Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვარყვარეს სიტყვა - „წყნარად იყავით, რწყილებივით!“


ყვარყვარე ვარ, ყვარყვარე! მიწაში რაა, ის ვიცი. მე იმნაირი ხასიათის ვარ, ხანდახან კაცი თუ არ მოვკალი, ავად გავხდები. ჩვენს სოფელში, ერთხელ ხელით რომ ხე მოვთხარე, არ გახსოვთ?!

ვინ გგონივართ, ბატონო, დამაკვირდით. ხელმწიფის ერთგულ კაცს მეუბნებით? ვაი, ამ შავ დღეს! ისე მიყურებ, ბატონო, რომ სულ მაკანკალებს, ეს რა მდუღარეში ვტუცე ფეხი. ჩემისთანა მართალი ხეც არ არის. მე არ ვარ ის კაცი, გაიგონეთ.

ზოგიერთი კაცი სირცხვილით მიწაში რომ ჩაძვრება... სირცხვილს რომ ჭამ კაცი, თუ ვარგიხარ, მაშინ თავი უფრო მაღლა უნდა ასწიო. ასეა..

ცხოვრების წესი მე ასე გამიგია, კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა, მოთხარე: მაგრამ, თუ მაგრადაა - გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს...

უი, აქეთ მოდიან, რა ვქნათ, კარს მოადგნენ.

რევოლუცია მოხდა? რას ლაპარაკობს ეს კაცი?! მერე? ეჰე! რევოლუცია მოხდა!

ახლა მე ტუსაღი კი არა ვარ. ახალთაობის კაცად მიცნეს. მე შემეშინდა? შე ჩიჩია - შე გლახა.

ჩამოხრჩობას რომ მიპირებდით, რას ფიქრობდით? გეგონათ ასე შეგრჩებოდათ?!. მოტყუილდება რამეში ყვარყვარე თუთაბერი თუ რა გგონია?!

ქვეყანას რომ ეძინა, მე მაშინ ვმუშაობდი. დღე და ღამე პოლიცია მსდევდა. ხომ იცი, ჩვენ, სოციალისტები, ტყუილს რომ არ ვიტყვით. რაც მე ხალხისთვის წვალება გადამხდა?! რაც ცეცხლის პირად ნაცარში გეგმები მომიქექია.

იცი, რა არის კაპიტალისტი? კაპიტალისტი - ფულია. იცი, რა არის სოციალისტი? სოციალისტი ამბობს, რომ საიქიოს ვერ ნახავო. მე სოციალისტები უფრო მიყვარს, ისინი რომ ქადაგობენ, სწორედ ჩემი საქმეა. რომელ სახლშიც გინდა შედი და მოირთხე მაგრად ფეხი, სმა-ჭამა სულ მუქთი იქნება. მე რომ მკითხონ, სოციალისტების სურათებს ეკლესიაში დავკიდებდი, სულ წმინდანებივით წვალობენ ხალხისათვის, მეც ხალხისათვის ვწვალობ ამ ქვეყანაზე... სულს ამოგაცლი, თუთაბერი ვარ, სულძაღლო!

გესმის, რა არის გეგმა? არ გესმის. მოდი და ასეთ კაცს ელაპარაკე! ამას მე გავყიდი, თქვენ ხომ მაინც ტყუილად დაკარგავთ. სოფელში ხიდს კი გავაკეთებდი, მარა დამეზარა, ის ოხერი, ტვინი წაიღო იმისმა ანგარიშებმა. პატარა საქმე ჭირივით მეზარება! დიდი მოიჯარადრე ვიქნები, დიდისგან დიდი. აი, ნახავ, ქრთამს სულ ქერივით დავაბნევ დიდკაცობაში. თვალი დაგიბრმავდება, რომ გაგივლი და არ შეგხედავ. თქვენ ის უნდა ნახოთ აწი, ხალხი რომ ხელისგულზე დამიჯენს ხვითოსავით.

ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყემსე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება... თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა.

წყნარად იყავით, რწყილებივით!

როგორც არ უნდა შეიცვალოს მთავრობა, სულერთია თავი მე უნდა დამიკრას.

კარი ხომ მიუხურე!.. მერე, იქედან რომ გადმოცოცდნენ?

ვინა ხართ? ეს რა ამბავია?!!!

თუ ახლავე არ დაფანტულან, ამათი ზარბაზნებით, სუყველას გავსრეს. ჯარისკაცებს თავს ვერ ავაგდებინებ.

მე კი გიშველით, მაგრამ მე ახლა ვინ მიშველის. კაცო, უთენიაში რომ დამეცი თავზე ამ ქვეყნის მთავრობა ვარო, ახლა ერთი ასეულიც არა გყავს?!.

დავიღუპე კაცი, ჩემს საფლავს პატრონი ვერც კი მონახავს.

ახლა ბოლშევიკურად რომ გამოვიწყო პირი, და იქ დავბრუნდე? ცოტა ბოლშევიკურ ლაპარაკში მინდა გაწაფვა.

აა, მუნჯი ვარ, ვითომ მუნჯი ვარ... მუნჯური ხომ ყველა ენაზე ერთნაირია! მოდიან, მოდიან... ახლა რომ არ მომკლან, სწორედ ძაღლის იღბალია საჭირო!..

ბლოგი დაწერილია ნაწარმოების „ყვარყვარე თუთაბერის“ ციტატებით. 2023 წლის 7 მარტს „ყვარყვარე თუთაბერის“ ავტორს, მწერალ პოლიკარპე კაკაბაძეს დაბადებიდან 130 წელი შესრულდა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG