Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის არჩევნები: ამას არავინ ელოდა, თუმცა ეს დასასრული არ არის


საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, 2024 წლის 7 ივლისი
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, 2024 წლის 7 ივლისი

ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ამ შედეგს არავინ ელოდა.

მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე "ეროვნულ გაერთიანებას" არ უწინასწარმეტყველებდნენ სრული უმრავლესობის მოპოვებას 577-ადგილიან პარლამენტში, თუმცა მოელოდნენ, რომ ის პირველ ადგილზე გავიდოდა, 200-ზე მეტი მანდატით. მაგრამ თუკი წინასწარი და, როგორც წესი, სანდო ეგზიტპოლების შედეგები გამართლდება, "ეროვნული გაერთიანება" მესამე ადგილზე იქნება, მაქსიმუმ 150 დეპუტატით.

დიდი გამარჯვებული კი ახლახან შექმნილი მემარცხენე ალიანსი, "ახალი სახალხო ფრონტია", რომელიც თავს უყრის მწვანეებს, სოციალ-დემოკრატებს, კომუნისტებს, და მემარცხენე ლიდერის, ჟან-ლუკ მელანშონის "დაუმორჩილებელ საფრანგეთს" (LFI). წინასწარი მონაცემებით, ეს ალიანსი 200-მდე მანდატის მოპოვებას შეძლებს.

ლე პენს უსწრებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანებაც, სახელად "ერთად", რომელიც მეორე ადგილზე გადის.

რამ განაპირობა ეს მოულოდნელობა? პირველ რიგში ამომრჩევლის აქტივობამ, 67%-მა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საფრანგეთში ამ საუკუნეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩანს, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გარდამტეხი კენჭისყრის შესახებ განცხადებებმა შედეგი გამოიღო და მობილიზაციაში მოიყვანა ულტრამემარჯვენეთა მოწინააღმდეგე ელექტორატი.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ე.წ. რესპუბლიკის ფრონტი, არაოფიციალური, თუმცა წარმატებული თანამშრომლობის ფორმატი "ეროვნული ერთობის" წინააღმდეგ. ეს ფრონტი 200-ზე მეტ დასახლებაში ამოქმედდა იმ ფიგურების მხარდასაჭერად, რომლებსაც ლე პენის კანდიდატების დამარცხებისთვის ყველაზე მეტი შანსი ჰქონდათ. ლე პენის "ეროვნული ერთობა" ხშირად ძლიერდება მაშინ, როცა მემარჯვენე-ცენტრისტული და მემარცხენე პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან. მაგრამ ამ ჯერზე ულტრამემარჯვენე ძალებმა ვეღარ ისარგებლეს პოლიტიკური ლანდშაფტის დანაწევრებით.

ეგზიტპოლების შედეგებმა ევროპაში ბევრს შვება მოჰგვარა - მაგრამ პროცესი დამთავრებული არ არის.

მაკრონის ძალაუფლება - ყოველ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით - მნიშვნელოვნად შეიკვეცა. ახლა დადგება ფუნქციური მთავრობის ფორმირებისთვის ბრძოლის ფაზა, გახლეჩილ პარლამენტში, რომელშიც მემარცხენე ალიანსი და მაკრონის ცენტრისტები თანხმობაში არ იქნებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგიერთ პარტიაზე საკუთრივ ალიანსის შიგნით. თუკი კოალიციის შექმნა მოხერხდება, ის სუსტი და, სავარაუდოდ, ქაოსური ხასიათის იქნება. გამორიცხული არ არის ხელახალი არჩევნების გამართვა ერთ წელიწადში - როცა ეს კანონით გახდება შესაძლებელი.

და გამორიცხული არც ისაა, რომ მარინ ლე პენი კიდევ უფრო ხელსაყრელ მომენტს დაელოდება, იქნება ეს ხელახალი საპარლამენტო კენჭისყრა თუ კიდევ უფრო დიდი პრიზი - პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც 2027 წელს უნდა გაიმართოს.

ფორუმი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG