Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების შემოწმების ახალი ეტაპი იწყება


სახანძრო სტენდი
სახანძრო სტენდი

ამ კვირიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით იწყებს შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას. ეს მანამდეც ხდებოდა, თუმცა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესს ატარებს. გაიზარდა ჯარიმის თანხაც. თუ ადრე სხვადასხვა დარღვევა 50-დან 200 ლარამდე ჯარიმით ისჯებოდა, ახლა ეს თანხა 500-დან 10 000 ლარამდეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა მიშა ფეიქრიშვილმა გვითხრა, რომ კრიტიკულად შეუსაბამო დარღვევების შემთხვევაში, უფლება აქვთ სასამართლოს მიმართონ და კონკრეტული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება მოითხოვონ. თუმცა, მანამდე სპეციალისტები ობიექტებს ორჯერ შეამოწმებენ, რეკომენდაციებს გასცემენ და მათ შესრულებას დაელოდებიან. „თუკი მესამე შემოწმებისას ჩვენი სპეციალისტები აღმოაჩენენ, რომ არაფერი არ არის გაკეთებული, ან იქნება ისეთი დარღვევები, რომელმაც შეიძლება მოქალაქეების სიცოცხლე, ან ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს, ასეთ შემთხვევაში იქნება გამოყენებული სანქციები“ - ამბობს მიშა ფეიქრიშვილი.

ჩვენ ფული არ გვაქვს, რომ სპეციალისტი დავიქირავოთ და სწავლება ჩაგვიტაროს...
ნოდარ ბერძენაშვილი

სასტუმროების, მაღაზიების, რესტორნებისა და საზოგადოებრივი თაშეყრის სხვა ადგილების გარდა, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შეამოწმებენ ბაგა-ბაღებსა და სკოლებსაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, მაგალითად, კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ მხრივ, არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. არასაკმარისია ცეცხლმაქრების რაოდენობა და ზოგიერთ შემთხვევაში გაუქმებულია საევაკუაციო გასასვლელები.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ ბერძენაშვილი ამბობს, რომ საევაკუაციო გასასვლელიც აქვთ, ცეცხლმაქრებიც და სხვა საჭირო ინვენტარი, თუმცა, პრობლემა ის არის, რომ თავად პედაგოგებმა არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ხანძრის შემთხვევაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა და 247 დაშავდა...

„ჩვენ ფული არ გვაქვს, რომ სპეციალისტი დავიქირავოთ და სწავლება ჩაგვიტაროს. ვცადეთ სპეციალისტის მოწვევა, თუმცა 200 ლარი დაგვიფასა. კარგი იქნება, თუ ამ მხრივ სკოლებში სწავლება ჩატარდება“ - ამბობს ნოდარ ბერძენაშვილი. რამდენიმე მოსწავლემაც გვითხრა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ არაფერი იციან, გარდა იმისა, რომ ხანძრის შემთხვევაში შენობა უნდა დატოვონ. თუმცა, არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ თემაზე სკოლაში ტრენინგი ჩაუტარეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად დაიწყეს პროექტი „უსაფრთხოების 50 გაკვეთილი,“ რომელიც ითვალისწინებს სკოლებსა და ბაგა-ბაღებში მეხანძრე-მაშველების მონაწილეობით სპეციალური გაკვეთილების ჩატარებას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა და 247 დაშავდა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG