Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკავშირდება თუ არა ყოფილი მერის და მისი მოადგილის დაკავება ზუგდიდში წაგებულ არჩევნებს?


განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე დანაშაულს არ აღიარებენ. ყოფილი მერის, ლაშა გოგიას, ადვოკატი მერაბ მამულაძე აცხადებს, რომ დეტალებზე ჯერ ვერ ილაპარაკებს, რადგან საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია, თუმცა ერთადერთი, რისი თქმაც შეუძლია, ის არის, რომ გოგია თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„არანაირი ქრთამი და არანაირი დანაშაული. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რაზეა საუბარი“, - აცხადებს მერაბ მამულაძე.

გია გულორდავას ადვოკატის, ზაქარია გვიშიანის, თქმით, დანაშაულს არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ, არ ჩაუდენია აღნიშნული. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმომცემია“, - თქვა ზაქარია გვიშიანმა.

დაკავებულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ლაშა გოგია
ლაშა გოგია

სუსის ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, 21 ათას 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 ათას ხუთასი განკუთვნილი იყო ზუგდიდის ცენტრში მდებარე გულუას პარკის, 10 ათას ხუთასი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

საქმეზე გამოძიება სექტემბერში დაიწყო და მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირები უკვე რამდენჯერმე დაიკითხნენ. ამას წინ უძღოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ ფარული ჩანაწერის გავრცელება, სადაც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია კორუფციულ გარიგებაზე ლაპარაკობს.

ზუგდიდის მერმა თანამდებობა გამოძიების დაწყების შემდეგ, 12 სექტემბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, გადადგომიდან ექვსი დღის შემდეგ კი ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ის „პროვოკაციის მსხვერპლია და თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს". მერის თანამდებობის დატოვების შემდეგ გოგია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნეს და ის აქტიურად მუშაობდა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, სასარგებლოდ.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს სწორედ ამაზე დაუსვეს კითხვა: რატომ ჩააბარა „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა ყოფილ მერს, მაშინ როცა მის წინააღმდეგ გამოძიება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, და ხომ არ განაპირობა მისი დაკავება ზუგდიდში ზურაბიშვილის დამარცხებამ. ბახტაძემ ამ ვერსიას დეზინფორმაცია უწოდა:

მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

„გამოძიება დაწყებულია გაცილებით ადრე და შესაბამისმა ორგანოებმა ამის შესახებ განცხადება არჩევნებამდე გაცილებით ადრე გააკეთეს. შესაბამისად, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას არჩევნების პირველ ტურთან? არავითარი. ეს არის სამართლებრივი ჩარჩო, რითაც ხელისუფლება უნდა ხელმძღვანელობდეს. თუ ადამიანის წინააღმდეგ არსებობს სამხილები, გამოძიება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და შედეგიც რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს. მაგრამ ამის დაკავშირება არჩევნებთან, ეს არის სრულიად საფუძველს მოკლებული. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა იყოს ქართულ საზოგადოებაში იმის მიუხედავად, არის თუ არა არჩევნები. თუ დაემთხვევა გამოძიების დაწყება რაღაც თარიღს, ეს არის სუფთა პროცედურული საკითხი, მთავარია, ასეთ შემთხვევებზე საქართველოში იყოს უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ლაშა გოგია საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, პრემიერის თქმით, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლოს განაჩენამდე ადამიანი დამნაშავედ ვერ გამოცხადდება.

ამ მოსაზრებას იზიარებს დაკავებული ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას, შვილი. გოგა გულორდავა, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში, აცხადებს, რომ „ეტყობა გამოძიებას ჰქონდა დაკავების საფუძველი“.

„ამ პერიოდისთვის რამე უნდობლობის ფაქტორი რომ მქონდეს ან გამოძიების მიმართ, ან შემდგომ პროცესების მიმართ, ასეთი რამის საფუძველი არ არსებობს. გამოძიებას, ეტყობა, ჰქონდა საფუძველი, რომ დაეკავებინა. ვნახოთ, რამდენად მართებული იქნება ეს თუ არ იქნება, ბრალი რამდენად იქნება დამტკიცებული, დაველოდოთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გოგა გულორდავამ.

მისი სიტყვებით, უჭირს ილაპარაკოს მედიით გავრცელებულ ჩანაწერზეც, რადგან მისი ავთენტიკურობაც გამოძიების დასადგენია. გოგა გულორდავას განმარტებით, შეფასების გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ გამოძიების დასრულებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

რეალურად არანაირ კორუფციასთან ბრძოლა არ გვაქვს სახეზე. ამ ადამიანებს არ აპატიეს წაგებული არჩევნები. მათ ჰქონდათ დათქმა, რომ თუ ისინი მოიგებდნენ არჩევნებს, არ დაიჭერდნენ...
ანა წითლიძე

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი დარწმუნებული არიან, რომ ყოფილ მერს და ვიცე-მერს „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში არჩევნებში წაგება არ აპატია. პარტიის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის, ანა წითლიძის, განცხადებით, მათთვის დიდი ხანია ცნობილია ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგებების შესახებ.

„რეალურად არანაირ კორუფციასთან ბრძოლა არ გვაქვს სახეზე. ამ ადამიანებს არ აპატიეს წაგებული არჩევნები. მათ ჰქონდათ დათქმა, რომ თუ ისინი მოიგებდნენ არჩევნებს, არ დაიჭერდნენ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ ბათლომე შელიას განმარტებით კი, ლაშა გოგია და გია გულორდავა არჩევნების მეორე ტურამდე მოსახლეობის გულის მოსაგებად დააკავეს.

„ამით ცდილობენ ამომრჩევლების თვალში კორუფციასთან მებრძოლების როლი გაითამაშონ. ამის გაკეთება მანამდეც შეეძლოთ, რადგან მანამდეც ყველაფერი ნათელი იყო“, - თქვა ბათლომე შელიამ.

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და მისი ყოფილი მოადგილის, გია გულორდავას დაკავებაზე ინფორმაცია სუსმა 1 ნოემბერს გაავრცელა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

XS
SM
MD
LG