Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასაევის ჰეროიზაცია - რუსი ბლოგერები აფხაზეთს ტყვიით ემუქრებიან


ბასაევის ფოტოები მუზეუმში
ბასაევის ფოტოები მუზეუმში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო მუზეუმში შამილ ბასაევისადმი მიძღვნილი კომპოზიცია გამოჩნდა. ამან რუსი Z- ბლოგერები, და არა მარტო ისინი, ძალიან აღაშფოთა.

ბასაევი ქართულ-აფხაზურ ომში, აფხაზების მხარეს იბრძოდა. თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ვლადისლავ არძინბამ ის განსაკუთრებული ღვაწლისთვის მედლით („აფხაზეთის გმირი“) დააჯილდოვა.

შემდეგ ბასაევმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რამდენიმე ტერაქტი მოაწყო. ის ოფიციალურად მიიჩნეოდა ნომერ პირველ ტერორისტად. ნაწილობრივ ბესლანში მომხდარ ტერაქტზეც აიღო პასუხისმგებლობა. ამ თავდასხმის შედეგად 333 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - 186 ბავშვი.

შამილ ბასაევი
შამილ ბასაევი
ფოტო, რომელიც რუსეთის ფინანსური შემწეობით აღდგენილ მუზეუმშია გადაღებული, 17 სექტემბერს ტელეგრამარხ Hard Blog-ის ავტორმა გამოაქვეყნა.

„გამომწერების დახმარება მჭირდება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამოგზავნილ ფოტოს არ ვენდობი. ვინმე არის ისეთი, ახლა აფხაზეთში რომ ისვენებდეს? ან ვინმე ჰყავდეს იქ დამსვენებელი? სახელმწიფო მუზეუმში მისვლაა საჭირო და შემოწმება, მართლაც არის თუ არა ასეთი ექსპოზიცია. ბევრი რამ მინახავს და არაფერი მიკვირს, მაგრამ ეს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებსა და აღქმის უნარს აღემატება. ტვინი არ მემორჩილება, დავიჯერო. თუ მართლაც ასეა, ამ მუზეუმისთვის ერთი „კალიბრი“ არ უნდა დავიშუროთ. ასეთი თავხედობა ბუნებაში არ უნდა არსებობდეს“.

22 სექტემბერს Hard Blog-მა კიდევ ერთი პოსტი დადო.

„ვიდეოჩანაწერი მივიღე. ეს ის შემთხვევაა, მადლობის ნაცვლად სახეში რომ გაფურთხებენ. აფხაზეთში ბასაევმა რა გააკეთა, მნიშვნელობა აღარ აქვს. მან თავი ისეთ ტალახში ამოისვარა, აფხაზური მხარის წინაშე ძველი დამსახურება ამას ვერ გადაფარავს. როდესაც საბჭოთა კავშირის გმირები რამეს აშავებდნენ, მათ წოდებას ართმევდნენ და ადრინდელი დამსახურება არც კი ახსენდებოდათ. აქ კი სახელმწიფო, რომელიც ჩვენი ბიუჯეტიდან არცთუ ურიგოდ იკვებება, რომელიც რუსეთიდან ინვესტიციებს, სამხედრო დახმარებასა და შიდაპოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს, ღიად აცხადებს, გვკიდია, ბასაევი ვინ გგონიათ, ჩვენთვის გმირიაო. კანონის თვალსაზრისით, ეს ტერორიზმის საჯაროდ გამართლებაა, მორალური კუთხით კი - მკრეხელობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რას აკეთებ? უხერხულობას არ გრძნობთ? ბესლანში ტერაქტი რომ მოაწყო, იმ კაცს მეზობელ სახელმწიფოში გმირს უწოდებენ. არ მიიჩნევთ, რომ ეს სახეში შეფურთხებაა? ყველაფერი რიგზეა? აქ, რა თქმა უნდა, აფხაზეთში დასვენების მოყვარულებიც უნდა დაფიქრდნენ, რამდენად უსაფრთხოა იმ ქვეყანაში დასვენება, სადაც ტერორისტებს გმირებად აცხადებენ“.

აფხაზეთის მუზეუმში ბასაევის ფოტოების გამოჩენას ათობით ბლოგერი და პოლიტოლოგი გამოეხმაურა.

გეორგი ბოვტი, პოლიტოლოგი: „აფხაზეთი რუსეთზეაო დამოკიდებული, ანუ მისი „მარიონეტია“. თუ ვერანაირად ვერ ვაკონტროლებთ, ასეთი მარიონეტები რაში გვჭირდება? იქნებ, გავუშვათ ოთხივე მხარეს? ანუ უკან საქართველოში. იქ ასწავლიან „სამშობლოს სიყვარულს“.

ნიკოლაი სევოსტიანოვი, აღმოსავლეთმცოდნე: „აფხაზეთში გადაწყვიტეს რუსეთს კი არ შეაფურთხონ, პირდაპირ ნეხვის სროლაზე გადავიდნენ.

სოხუმში ანტირუსული სიმბოლოებით ადრეც თამაშობდნენ. ეს შესაძლოა ყოფილიყო ოსმალური ვექტორის ჰეროიზაცია, რუსეთის იმპერიის კრიტიკა, ან „ჩერქეზული საკითხის“ წამოწევა. ამ თემებიდან რუსოფობიის კუდი კი მოჩანდა, მაგრამ ეს მაინც წარსულის ამბები იყო, დიდი ხნის წინ მომხდარი. ახლა კი გმირად აცხადებენ კაცს, რომლის ხელებზეც უამრავი ადამიანის სისხლია, მათ შორის ბესლანელი ბავშვების სისხლი. მას რუსები სძულდა და ეს სისხლისღვრაც დიდი ხნის წინანდელი ამბავი არაა, ისტორიული თვალსაზრისით, გუშინ მოხდა.

