინის თავმჯდომარეობით მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, კომენტარების შინაარსიც შეიცვალა. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის სერგეი ნარიშკინის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც პუტინის მოთხოვნაზე, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, ძალიან აღელდა და ისიც კი თქვა, მხარს ვუჭერ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლასო.
რადიო თავისუფლების რუსულმა ბიურომ რუნეტში ამ თემაზე გავრცელებული კომენტარები შეაგროვა:
„ისე განერვიულდა, ალასკის რუსეთთან შეერთებასაც აპირებდა, პუტინს რომ არ შეეჩერებინა“.
„მინდოდა პლედში შემეხვია და მეთქვა, დამშვიდდი“.
„არცერთი ჩვენი გამოძიება ასე თვალნათლივ არ წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ პუტინს გარშემო არა მხოლოდ ქურდი, არამედ საოცრად შტერი და მშიშარა ხალხი ახვევია“.
„სამარცხვინო სანახაობა იყო ეს შეკრება, ეს ხო ინტელექტუალური, ანთროპოლოგიური და ესთეტიკური კატასტროფაა“.
„- ნარიშკინი, დაფასთან! ისწავლე გაკვეთილი?
- ვისწავლე, ვლამვლაიჩ.
- მხარს უჭერ?
- ვვუჭჭჭერ“.
„რისთვის არის ეს შაპიტო? პუტინი აიძულებს ყველას, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი ლოიალური დამოკიდებულება დონბასის მიერთებასთან დაკავშირებით, რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ შეიშალა, ქვეყანას ომისკენ მიათრევს, გარემოცვა კი ცდილობს შეაჩეროს (თუმცა ეს შთაბეჭდილება მართებულია)“.
„საბავშვო ბაღის სპექტაკლი უფრო მეტად სარწმუნო იქნებოდა“.
„სოციოლოგია უკვე დიდი ხანია „ყვირის“, რომ ხალხი პრობლემებზე კონცენტრაციას ითხოვს და არა მორიგ გეოპოლიტიკურ ხულიგნებს. ჯანდაბა, ახლა ისევ დაბომბვას დავიწყებთ, და ისევ ვორონეჟის“.
„ეს 2014 წელს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.
„ვხედავ, ბევრი მიიჩნევს, რომ აღიარება ომის ალტერნატივაა, საიდან ასეთი რწმენა? მე თუ მკითხავთ, პირიქით, ომისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია“.
„ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ პუტინი ძალიან ახალგაზრდაა და 1991 წელს ის არ იყო პრეზიდენტი“...
მთავარი კითხვა, რომელიც რუსეთის გადაწყვეტილების კვალდაკვალ გაჩნდა, იყო - „რა იქნება შემდეგ“ და, კერძოდ, რა საზღვრების ფარგლებში აღიარა რუსეთმა აღნიშნული ტერიტორიები. „მედუზა“ წერს, რომ ჟურნალისტებმა კრემლის პრესმდივანს დმიტრი პესკოვს რვაჯერ დაუსვეს ეს კითხვა და რვაჯერვე ამაოდ. დმიტრი პესკოვის პასუხები ასეთი იყო: „იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიდაც თავად აღიარეს საკუთარი დამოუკიდებლობა... მაშინ, როდესაც აღიარეს“. „ეხო მოსკვის“ კითხვაზე, იგულისხმება თუ არა ამ საზღვრებში, მაგალითად, ქალაქი მარიუპოლი, პესკოვმა უპასუხა, რომ თავის პასუხს სხვას ვერაფერს დაამატებს.
„ეხო მოსკვის“ ვებგვერდზე ანტონ ორეხი თავის ბლოგში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გამოვლის შემდეგ საერთოდ აღარ არის მნიშვნელოვანი, თუ რა საზღვრებში აღიარებენ ამ ტერიტორიებს, რადგან პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ზოგადად უკრაინის დამოუკიდებლობაც არ მოსწონს.
„პუტინს მიაჩნია, რომ ასეთი სახელმწიფო საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ამიტომ კითხვა ის კი არ არის, ომი დაიწყება თუ არა, ის უკვე დაიწყო, ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. ახლა უბრალოდ ახალ ფაზაში გადავიდა. კითხვა ისაა, შემდეგი ფაზა როდის დადგება და რა ოდენობის სისხლად დაგვიჯდება ის“, - წერს "ეხო მოსკვის" ჟურნალისტი ანტონ ორეხი.
„ეხო მოსკვის“ გვერდზე ბლოგს აქვეყნებსჟურნალისტი და უფლებადამცველი მაქსიმ შევჩენკოც, რომელიც მიიჩნევს, რომ პუტინის გამოსვლაში მთავარი იყო არა მის მიერ წაკითხული ლექცია ლენინის შეცდომებზე, არამედ ის, რომ პუტინი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკას მიმართავდა და ევროპა აინუნშიდაც არ ჩააგდო.
„მის სიტყვაში ევროპა, როგორც გეოპოლიტიკური პროცესის სუბიექტი, საერთოდ არ ჩანდა... პუტინმა აჩვენა, რომ ევროპელების ლაქლაქი მისთვის არაფერს ნიშნავს. მრავალსაათიანი დიალოგი საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერთან არაფრის მომტანი აღმოჩნდა“.
და მთავარი კითხვა, რა იქნება შემდეგ? რუსული პრესა დღეს სანქციებს ელოდა. „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, რომ ფინანსურ სანქციებზე უფრო რთული გადასატანი შესაძლოა ტექნოლოგიური სანქციები აღმოჩნდეს, რადგან რუსეთშის თითქმის ყველა საწარმო საზღვარგარეთიდან შემოტანილ ტექნიკაზეა დამოკიდებული.
ივან ტიმოფეევი, სანქციონირების პოლიტიკის ექსპერტი, „არგუმენტი ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ სანქციების სიმძიმე იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება მოვლენები უკრაინის საზღვართან.
მისი თქმით, თუ საქმე საზღვრების დაფიქსირებით მორჩა და ომი არ დაიწყო, სანქციები შედარებით მოზომილი იქნება, პირველ ეტაპზე ეს შეიძლება იყოს ოფიციალური პირების "შებოჭვა", მაგრამ თუ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა სანქციების უფრო მასშტაბური პაკეტის ამოქმედებაა მოსალოდნელი, როგორიცაა, მაგალითად: რუსული ბანკების ბლოკირება, მსხვილი ბიზნესმენების ბლოკირება, რუსული ვალის შესყიდვის აკრძალვა და ა.შ.
ივან ტიმოფეევი ფიქრობს, რომ ამჯერად რუსეთი ისე ადვილად ვეღარ გადაურჩება სანქციებს, როგორც ეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემთხვევაში მოხდა.
„ამ ვითარების 2008 და 2014 წლებთან შედარება არ შეიძლება. 2008 წელს სანქციები არ ყოფილა, 2014 წელს კი ისინი მოზომილი იყო, დღევანდელობასთან შედარებით არარელევანტური. ახლა სხვა მდგომარეობაა. ახლა დასავლეთი უფრო კონსოლიდირებულია რუსეთთან დაკავშირებით და შეკავების მიმართულებით მოქმედებს“.
ივან ტიმოფეევი ამბობს, რომ მიუხედავად 2008 წელთან მსგავსებისა, დასავლეთის რეაგირება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების აღიარებაზე, დიდი ალბათობით, სხვაგვარი იქნება.