Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერი ქალის, ამანდას ცემისთვის ჯერ არავინ დასჯილა


ტრანსგენდერი ქალის, ამანდას ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც ამანდას უფლებების დაცველმა, ადვოკატმა ციალა რატიანმა გვითხრა, ამ ეტაპზე დაზარალებული მხარე გამოძიების პროცესით უკმაყოფილო არ არის.

„დანიშნულია ექსპერტიზა და შესაბამისად მის პასუხს ველოდებით. დაკავებული ჯერ-ჯერობით არავინაა, დაზიანების ხარისხი უნდა ვიცოდეთ, შემდეგ აღკვეთის ღონისძიებაზე რომ დაიწყოს მსჯელობა. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი.“

ციალა რატიანი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჰომოფობიურ მოპყრობასთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები აქვს „ნიუ ჰოსპიტალთანაც“, თუმცა ამ საკითხზე რეაგირებას მოგვიანებით აპირებენ. თავის მხრივ, „ნიუ ჰოსპიტალი“მედიასთან განმარტავს, რომ მათთვის ყველა პაციენტი პაციენტია და ტრანსგენდერ ქალ ამანდასთან მოპყრობაში საავადმყოფოს მედპერსონალს ჰომოფობია არ გამოუვლენია.

ტრანსგენდერ ქალ ამანდას თბილისში 24 ივლისს ღამით სამი უცნობი დაესხა თავს. ცემის შედეგად მას დაუზიანდა ქვედა ყბა და ტუჩი და ჩაემსხვრა კბილი. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, რომელიც იგი „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა, ჭრილობებზე სისხლიც კი არ მოწმინდა. ადვოკატისვე თანახმად, მას „ნიუ ჰოსპიტალში“ დამცინავად მოექცნენ, მისი თანმხლებ პირს კი ფოტო-ვიდეო გადაღების გამო შენიშვნა მისცეს. ამის შემდეგ სასწრაფო დახმარების ხელახლა გამოძახებულმა ეკიპაჟმა ტრანსგენდერი ამანდა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

XS
SM
MD
LG