Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემთხვევით გადარჩენილი კადრები - "სოვლაბმა" უნიკალურ მასალას მიაგნო


ირაკლი ხვადაგიანი
ირაკლი ხვადაგიანი

70 საათის ვიდეომასალა საქართველოს უახლოეს ისტორიაზე - საბჭოთა კვლევის ლაბორატორიამ მიაკვლია ჩანაწერებს, რომლებიც 1990 წლების მოვლენებს ასახავენ. რადიო თავისუფლება ორგანიზაციის წარმომადგენელს, ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: რა არის გადაღებული?

ირაკლი ხვადაგიანი: უნიკალური მასალაა. ყველაზე ადრეული ჩანაწერები 1989 წლის ივლისს განეკუთვნება. აქ არის აფხაზეთში შეტაკებების შემდეგ შექმნილი მდგომარეობა, მოლაპარაკებები, 90-იანი წლები, არჩევნები, დამოუკიდებლობის აღდგენა, პოლიტიკური კრიზისი.

რადიო თავისუფლება​:​ როგორ იპოვეთ ეს მასალები?

ირაკლი ხვადაგიანი: ვიდეომასალების ავტორი და მფლობელი თავადაც ძალიან იყო ჩართული მაშინდელ მოვლენებში, ე.წ. ეროვნულ მოძრაობაში. პროფესიულადაც ახლოს იყო გადაღებასთან და მაშინდელ პროცესებს მუდმივად იღებდა ფირზე. საკმაოდ მდიდარი არქივი შეადგინა. ნაწილი, სამწუხაროდ, დაიკარგა. აფხაზეთის ომის შემდეგ, სახლში შეუცვივდნენ და ჩანაწერების უმეტესობა წაართვეს. მასალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იმიტომ გადარჩა, რომ სხვაგან ჰქონდა შენახული. 20 კასეტაზე მეტია.

რადიო თავისუფლება​:​ სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი? ეს კადრები თუ არის?

ირაკლი ხვადაგიანი: სწორედ ეს ნაწილია დაკარგული. კონკრეტული პირები დაინტერესებულები იყვნენ, რომ მათი ნამოქმედარი დოკუმენტურად არ დარჩენილიყო. სახლში დაესხნენ თავს და ვიდეომასალები წაართვეს. ძალიან მძიმე ტრავმები მიაყენეს, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს. გადარჩა ის, რაც იმ მომენტისთვის სხვაგან ინახებოდა.

რადიო თავისუფლება​:​მფლობელის ვინაობას ჯერ არ ასახელებთ?

ირაკლი ხვადაგიანი: ამ ეტაპზე, არა. სანამ არ შევისყიდით, ვამჯობინებთ, რომ ანონიმური დარჩეს.

რადიო თავისუფლება​:​ საზოგადოებისთვის ცნობილი პირია?

ირაკლი ხვადაგიანი: ვერ ვიტყვი, რომ კი. უბრალოდ იმ პერიოდში ძალიან იყო ჩართული მიმდინარე მოვლენებში. ვაპირებთ, მისგან ზეპირი ისტორიებიც მოვისმინოთ, ჩავრთოთ მასალის დამუშავებაში, რომ მოგვიყვეს კადრებზე - ვინ არიან, რა ხდებოდა კადრს მიღმა და ასე შემდეგ. მის შესახებ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისგან გავიგე და ასე მოვძებნე.

რადიო თავისუფლება​:​ ეს მასალები საქართველოშია?

ირაკლი ხვადაგიანი: კი, თბილისში.

რადიო თავისუფლება​:​ ეს კადრები არავის უნახავს აქამდე?

ირაკლი ხვადაგიანი: არა. თუმცა რაღაცები თავის დროზე შეიძლებოდა გადაეწერათ და ისე გავრცელებულიყო. მაშინ ბევრი არ იღებდა, მაგრამ მაინც იყო რამდენიმე ადამიანი, ამიტომ სხვებსაც აქვთ მსგავსი არქივები და მათაც ვეძებთ. ამ ვიდეოჩანაწერებს ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია. იმ პერიოდში ბევრი რამე ქაღალდზე კი არ იწერებოდა, ღიად, ქუჩაში ხდებოდა.

რადიო თავისუფლება​:​ ვინ არის ამ კადრებზე ისეთი, ვისაც ვიცნობთ?

ირაკლი ხვადაგიანი: მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები. ბევრი მათგანი უკვე აღარ არის ცოცხალი, მაგალითად, ზვიად გამსახურდია. მაგალითად, გადაღებულია ახლად არჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია, გამსახურდიას არჩევა, დროშის შეცვლა და საღამოს დიდი მიტინგი მერაბ კოსტავას სახლთან, როდესაც ხალხი კოსტავას დედასთან, ოლღა დემურიასთან მივიდა მისალოცად. როცა მასალები გაციფრულდება, შეიძლება კადრებში ბევრმა იპოვოს საკუთარი თავი.

რადიო თავისუფლება​:​ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია თანხას აგროვებს ამ მასალების შესასყიდად. რა გიჯდებათ მისი შეძენა?

ირაკლი ხვადაგიანი: საუბარია 25 ათას ლარზე. ამ ადამიანმა კეთილი ნება გამოიჩინა, რომ ჩვენთვის მოეცა. შეიძლებოდა უფრო მომგებიანად სხვაზე გაეყიდა, მაგრამ ჩათვალა, ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებია და ჯობს ჩვენ გვქონდეს. ჩვენ მას ღია რესურსად ვაქცევთ. ახლა შემოწირულებას ვაგროვებთ. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ჩართულობით. ალბათ მალე შევძლებთ შევისყიდოთ და მაშინვე მის გაციფრულებას დავიწყებთ. ეს ჩანაწერები საჯარო გახდება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG