ორდღიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა ყობში დაირეკა. გენადი ბოსიკოვს ვურეკავდი, ტელეფონზე ქალმა მიპასუხა. სვეტლანა ვარ, გენადის მეუღლეო. პირველივე კითხვა ყობის სიახლოვეს გამოჩენილ საოკუპაციო ძალებს და მათ საქმიანობას ეხებოდა. სვეტლანა გვიყვება, რომ ყობის ტყეში თითქმის ორკილომეტრიანი გზაა გაჭრილი.
„მუშაობდნენ და ახლა უკვე ქვევითამდე ჩავიდნენ. დაბლა მდინარის ნაპირისკენ არიან ჩასულები. სანამ მუშაობდნენ, ხმები ისმოდა, ექსკავატორი რაღაცას თხრიდა გზაზე, ახლა ხმა უკვე აღარ გვესმის, იმიტომ რომ დაბლა ჩავიდნენ, წნელისისკენ. ჩვენთან სიმშვიდეა, სიმინდის მოსავალს ვიღებთ.“
ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის თემში, ყობი ყველაზე პატარა სოფელია. ამ სოფელში გენადი ბოსიკოვის და სვეტლანა თიგიშვილის ერთადერთი ოჯახი ცხოვრობს. ყობს და ოკუპირებულ წნელისს მდინარე ლამუშურისწყალი ჰყოფს. წნელისი, ჩორჩანა წაღვლის მიმართულებით ვითარება აგვისტოში გამწვავდა, როცა ჩორჩანას ტყეში საქართველოს საპოლიციო საგუშაგო ჩადგეს. საპასუხოდ საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანის მიმართულებით ტყეში დაახლოებით კილომეტრნახევრით, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოიწიეს და ორი ე.წ. საგუშაგო მოაწყეს. ეს ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც დაადასტურა. ახლა კი წნელისიდან, ყობის გვერდის ავლით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ე.წ სასაზღვრო საგუშაგოებისკენ ახალი გზა გაჰყავთ. სწორედ ამ გზის მშენებლობას ხედავდა ბოსიკოვების ოჯახი.
გენადი და მისი ნაამბობი „ზღაპარშიც რომ ვერ დაიჯერებდა ისეთი ამბავი“
ყობისთვის ყურადღების მიქცევას გასულ კვირას ანტისაოკუპაციო მოძრაობაც ითხოვდა, მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ქართული სოფლის ოკუპაციიის საფრთხეს ხედავდა. უკვე ცნობილია, რომ შეიარაღებული პირები სოფელში არ შესულან, მაგრამ სოფლის ტყეში გასვლა შეუძლებელი გახდა. სვეტლანას ტელეფონს გენადი ართმევს. ტელეფონი ორ დღეში ერთხელ არის ჩართული. სოფელში 2000 წლის შემდეგ დენი არ არის და გენადი ხან წაღვლში მიდის ტელეფონის დასატვირთად, ხან კი გენერატორს რთავს, თუმცა საწვავის ფული ყოველთვის არ აქვთ. ოჯახის პენსია პროდუქტს, მედიკამენტებსა და სხვა პირველადი მოხმარების საგნებს ხმარდება. გენადი უფრო ემოციურია. პირდაპირ პრობლემებზე იწყებს საუბარს. დენი არ არის და არც ინფორმაცია არისო - ამბობს. წყალიც არ აქვთ. გენადი ორ დღეში ერთხელ სოფელ აბანოში სასმელი წყლის მოსატანად წინ და უკან დაახლოებით 6 კილომეტრს გადის.
„რომელი საუკუნეა ... გზა არა გვაქვს, წყალი არა გვაქვს, სინათლე არა გვაქვს, ინფორმაცია არ არის და აი ეგ არის. დასალევ წყალს ყოველ ორ დღეში აბანოდან ვზიდავ, აქედან ერთი სამი კილომეტრი იქნება. ბოლო ნასკი უნდა გავყიდო ახლა, რომ ბენზინი ჩავასხა გენერატორში და შუქი ავანთო. აბა ეს ცხოვრებაა?“
საოკუპაციო ძალების მოქმედებაზე და გზის გაჭრაზე დასმული კითხვის შემდეგ გენადის ხმა ებზარება; გაბრაზებასაც ვეღარ მალავს: 5-6 დღე მუშაობდნენ, ტყე გაანადგურეს და ეს ამბავი ახლა გაიგეს? მანამდე სად იყვნენ ხმა რატომ არავინ ამოიღო, ბუნებას რომ ანადგურებდნენ და ტყეს იტაცებდნენო.
ევროკავშირის დამკვირვებლებიც საოკუპაციო ძალების გადაადგილებას ბოსიკოვების ბაღიდან აკვირდებოდნენ. გენადის ხელისუფლების უყურადღებობა აბრაზებს.
„წავიდნენ უკვე ისინი (საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გ.ა.), რაც უნდოდათ გააკეთეს და ჩავიდნენ დაბლა ხალხო, ის ტრაქტორი რომ თავს იკლავდა 5-6 დღე და რომ ანგრევდა და ბუნებას რომ ანადგურებდა, მაშინ კაციშვილმა ხმა არ ამოიღო და ეხლა რომ წავიდნენ, ეხლა დაიწყეს ყვირილი და ისა? აგერ ჩემ ნაკვეთში დამკვირვებლები იდგნენ, იმოდენა ბურთი გაუშვეს მაღლა და (ევროკავშირის მისია სპეციალურ საჰაერო ბურთზე მიმაგრებული კამერით აკვირდება ხოლმე საოკუპაციო ზოლის სოფლებს გ.ა.) რას აკეთებდნენ აქა, მე მყარაულობდნენ დღე და ღამე? 65 წლის კაცი ვარ და ის ადგილი, სადაც ახლა გზა გაჭრეს, ზღაპრად რომ მოეყოლა ვიღაცას, არ დავიჯერებდი. მთა გაჭრეს კაცო, გზა გაჭრეს მაღლა, ტყეში. ადამიანი ვერ ჩადის და ვერ ამოდის ფეხითა და იქ გზა გაჭრეს კაცო! ამ ტყეს წაღვლის საკრებულო იყენებდა ოდითგანვე. ვიცავდით, ვზრდიდით ტყესა. სოკოს საკრეფად დავდიოდით, ყველაფერია ამ ტყეში და ეხლა ვეღარ გავალთ.“
ბოსიკოვების ხეხილის ბაღიდან ის მთა და ტყე კარგად ჩანს, სადაც დეფაქტო რესპუბლიკის დროშა ფრიალებს და ორი საგუშაგოა მოწყობილი. წაღვლელები, ჩორჩანელები და ყობელები ოდითგანვე ამ ტყით სარგებლობდნენ. სოკოს კრეფდნენ, შეშას ამზადებდნენ. ჩორჩანის ტყე ბუნებრივი წიაღისეულითაც მდიდარია. ტალკისა და დოლომიტის საბადოებით დეფაქტო ხელისუფლებაც არის დაინტერესებული და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ვითარების დაძაბვის მთავარ საბაბად ესეც განიხილება - საბადოების მოქცევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ყობიც ახალი ოკუპაციის ხაზის მიღმა დარჩება. გენადი და სვეტლანა ახლა სიმინდის მოსავალს აბინავებენ, საშემოდგომო ხახვს და ნიორს თესავენ. ამინდები როგორც კი აირევა, ეს ერთადერთი ოჯახიც გამოსაზამთრებლად რუსთავში წავა. უშუქო და უწყლო მაღალმთიან ყობში, სადაც გაუმართავი გზაც ჩაიკეტება ოჯახი ვერ გაძლებს. გაზაფხულზე დაბრუნებას აპირებენ, თუ მანამდე საოკუპაციო ძალებმა სოფელი არ შემოღობეს.
ყობის უახლესი ისტორია - რამდენჯერმე დაცლილი სოფელი და ომის კვალი
ერთ დროს ყობში 30 მდე ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ 90 წლების კონფლიქტის დროს იქ ქართული არაფორმალური დაჯგუფებები შევიდნენ და ქართული სოფლის ოსური მოსახლეობის შევიწროება დაიწყეს. მაშინ ბოსიკოვების მშობლების ოჯახიც ვლადიკავკაზში წავიდა, კონფლიქტის დროს გენადის მამიდაშვილი მოკლეს, მაგრამ ამის მიუხედავად ბოსიკოვები საქართველოში მაინც დაბრუნდნენ. სოფელში სახლების ნაწილი გადამწვარი დახვდათ. სოფელი დაიცალა, ხალხი გაიფანტა.
2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთის არმია საქართველოში შემოიჭრა, ომის პირველ დღეებში, წაღვლში მცხოვრები ქართველები ბოსიკოვების სახლს აფარებდენ თავს - ოსი ხარ, შენ ხმას არ გაგცემენ და არც სახლს გაგიჩხრეკავენო. გენადიც ეხმარებოდა თანასოფლელებს, მაგრამ ვითარება ისე გართულდა, რომ მოგვიანებით ბოსიკოვების ოჯახიც იძულებული გახდა სოფელი ცოტა ხნით მიეტოვებინათ. მალევე დაბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ტყიდან სამხედრო და სამშენებლო ტექნიკის ხმა ხშირად ესმით, არ უშინდებიან და მიწას ამუშავებენ. ორი შვილი ჰყავთ. ისინი სხვა სოფლებში არიან გათხოვილი და მშობლებს შეძლებისდაგვარად ეხმარებიან.
დაპირებები და ბუნდოვანი მომავალი
ბოსიკოვების ოჯახს ხელისუფლება ჰპირდება, რომ მალე მზის ენერგიის მოწყობილობას დაუმონტაჟებს და ელექტროენერგიის პრობლემას მოუგვარებს. ამან შეიძლება წყლის პრობლემაც მოაგვაროს, იქვე მთაზე ჭაბურღილიდან, საიდანაც წყლის ამოქაჩვას დენი სჭირდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის თემის სოფლებიდან მიგრაციის მაჩვენებელი მაღალია. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თემის ყველა სოფელი მაღალმთიანი სოფლის სტატუსით და შეღავათებით სარგებლობს, მიგრაციას ეს მაინც ვერ აჩერებს, რაც დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც აისახება. წაღვლის ამბულატორიის თანამშრომლების თქმით, რომლებიც თემის სოფლებს ემსახურებიან, 2018 წელს მთელ თემში, რომელშიც 8 სოფელი შედის, მხოლოდ 12 ბავშვი დაიბადა. 2019 წელს არაცერთი.