რუსეთში უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ნათესავები და მეგობრები ბასაევის მხარდამჭერებისა თუ ხელქვეითების ხელით დაიხოცნენ. ბასაევმა განვლო გზა ბოევიკობიდან („ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლის“ გამო იყო გასამართლებული) ჯიჰადის ტერორისტამდე. თან ვაჰაბიტურ იდეოლოგიაშიც საკმაოდ იყო გაწაფული. მანიაკისა და მკვლელის განდიდებით გამოფენის ორგანიზატორებმა იჩქერიელი ბანდიტების მსხვერპლების საფლავებს დააფურთხეს.

ბასაევი მხოლოდ დამნაშავე არ არის. ის ერთმნიშვნელოვნად მარკერია - მისი განდიდება რუსოფობიის ფსკერი. ეს კბილის გაკვრის მცდელობა კი აღარაა, არამედ ღია გამოწვევა, თან გამოწვევა „failed state“-ის ეტალონისგან, რომელიც მხოლოდ რუსეთისა და რუსი ტურისტების ხარჯზე არსებობს.

ასეთი აქციები გაუმართლებელია. არავის უნდა ეპატიოს. თვალის დახუჭვა არ შეიძლება“.

ვლადისლავ შურიგინი, სამხედრო ექსპერტი: „ჩანს, მალე შავ ზღვაშიც გამოჩნდებიან ჰუსიტები“

ტელეგრამარხი „მნოგონაციონალი“: „რა ქვეყანაცაა (failed state), გმირიც ისეთი ჰყავს“.

ტელეგრამარხი „მონარქიის შვილები“: „მუქთამჭამელი ერი რუსეთის მოღორებას განაგრძობს. ახლა აფხაზებმა ვაჰაბიტი შერაცხეს გმირად - რუსოფობი, ტერორისტი და მანიაკი შამილ ბასაევი, რომელმაც რუსი ქალები და ბავშვები დახოცა. წინადადება შემომაქვს, ყველა აფხაზს - იმათ გარდა, ვინც სრულმასშტაბიან ოპერაციაშია ჩართული და იბრძვის - რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან და სოციალური შემწეობაც შეუჩერონ.

იმასაც ვნახავთ, ძველი და ამაყი მუქთახორა ერი როგორ ამღერდება“.

გევორგ მირზაიანი, პოლიტოლოგი: „თუ სიმართლეა, აფხაზმა მეგობრებმა ბოდიში უნდა მოიხადონ და ეს აიღონ. თუ არ გააკეთებენ, ერთი რუსული კაპიკიც კი არ უნდა გაიგზავნოს იქითკენ“.

ტელეგრამარხი „რაზვედ-დოზორი“: „გამოდის, მუზეუმში, რომელიც რუსეთის ფინანსური შემწეობით აღადგინეს, სახელმწიფოში, სადაც წარმოუდგენელი მასშტაბის რუსული ინვესტიციაა ჩადებული, იმ ტერორისტებს განადიდებენ, ვინც 2004 წელს, ბესლანის სკოლას დაესხნენ თავს. რის შედეგადაც 186 ბავშვი დაიღუპა.

ბასაევს როგორც არ უნდა გამოეჩინა თავი აფხაზეთში, ასეთი მასშტაბის დანაშაულს ვერავინ გაამართლებს. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის გმირებსაც კი, თუ რამეს დააშავებდნენ, წოდებას ართმევდნენ და მკაცრად სჯიდნენ.

ფაქტობრივად, ეს ტერორიზმის საჯაროდ გამართლებაა, ეს კანონის თვალსაზრისით, მორალური კუთხით კი - მკრეხელობა“.

ოსური ტელეგრამარხი „ბონვარნონი“: „სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ მკვდარ სულს, რამე რეაგირება ექნება? დიპლომატიური კუთხით ოფიციალური მოთხოვნა უნდა გაკეთდეს. თუ ეს ინფორმაცია ნამდვილია და აფხაზეთის ხელმძღვანელობა სიტუაციის გამოსწორებას არ აპირებს, საჯაროდ უნდა გაცხადდეს, რომ ეს ოსეთთან მიმართებით მტრული ნაბიჯია. ასევე ოსეთის ვეტერანულმა კავშირებმაც უნდა გამოთქვან საკუთარი აზრი“.

აფხაზეთის ტელეგრამარხი „ამრა-Life“: „მორალური თვალსაზრისით, ეს მკრეხელობა და რუსეთისთვის შეფურთხებაა. ასეთი ქცევით პრეზიდენტ ბჟანიასა და მის გუნდს გაუჭირდება თავი პრორუსულ ძალად მოაჩვენონ“.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თვითაღიარებული აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმმა გამოფენა დროებით დახურა.

„რია-ნოვოსტის“ მუზეუმში განუმარტეს, რომ ბასაევის ფოტო თანამედროვე ისტორიის დარბაზში 2012 წლიდან კიდია. მუზეუმის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ფოტოს აღებას არ აპირებს, სანამ ამას სასამართლო არ გადაწყვეტს, ან ბასაევს გმირის წოდებას არ ჩამოართმევენ. „აფხაზეთის სამამულო ომის დროს ქართულ ჯარზე გამარჯვებაში დაგვეხმარა. ის ჩვენი ისტორიის ნაწილია. მის ფოტოს ჩვენით არ ჩამოვხსნით“, - განაცხადეს მუზეუმში.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG