Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა ვიბრძოლოთ დღეს, რომ ხვალ სხვებმაც შეძლონ ბრძოლა!


ავტორი: სოფო ჯაფარიძე, დამოუკიდებელი პროფკავშირის “სოლიდარობის ქსელის” თავმჯდომარე

მივესალმები გოგი გვახარიას სტატიას “დაიცავი მუშა!”, რადგან მან ინტელიგენციის გაკრიტიკება გადაწყვიტა - იმ ინტელიგენციის, რომელიც მხოლოდ “ძლიერებს” უჭერ მხარს, იმის მაგივრად, რომ “სუსტებს” დაუდგეს გვერდში. მიუხედავად ჩვენსა და გოგი გვახარიას შორის თანხმობისა საქართველოში ინტელექტუალების როლზე, გვინდა გამოვეხმაუროთ იმ შთაბეჭდილებას, რაც პირველი აპრილის აქციისა და სახალხო მოძრაობის გამოჩენაზე დარჩა მას.

მაგრამ ინტელექტუალების კრიტიკა არ არის საკმარისი. გოგი გვახარია თავის სტატიაში პოლიტიკოსების გაგდებაზე საუბრობს. ჩვენ, ზოგადად, “პოლიტიკოსებისა” და პოლიტიკურის წინააღმდეგნი არ ვართ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მავნე პოლიტიკას და იმ პოლიტიკოსებს, ვინც, ამ ქვეყანაში მიმდინარე ბატალიების ფონზე, მშრომელების ტრაგედიის თავის სასიკეთოდ გამოყენებას ცდილობს. ჩვენ, ზუსტადაც, გვჭირდება პოლტიკური აპარატი და თანამოაზრეები პარლამენტში, საკრებულოში, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში! ჩვენი ბრძოლა თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური.

ავტორი ასევე მიგვითითებს, რომ აქციაზე მუშები ვერ დაინახა. ამაზე ჩვენ ერთი დიდი კითხვა გვაქვს. ჩვენ ყველა მუშები ვართ, ვინც ვმუშაობთ, ვინც დაქირავებული ვართ ან არ ვართ. ის, რომ მუშები მხოლოდ შახტაში, მაღაროში და ქარხანაში არიან, მცდარი წარმოდგენების ნაწილია. მუშა მუშად მძიმე ინდუსტრიაში არ ყალიბდება. მუშა ხდება მუშა მაშინ, როცა მის სამუშაო ძალას დამსაქმებელი ქირაობს და ართმევს ყველა უფლებას, რაც, წესით, დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა ჰქონდეს. მუშა მუშად იქცევა მაშინ, როდესაც მას სჭირდება საპირფარეშოში გასვლისთვის, ჭამისთვის ნებართვის აღება; როდესაც მას წართმეული აქვს მისი სუბიექტურობა, მისი ემოციური, სოციალური და კულტურული მახასიათებლები. მოკლედ და კონკრეტულად, მუშები არიან ისინი, ვინც დიქტატურულ რეჟიმში არსებობენ სამუშაო ადგილზე. საქართველოში სამუშაო დრო იმდენად დაურეგულირებელია, რომ ამ დიქტატურის პირობებში არა 40 საათის, არამედ 60-80 საათის გაძლება უწევთ.

ვინ შეძლო აქციაზე მოსვლა? მუშებმა, რომლებმაც ძლიერი პროფკავშირი შექმნეს ბრძოლის შედეგად და დარეგულირებული სამუშაო საათები მოიპოვეს. დანარჩენი იყო იმ მუშათა მცირე კატეგორიიდან, ვინც საღამოს 6 საათზე ამთავრებს სამსახურს; ის მუშები, ვისაც მცოცავი სამუშაო გრაფიკი აქვთ და შემთხვევით დაემთხვათ პირველ აპრილს თავისუფალი დღე (ისიც, კვირაში ერთი დღე თუ აქვთ); სტუდენტები, ვისაც არ უწევს პარალელურად მუშაობა (უფრო ხშირად თბილისში ვინც ცხოვრობს და არ უწევს ქირის გადახდა), მაგრამ იცის, რომ მათაც ასეთივე მომავალი ექნებათ; მუშები, რომლებიც შეკვეთებზე მუშაობენ და თავიანთი სამუშაო გვიან ღამისთვის მოიტოვეს; მუშები, ვინც ახლა უმუშევრები არიან და სამსახურს ეძებენ. აი, ეს მუშები იყვნენ პირველი აპრილის აქციაზე. საბედნიეროდ, სოლიდარობის ქსელმა, მომსახურების სფეროში დასაქმებულ გამბედავ მუშებთან ერთად, მოახერხა ის, რომ უკვე უმრავლესობა აიგივებს საკუთარ თავს მუშასთან. მათი თვითორგანიზების მცდელობები, რომლებიც ყოველ წელს იზრდება, გვარწმუნებს ამაში. შეიძლება ის ამბავი, რომ ყველა მუშები ვართ, ინტელექტუალებამდე ვერ მიდის, მაგრამ ჩვენმა უმეტესობამ ეს იცის.

ედუარდის ოჯახის (ედუარდი, რომელიც ცოცხლად დაიმარხა ჭავჭავაძის 5 ნომერში) ყველა წევრი გადაბმულად, შესვენების გარეშე მუშაობდა. მეუღლე 17 დღე გადაბმულად მუშაობდა რესტორანში, თვითონ და თავისი 17 წლის შვილი ორი კვირა გადაბმულად მუშაობდნენ მშენებლობაზე. ეს არის მუშების რეალობა საქართველოში - მათ არ აქვთ დრო, რომ ქუჩაში გამოვიდნენ, რომ მშვიდად და წყნარად გაიაზრონ, თუ როგორ უნდა გაძლიერდნენ და “მესამე” თუ “პირველ” ძალად ჩამოყალიბდნენ. იმიტომ იმართება 13 აპრილს ფილარმონიაში კიდევ ერთი შეხვედრა იმავე ინტელიგენციით, ძველი ხალხით და ძველი იდეებით.

“სახალხო მოძრაობა” ვერ იქნება მართლა სახალხო, თუ შრომას არ მივხედავთ! იმედი, რომ ბიტკოინებით, სწრაფი სესხებით და სტარტაპებით სწრაფად დავაღწევდით თავს ჩვენს მძიმე ყოფას, აღმოჩნდა ტყუილი. უმეტესობა კვლავ დაქირავებულ მუშებად ვრჩებით. ვმუშაობთ ძალიან დაბალი ხელფასისთვის, ვალები გვაწვება კისერზე, ხოლო ჩვენი სამუშაო დრო არ მთავრდება. შესაბამისად, სახალხო მოძრაობის წინაპირობა მხოლოდ კეთილი სურვილები, საჯარო გამოსვლები და კარგი ადამიანობა ვერ იქნება. რაც კი ძალა გვაქვს, ვინც კი ჩვენს გვერდზეა, ყველამ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ მუშების კეთილდღეობისთვის. უსაფრთხოება სამსახურში ვერ იქნება დაცული, თუ არ იქნება დარეგულირებული ჩვენი სამუშაო საათები; თუ არ გაიზრდება ხელფასი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების გადარჩენას. შემოსავალიც ყოველთვის იქნება დამოკიდებული ჩვენს მზაობაზე, თუ რამდენად დავემორჩილებით დღეს გაბატონებული შრომის წესს. ამ ყველაფრის გარეშე, ვიქნებით მუდმივად დიდი შფოთვისა და წნეხის ქვეშ, იმის მაგივრად, რომ ვიფიქროთ როგორ გავძლიერდეთ კოლექტიურად.

გაფიცვის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არღვევს დამკვიდრებული შრომის წესებს, ქმნის განახლების, ახალი წესის დამკვიდრების სივრცეს. სამუშაო პროცესი ჩერდება და მუშები იბრუნებენ თავიანთ დროს და უფრო მეტ ფინანსურ ზარალს აყენებენ კომპანიას, ვიდრე მას მათი პირობების გაუმჯობესება დაუჯდებოდა. ეს არის ხერხი სამუშაო საათების ხანგრძლივობის შეცვლისთვის, უსაფრთხო გარემოსთვის, იმ შფოთვის დასრულებისთვის, რაც ყოველდღიურ გადარჩენას ეხება.

მართალია, ჩვენ ვერ ვიქნებით ინტელექტუალების იმედზე. თანაგრძნობა, ქველმოქმედება და უფლებების დაცვა სასამართლოში არ არის საკმარისი. ჩვენ ახლა უნდა ვიბრძოლოთ იმ სამუშაო დროისთვის, იმ ანაზღაურებისთვის, რომელიც მოგვცემს მეტ დროს, მეტ მატერიალურ ბაზისს, მეტ შესაძლებლობას, ვიბრძოლოთ მომავალი რეალური ცვლილებისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება დრო ფიქრისთვის, დრო ერთმანეთთან შეხვედრისთვის, დრო იდეების გაზიარებისთვის, დრო აქციების დაგეგმისთვის, დრო გაერთიანებისთვის, დრო იმისთვის, რომ სახელმწიფო ჩვენი გავხადოთ. ამ წინაპირობების დაკმაყოფილების გარეშე სხვა მუშების შემოერთება თითქმის შეუძლებელი იქნება. ჩვენი ბრძოლის შედეგად სხვა მებრძოლი ადამიანების რაოდენობა იზრდება. თუ მართლა გვინდა ნამდვილი ძალა შევქმნათ, უნდა ვიბრძოლოთ დღეს, რომ ხვალ სხვებმაც შეძლონ ბრძოლა!

XS
SM
MD
LG