Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტრეტიაკოვის“ ექსპონატებს  „ტრადიციულ ღირებულებებზე“  შეამოწმებენ 


"შიშველი", 1931 წ. ტრეტიაკოვის გალერეა
"შიშველი", 1931 წ. ტრეტიაკოვის გალერეა

რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა მუზეუმმა, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეამ, რუსეთის კულტურის სამინისტროსგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც, უწყება მოითხოვს ანგარიშის ჩაბარებას „გალერეის მუდმივი ექსპოზიციებისა და გამოფენების შინაარსის სულიერ და მორალურ ღირებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხზე“.

როგორც გამოცემა „მოსკოუ ტაიმსი“ წერს, წერილის ადრესატი გალერეის დირექტორი ზელფირა ტრეგულოვაა, გაგზავნილი წერილის ასლზე დაყრდნობით.

რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს სახელით გაგზავნილ წერილს ხელს აწერს რუსეთის კულტურის სამინისტროს მუზეუმებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნატალია ჩეჩელი, რომელიც, ამავე წერილში, ანგარიშის მომზადების ბოლო ვადად 6 თებერვალს ასახელებს.

რუსეთის კულტურის მინისტრი ოლგა ლუბიმოვა და ვლადიმირ პუტინი
რუსეთის კულტურის მინისტრი ოლგა ლუბიმოვა და ვლადიმირ პუტინი

როგორც წერილიდან ჩანს, შემოწმების საბაბად იქცა „რიგითი მოქალაქის“, მუზეუმის ერთ-ერთი დამთვალიერებლის, სერგეი შადრინის საჩივარი. მოქალაქე შადრინი მიიჩნევს, რომ ტრეტიაკოვის გალერეის ექსპოზიცია ეწინააღმდეგება „ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების“ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ჩამოყალიბებულია რუსეთის პრეზიდენტის 2022 წლის 9 ნოემბრის განკარგულებაში.

თურმე, მოქალაქე შადრინმა მუზეუმის დარბაზებში აღმოაჩინა „დესტრუქციული იდეოლოგიის ნიშნების“ მატარებელი ნამუშევრები, რომლებმაც მას „ნეგატიური გრძნობები განაცდევინეს“. ასეთ ექსპონატებად დამთვალიერებელმა დაასახელა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მხატვრების არაერთი ნამუშევარი, რომლებიც შეიცავს დაკრძალვის სცენებს, „გაბმულ სმას“, „მარგინალურ სოციალურ ელემენტებს“, „ვოლუნტარისტულ ინტერპრეტაციებს“ და ა.შ.

მოსკოვი. ტრეტიაკოვის გალერეის შენობა
მოსკოვი. ტრეტიაკოვის გალერეის შენობა

საჩივარში ნახსენებია პოლიპტიქი, 13 ნაწილისგან შემდგარი „საიდუმლო სერობა“, რომელმაც მოქალაქე საგონებელში ჩააგდო, რადგან ვერ გაარკვია, რომელი იყო იუდა. სავარაუდოდ, საუბარია ცნობილი რუსი მხატვრის ნატალია ნესტეროვას ციკლ „საიდუმლო სერობასა“ და მოქანდაკე ალექსანდრ ბურგანოვის „პიეტაზე“, რომელიც ღვთისმშობლის ფიგურის არაპროპორციული ფორმების გამო ბიბლიური სიუჟეტის „ეშმაკურ ინტერპრეტაციად“ ითვლება.

„ალექსანდრ ბურგანოვის სკულპტურა შექმნილია 1986 წელს. ქანდაკებაში ღვთისმშობელი და იესო ქრისტე არ არიან პერსონიფიცირებულები, დაფარულია გლოვის ნიშნები. „ავტორის ინტერპრეტაციით, ქრისტეს ტრაგიკული დატირების თემა მიყვანილია აბსტრაქტულ სიმბოლოს კატეგორიამდე. ეს არის ზოგადსაკაცობრიო ჟღერადობის სახე - გმირის დატირება საერთოდ და მეტიც - ადამიანის გმირული გაბედულების დატირება, ეს არის ყველა ცოცხალი ადამიანის რეკვიემი” - ა. ბურგანოვის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ვებსაიტიდან

ტრეტიაკოვის გალერეის თანამშრომელმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, გამოცემა „მოსკოუ ტაიმსს“ უთხრა, რომ საქმე აქვთ „ხელოვნებასთან ბრძოლის ტიპურ საბჭოთა მეთოდებთან, როცა ვითომდა ხალხიდან წამოსული წერილის საფუძველზე საქმეს ოფიციალურად ეძლევა მსვლელობა“. მუზეუმის თანამშრომელმა სამინისტროდან მიღებული წერილი შეადარა ნიკიტა ხრუშჩოვის 1962 წლის გამოსვლას, რომლის დროსაც მანეჟის ისტორიულ გამოფენაზე ნანახი ნამუშევრები შემდეგი სიტყვებით აღწერა: „ნეხვი“ და „ნათითხნი“.

ვიქტორ ვასნეცოვის "გმირებისადმი" არც "რიგით დამთვალიერებელს" და არც სამინისტროს პრეტენზია არ აქვს.
ვიქტორ ვასნეცოვის "გმირებისადმი" არც "რიგით დამთვალიერებელს" და არც სამინისტროს პრეტენზია არ აქვს.

რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ კულტურის სამინისტრო შეისწავლის ტრეტიაკოვის გალერეის განმარტებებს, რათა უპასუხოს მომჩივან მოქალაქეს: „ასეთ დოკუმენტებთან მუშაობის პრაქტიკა გულისხმობს დაქვემდებარებული დაწესებულებიდან მოქალაქისთვის პასუხის დასაწერად საჭირო ინფორმაციის მოთხოვნას“.

კ, პეტროვ-ვოდკინის "ლენინმა კუბოში" შესაძლოა დათრგუნოს ტრეტიაკოვის გალერეაში მისული "რიგითი მოქალაქე".
კ, პეტროვ-ვოდკინის "ლენინმა კუბოში" შესაძლოა დათრგუნოს ტრეტიაკოვის გალერეაში მისული "რიგითი მოქალაქე".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანებულებას „რუსული ტრადიციული სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების შესახებ“ ხელი მოაწერა 2022 წლის 9 ნოემბერს. ბრძანებულებაში შემავალი „ტრადიციული ფასეულობები“ მოიცავს: პატრიოტიზმს, მაღალ ზნეობრივ იდეალებს, მტკიცე ოჯახს, ღირსებას, შემოქმედებით შრომას და სულიერის უპირატესობას მატერიალურზე, ურთიერთდახმარებას, პატივისცემას, ისტორიულ მეხსიერებას, რუსეთის ხალხების ერთიანობას, თაობებს შორის უწყვეტობას და ა.შ.

ვლადიმირ პუტინი და რუსეთის პატრიარქი კირილე ფსკოვში, ალექსანდრე ნეველის ძეგლის გახსნაზე
ვლადიმირ პუტინი და რუსეთის პატრიარქი კირილე ფსკოვში, ალექსანდრე ნეველის ძეგლის გახსნაზე

პუტინის განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია ამერიკისა და არამეგობროულად განწყობილი სხვა ქვეყნების მიერ თავსმოხვეული "დესტრუქციული იდეოლოგიების" წინააღმდეგ ბრძოლა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG