Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ ამბების მოსმენა გიყვართ... ფესტივალი ZEG იწყება: ნახეთ, ვინ ჩამოვა თბილისში


ფესტივალ ZEG-ის სტუმრები
ფესტივალ ZEG-ის სტუმრები

ამბის თხრობის ფესტივალი ZEG ბრუნდება. ვისაც ამბების მოსმენა (და მოყოლაც) გიყვართ, 8-10 ივნისი უნდა მოინიშნოთ - ამ დღეებში თბილისი მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტ ცნობილ სპიკერს უმასპინძლებს: ჟურნალისტებს, პუბლიცისტებს, ფოტოგრაფებს, მწერლებს, მეცნიერებს, რეჟისორებს, ოპერატორებს...

მოკლედ, იმ ადამიანებს, ვინც სულ რაღაცას გვიყვებიან და თან გამუდმებით ეძებენ ახალ და ინდივიდუალურ ფორმებს ამ ამბების ჩვენამდე საინტერესოდ მოსატანად - მედიით, ლიტერატურით, ფოტოგრაფიით, კინოთი, ტექნოლოგიებით თუ სხვა გზებით.

Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ს მიერ 2019 წელს დაფუძნებულ საერთაშორისო ფესტივალს წელს ბევრი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს. ZEG-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი წელს რადიო თავისუფლებაცაა.

რა არის ZEG

ეს სახელი - ZEG პირველად 2019 წელს გამოჩნდა. მალე გავიგეთ, რომ ყვითელ ფონზე შავი ფერის აბრევიატურის უკან ამბის თხრობის ფესტივალი იდგა, რომელიც საქართველოში პირველად ტარდებოდა. გადაწყდა, რომ ZEG ყოველწლიური ფესტივალი გახდებოდა. პანდემიის გამო დროებით წყვეტას თუ არ ჩავთვლით, ასეც მოხდა.

პირველი ZEG - 2019 წელი
პირველი ZEG - 2019 წელი

რა მოხდება ZEG 2023-ზე?

ყველაფერი, რაც ამბის თხრობის ხელოვნებას ეხება.

იქნება პარალელური სესიები, ვორქშოპები, მასტერკლასები, ქალაქის ტურები. წარმოიდგინეთ, რომ ამბის თხრობაზე გიყვებიან ის პროფესიონალები, ვისი ტექსტები, ვიდეო, ფოტო თუ სხვა - გინახავთ, წაგიკითხავთ, მოგწონებიათ, გაგიზიარებიათ.

ვის ველოდებით თბილისში?

სია საკმაოდ გრძელია. ამიტომ აქ მხოლოდ რამდენიმე სტუმარზე მოგიყვებით. სხვების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას კი აქ იხილავთ.

კრისტოფერ უაილი
კრისტოფერ უაილი

კრისტოფერ უაილი

კრისტოფერ უაილი მონაცემთა მეცნიერია. სწორედ მან, New York Times-თან ერთად გამოააშკარავა სოციალური მედიის მონაცემების გამოყენების სქემა მოქალაქეების წინააღმდეგ.

ხოლო მის ჩვენებებს შეერთებული შტატების კონგრესსა და ბრიტანეთის პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვა.

უაილმა, ბრიტანული კერძო კომპანია “კემბრიჯ ანალიტიკა“ ამხილა სოციალური ქსელის 50 მილიონამდე მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებაში.

უაილი სხვადასხვა დროს მუშაობდა უფროს მრჩევლად როგორც ბრიტანეთის, ისე კანადის მთავრობებში, კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

არმანდო იანუჩი
არმანდო იანუჩი

არმანდო იანუჩი

The Death of Stalin - ალბათ, გახსოვთ ეს გახმაურებული ფილმი სტალინის სიკვდილზე, რომელიც რუსეთის მთავრობამ აკრძალა. ხოლო კინოკრიტიკოსებმა 2017 წლის ყველაზე შავ კომედიად აღიარეს. იანუჩი სწორედ ამ ფილმის სცენარისტი და რეჟისორია.

მისი სცენარი ფილმისთვის “In The Loop“ ნომინირებული იყო „ოსკარზე“, ხოლო მისი საკულტო სერიალი BBC-სთვის - “The Thick of It“ - ნომინირებული იყო BAFTA-ს ჯილდოზე.

ფედონ პაპამიქაელი
ფედონ პაპამიქაელი

ფედონ პაპამიქაელი

ჰოლივუდის ცნობილი კინოოპერატორი, რომლის ნამუშევრებს შორისაა “Ford vs. Ferrari“ და ახალი „ინდიანა ჯონსი“.

ჯონ კასავეტესის ზარის შემდეგ, ფედონი საბერძნეთიდან ლოს-ანჯელესში გადავიდა, სადაც დაიწყო კიდეც მისი კარიერის ახალი ეტაპი და დღეს მისი ნამუშევრები ორმოცდაათზე მეტ მხატვრულ ფილმს ითვლის. “Ford vs. Ferrari“ დაჯილდოვდა ოსკარის 4 ნომინაციით. ცოტა ხნის წინ დაასრულა მუშაობა ახალ „ინდიანა ჯონსზე“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ჰარისონ ფორდი.

ადამ პინკუსი
ადამ პინკუსი

ადამ პინკუსი

ადამ პინკუსი არაერთი ჯილდოს მფლობელი, კრეატიული აღმასრულებელი დირექტორია. Peabody-ის და Emmy-ს ჯილდოების, BDA GOLD-ის - სამაუწყებლო დიზაინისთვის და კანის ლომის მფლობელი. მას ნამუშევარი აქვს როგორც მხატვრულ სცენარებზე, ისე ტელევიზიებში, დოკუმენტურ კინოსა და ციფრულ პლატფორმებზე. ხოლო მისი პროექტები ნომინირებულია Gotham-ზე, Independent Spirit-სა და Academy Awards-ზე.

მარია რესა
მარია რესა

მარია რესა

ის არის აზიაში მომუშავე ძალიან ცნობილი ჟურნალისტი 35-წლიანი გამოცდილებით, ციფრული ახალი ამბების საიტის “Rappler“-ის დამფუძნებელი, რომელიც ფილიპინებზე პრესის თავისუფლებისთვის მებრძოლი პლატფორმაა. თავისი საქმიანობის გამო ის მუდმივად განიცდიდა პოლიტიკურ შევიწროებას დაპატიმრებების ჩათვლით.

„რეპლერის“ ბრძოლა სიმართლისა და დემოკრატიისთვის იყო დოკუმენტური ფილმის “A Thousand Cuts“ მთავარი თემა.

2021 წლის ოქტომბერში, მარია რესა იყო ერთ-ერთი იმ ორ ჟურნალისტს შორის, რომელთაც მიენიჭათ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

მისი გამბედაობის და დეზინფორმაციასა და “ყალბ ამბებზე“ მუშაობისთვის, მარია Time Magazine-მა 2018 წლის ადამიანად დაასახელა. ის ასევე მოხვდა 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის და Time-ის მიერ საუკუნის ყველაზე გავლენიან ქალად დასახელდა.

ჯო საბია
ჯო საბია

ჯო საბია

ის ცნობილი „ვოგის 73 კითხვის“ ავტორი და მოდერატორია. 73 შესაძლოა ვერ, მაგრამ მასთან კითხვის დასმის შესაძლებლობა სწორედ ZEG-ზე მოგეცემათ.

თომას დვორჟაკი
თომას დვორჟაკი

თომას დვორჟაკი

ფოტოგრაფია თუ გიყვართ, ამბის თხრობის ფესტივალზე ფოტოსააგენტო “მაგნუმის” ფოტოგრაფს თომას დვორჟაკს შეხვდებით.

ის 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებდა კავკასიას. შემდეგ კი კონფლიქტებს ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. მისი ფოტოები რეგულარულად იბეჭდება The New Yorker-ში, Time Magazine-ში, National Geographic-ში.

სევგილ მუსაევა
სევგილ მუსაევა

სევგილ მუსაევა

ის არის უკრაინელი ჟურნალისტი ყირიმიდან, უკრაინული გაზეთ „უკრაინსკა პრავდას“ მთავარი რედაქტორი. 2022 წლის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი. მუსაევა TIME-ის 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა. „უკრაინსკა პრავდამდე“ იყო გაზეთ Delo-ს (Happenings), ყოველკვირეული Vlast Deneg-ის (Power Money) და Forbes Ukraine-ის რეპორტიორი, სადაც სხვა თემებთან ერთად აშუქებდა კორუფციას ნავთობისა და გაზის მრეწველობაში.

ოკსანა ზაბუჟკო
ოკსანა ზაბუჟკო

ოკსანა ზაბუჟკო

ოქსანა ზაბუჟკო ცნობილი უკრაინელი თანამედროვე მწერალია, ოცზე მეტი სხვადასხვა ჟანრის წიგნის ავტორი (პოეზია, მხატვრული ლიტერატურა, ესეები, კრიტიკა).

მისი რომანი “Field Work in Ukrainian Sex“ 2006 წელს დასახელდა „ყველაზე გავლენიან უკრაინულ წიგნად 15 წლის დამოუკიდებლობის ისტორიაში“. არის არაერთი პრესტიული ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი. მისი ბოლოდროინდელი მოთხრობების კრებული “Your Ad Could Go Here“ (2020) მოხვდა New York Times-ის წლის 100 საუკეთესო წიგნს შორის მთელი მსოფლიოდან.

ZEG - 2022
ZEG - 2022

სად იქნება ZEG-ის „სახლი“?

ამბის თხრობის ფესტივალი წელს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონსტიტუციის ქუჩის #4-ში ჩატარდება, სადაც იქნება მთავარი სცენაც. იქვეა დანარჩენი ოთხი სცენა (რადიო თავისუფლების სცენა, Coda-ს სივრცე, Honore-ს სცენა და “APRILI”) პარალელური ღონისძიებებით - აქ გზამკვლევი თქვენი გემოვნებით უნდა აირჩიოთ.

რადიო თავისუფლების სცენაზე, მაგალითად, დაგხვდებათ ქვეყნების და კულტურების ამბები: მიგრაციაზე ამბების თხრობა ცენტრალური აზიიდან - უკრაინამდე. როგორ ხდები კორუფციის მსხვერპლი, როგორ ერთვები კრემლის დეზინფორმაციის თამაშში, როგორ ვყვებით ახალი ფორმებით მონაცემთა ჟურნალისტიკაში და არა მხოლოდ ამაზე, რადიო თავისუფლების სხვადასხვა ბიუროს ჟურნალისტები თავიანთ უნიკალურ გამოცდილებას გაგიზიარებენ.

Coda-ს სცენა მხატვრული გამოხატვისა და შემოქმედების, ჟურნალისტური მასტერკლასების ადგილად იქცევა.

Honore-ს სცენაზე გელით დისკუსიები ფილმების ჩვენებებითა და მომხსენებლებთან კითხვა-პასუხის სესიებით.

„აპრილი“ განტვირთვის სივრცე იქნება, შეხვედრების ადგილი, სადაც ისეთ მთხრობელებთან ურთიერთობა შეგეძლებათ, როგორიც, მაგალითად, ჯო საბია ან აარონ რასმუსენი არიან.

პირველად თბილისში - ევროპის პრესის პრიზის დაჯილდოების ცერემონია

კიდევ ერთი სიახლე - ამბის თხრობის ფესტივალის ნაწილი იქნება ევროპის პრესის პრიზის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. ასეთი რამ თბილისში პირველად ხდება. ამ დღისთვის თბილისში მსოფლიოს 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი ჩამოვა როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ჟურნალისტებისათვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. მასში მონაწილე და გამარჯვებული მასალები აქ შეგიძლიათ ნახოთ.

ZEG-ს კი წინ დიდი გეგმები აქვს - მას სურს გასცდეს საქართველოს საზღვრებს, თუმცა ამბის თხრობა ისევ მისი მთავარი ფოკუსი იქნება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG