სვეტიცხოველში, ერეკლე მეფის გვერდით, მრავალი წლის განმავლობაში გამზადებული იყო ადგილი, რომელშიაც დარეჯან დედოფალი უნდა დაკრძალულიყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პატარა კახის გვერდით სულ სხვა ქალი დაასაფლავეს.
დარეჯანზე (დარია გიორგის ასული დადიანი) ერეკლე მეორემ 1749 წელს დაიწერა ჯვარი. ლამის ნახევარსაუკუნოვანი ქორწინებიდან შეეძინათ 14 შვილი - 5 ქალი და 9 ვაჟი (აქედან ერთი ქალი და ოთხი ვაჟი მცირეწლოვნები დახოცილან).
ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ დარეჯან დედოფალი თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაასახლეს რუსეთში, სადაც აღესრულა კიდეც.
ბაგრატ ბატონიშვილი წერდა: „წელსა 1807, ნოემბრის პირველს გამოჩნდა ვარსკვლავი კუდიანი გრძელი და არა კომეტა. წელს ამას გარდაიცვალა დედოფალი დარეჯან დადიანის ასული, მეუღლე მეფისა ირაკლისა, სანკთ-პეტერბურხსა შინა ნოემბრის 8, რომელიცა დამარხა იმპერატორმა ალექსანდრემ დიდითა ცერემონითა ნევსკის მონასტერსა შინა ხარების ეკლესიაში“.
თუ დარეჯანი „სანკთ-პეტერბურხში ნევსკის მონასტერსა შინა დაიკრძალა“, მაშ ვინ განისვენებს ერეკლეს გვერდით სვეტიცხოველში?
1846 წლის მარტში სვეტიცხოველში („ადგილსა სამარხსა ყოველთა საქართველოს მეფის სახლისა წევრთასა“) დიდის პატივით დაკრძალეს 70 წლის ქალი - დედა პოეტების ვახტანგ და ალექსანდრე (პუპლია) ორბელიანებისა, თვითონაც პოეტი ქალი და, თავისი შვილების მსგავსად, საქართველოს დამოუკიდებლობის თავგადაკლული მომხრე, თეკლე ბაგრატიონი, რომელიც უკანასკნელ გზაზე თვით მეფისნაცვალმა მიხაილ ვორონცოვმა და მისმა მეუღლემ ელიზავეტამ გააცილეს, თუმცა სიცოცხლეში რუსი მეფის მოხელეები დიდად არ სწყალობდნენ არც მას და არც მის შვილებს, რომლებიც 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო რუსეთში გადაასახლეს. მანამდე რუსეთში გადასახლებული იყო თავად თეკლე ბაგრატიონიც.
ალექსანდრე ორბელიანი დედის შემართებასა და მაღალ პატრიოტულ სულისკვეთებას ასე იხსენებს:
„როდესაც ჩემთან თბილისში ოფიცერი სინიცკი მოვიდა და გადასახლებაში წასვლა მიბრძანა, ჩემმა ცოლშვილმა ტირილი მორთო, მაშინ გაისმა დედაჩემის ხმა: ჩემი მკვლელი ის იქნება, ვისაც ახლა შეწუხებულს ვნახავო“.
ისტორიკოსი დავით ქორიძე თავის წიგნში „ქართველი ქალები“ წერს, რომ თეკლა 16 წლამდე ვაჟურად ჩაცმული ხშირად ხლებია თავის სახელოვან მამას სხვადასხვა ბრძოლაში.
შემორჩენილია 1780 წლის 14 ოქტომბრით დათარიღებული სახუმარო სიგელი, რომელსაც ერეკლე მეორე აწერს ხელს:
„გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს თეკლა ბიჭს, თუმცა აქამდის შენ ყველასგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდან გიწყალობებთ ბიჭის სახელს და უბრძანეთ ყველა შენს ძმებს და დებს გიწოდონ თეკლა ბიჭი“.
გადასახლებიდან დაბრუნებული თეკლა უმეტესად ცხოვრობდა თბილისში, მამის მიერ ბოძებულ სოლოლაკში. შემორჩენილია მისი სამი ლექსი: „რად გიკვირს პატიმარს მწუხარებანი“, „ყოველთა მოდასეთა დაისრეს გული“, „მოგახსენებთ ყოველთ, აზიელთა ერთი“, რომლებშიც, იმავე დავით ქორიძის თქმით, გადმოცემულია ღრმა სევდა საქართველოს უმწეო მდგომარეობის გამო.