”სხვისი წერილები” ( ”Чужие письма”, 1975, რეჟ. ილია ავერბახი)
სერგეი გავრილოვი რუსეთ-საქართველოს ახალი ომის შესაძლებლობაზე ალაპარაკდა. ვინმე ბედუკაძე, ახლა უკვე დიდი ხნის წინ მნიშვნელოვანი როლი რომ ითამაშა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლაში, პირდაპირ მოუწოდებს რუსეთს ტანკებით შემოვიდეს საქართველოში... ეროვნული ბანკი ლარის კატასტროფულ ვარდნას რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას უკავშირებს. უკვე მერამდენედ საქართველოს ისტორიაში, იღვიძებს და ბობოქრდება ე.წ. ”სტოკჰოლმის სინდრომი”, მსხვერპლისა და აგრესორის ურთიერთობის პარადოქსული გამოვლინება, როცა შეშინებული მსხვერპლი ლამის სექსუალურად აღიგზნება მოძალადეზე და უკვე აღარ შეუძლია მის გარეშე არსებობა.
სექსუალობა შემთხვევით არ გამახსენდა. ილია ავერბახის ფილმს ”სხვისი წერილები”, ჩემი აზრით, ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს რუსულ-საბჭოთა კინოს ისტორიაში, დასავლეთში ხშირად უწოდებენ ”პირველ საბჭოთა ფილმს ლესბოსურ სიყვარულზე”. ერთ რუსულ პროვინციაში მეათეკლასელი ზინა ბეგუნკოვა ჩაუსახლდება თავის მასწავლებელს, ვერას, წაიკითხავს მის პირად წერილებს - მიმოწერას შეყვარებულთან - და შემდეგ ამ წერილებით, ფაქტობრივად, მის მანიპულაციას იწყებს. ოღონდაც არა იმიტომ, რომ ერჩის ვერას, მასწავლებლის კარიერის დანგრევაზე ოცნებობს.. არა. ზინა ამას სიყვარულით აკეთებს! გოგონა დარწმუნებულია, რომ მასწავლებელი ”უკეთესს” იმსახურებს.
დავანებოთ თავი ლესბოსურ ამბებს. ”სხვისი წერილების” პრემიერის შემდეგ ხალხმა (ცხადია, მხოლოდ სამზარეულოებში) დაიწყო მსჯელობა ინტელიგენციის უსუსურობაზე ხისტი, უხეში, ველური, უვიცი ”ხალხურობის” მიმართ.
ზინა, თავის წითელ მაისურში, რომელსაც ”17” ნომერი წარწერა აქვს, - ეს ბოლშევიკური ქიმერა, სრულიად ანგრევს და წინააღმდეგობის უნარს უკარგავს ვერას. ”მე ვერ ვაგებინებ მათ, რომ სხვისი წერილების კითხვა არ შეიძლება” - ამას ეუბნება ვერა თავის მოხუც მასწავლებლებს, პენსიონერებს, რომლებიც, სხვათა შორის, ფილმის ბოლოს აიბარგებიან და სადღაც მიემგზავრებიან. ამბობენ, რომ ამ სცენას ნამდვილი ომი გამოუცხადა საბჭოთა ცენზურამ. იმხანად ნებისმიერი ასეთი ორაზროვანი ”აბარგება” და ”სადღაც გამგზავრება” ბადებდა ისრაელში ემიგრაციის ასოციაციას. ილია ავერბახი თავადაც არ მალავდა, რომ ებრაელი იყო და პენსიონერი მასწავლებლების როლების შემსრულებელი მოხუცი მსახიობებიც თავის ნათესავებში მოძებნა. ასე რომ, ”სხვისი წერილების” მთავარი პლასტი, რის გამოც ავერბახის ფილმს გზები გადაუკეტეს დიდ ფესტივალებზე, ეს იყო ველური რუსული შოვინიზმი, გამოხატული, პირველ რიგში, ანტისემიტიზმში. თუმცა ჩვენთვის, ქართველებისთვის, ”სხვისი წერილები” იმხანად განსხვავებული მიზეზის გამო აღმოჩნდა ახლობელი.
დიახ, ზინა ვერ ელევა თავის მასწავლებელს. დიახ, ის აღტაცებულია თავისი მასწავლებლით. უბრალოდ, არ შეუძლია ვერას გარეშე ცხოვრება. დიახ, ესაა სხვის სივრცეში შეღწევა. თუ გნებავთ, ამას დაარქვით ”კოლონიალიზმი”, გამოხატული ორი თაობის ქალის ურთიერთობაში. ”სხვისი წერილების” პრემიერის შემდეგ დავინახეთ, რომ ილია ავერბახმა ყველაფერთან ერთად ჩვენი ისტორია, ჩვენი უბედურებაც აღწერა. 70-იანი წლების საქართველო უკვე ”ლივლივის” მდგომარეობაში იმყოფებოდა რუსულ-საბჭოთა პატრონის უღელში. ეს უკვე ისტორიის ის ეტაპი იყო, როცა მონობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სასიამოვნო გახდა, როცა ადამიანებს მოსწონდათ კიდეც, როგორ ტუქსავდა მათ მოსკოველი პატრონი. ტუქსავდა და, ამავე დროს, სიყვარულს უხსნიდა, ეფიცებოდა, რომ არ შეუძლია არსებობა მის გარეშე.
რუსულ-ქართული სიყვარულისა და სიძულვილის ეს ერთიანობა, დამპყრობლისა და დაპყრობილის ეს მთლიანი სახე, არაერთხელ შეუსწავლიათ ჩვენში; შოთა პაპავამ თავის დროზე საინტერესოდ გვიამბო, რას წარმოადგენს საქართველო რუსულ ლიტერატურაში. მაგრამ პირადად ჩემთვის ყველაფერი, რაც ამ თემაზე წამიკითხავს და მომისმენია, გაერთიანებულია ”სხვის წერილებში”, ფილმში, რომელიც არ ძველდება არამარტო იმიტომ, რომ ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან ”სტოკჰოლმის სინდრომზე” გვიამბობს. ილია ავერბახის ფილმი სხვა მხრივაც საინტერესოა. ლიბერალიზმზე შეტევის ეპოქაში, თანაც, ყოველი მხრიდან შეტევის ეპოქაში, ”სხვისი წერილები” აღიქმება როგორც ლიბერალიზმის თვითკრიტიკა და იმის აღიარებაც, რომ ლიბერალიზმი, განმანათლებლობა განიარაღებულია დამანგრეველი, სწორხაზოვანი და, რაც მთავარია, შესაძლოა, პოპულისტური ძალების მიერ. ილია ავერბახმა, ფაქტობრივად, იწინასწარმეტყველა ჩვენი ეპოქა, დაასრულა რა ფილმი საბჭოთა კინოსთვის უჩვეულოდ პესიმისტური ფინალით: მოხუცები ტოვებენ თავიანთ სახლს, შესაძლებელია, სამშობლოსაც... მაგრამ ავერბახი ამითაც არ კმაყოფილდება: საბარგო მანქანიდან, რომელსაც მოხუცი მასწავლებლების ბარგი გადააქვს, წიგნები ცვივა. აღარც წიგნი სჭირდებათ უკვე ზინა ბეგუნკოვებს.
P.S. 27 ივნისს “Financial Times”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ ”ლიბერალურმა იდეამ საბოლოოდ დაკარგა სიცოცხლისუნარიანობა”.. საინტერესოა, რომ ახალი რუსული შეტევა ლიბერალიზმზე დაემთხვა კომუნისტი მართლმადიდებლის, ვინმე გავრილოვის გაძევებას საქართველოდან და აქციებს რუსთაველზე, უზარმაზარი პლაკატით: ”Стоп СССР”.