საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს, რომელიც, დეპუტატების თქმით, ამკაცრებს ბრძოლას ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიღებული ცვლილებების მიხედვით, დანაშაულად ცხადდება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა. საინტერესოა, რას ცვლის არსებითად პარლამენტის მიერ მიღებული „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები.
ცვლილებები „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში
- „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში მომზადდა.
- კანონპროექტს მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის 75-მა დეპუტატმა და ოპოზიციის ნაწილმა.
- ე.წ. ქურდული სამყაროსა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა 2005 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, ე.წ. კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა.
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის 75-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მომზადდა. მინისტრმა გიორგი გახარიამ კანონპროექტის პარლამენტში განხილვამდე განაცხადა, რომ ქურდული სამყარო და აზროვნება საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და რომ საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა:
„კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული არის ძალზე დიდი რისკის შემცველი და, ფაქტობრივად, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის შემთხვევა და კომპონენტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ წარმატებულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ ვაფასებთ“.
საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმაც. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა არსებითი ცვლილებები, რომლებიც, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს საშუალებას ეფექტიანად ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს.
„სასჯელის ვადები იზრდება, ამავე დროს შემოდის ე.წ. პასიური წევრობის ცნებაც, რომელიც გულისხმობს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. კონკრეტდება ქმედებები, რომლებიც მანამდე იყო დავის საგანი, ეს ქმედება არის თუ არა ქურდული სამყაროს წევრობა. ვთქვათ, კანონიერი ქურდისთვის მიმართვა საქმის გასარჩევად ცალსახად ეს უკვე არის კრიმინალიზებული ქმედება და დანაშაული. ანუ გამკაცრება გულისხმობს როგორც დეფინიციის დონეზე უფრო მეტი ქმედების დეტალიზაციას, ასევე სასჯელების გამკაცრებას, თუმცა მაინც მთავარია ამ ზომების ცხოვრებაში გატარება, თორემ ის, რა პოლიტიკასაც ხელისუფლება ატარებდა კანონის მიუხედავად, ფაქტობრივად, კანონს არღვევდა, არ აღასრულებდა და ამიტომაც მივიღეთ მძიმე ვითარება“, უთხრა ოთარ კახიძემ რადიო თავისუფლებას.
ე.წ. ქურდული სამყაროსა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა 2005 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, ე.წ. კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა. გიორგი ღლონტი, დანაშაულისა და უსაფრთხოების სფეროს მკვლევარი, ამბობს, რომ ქართველმა კანონიერმა ქურდებმა, ამ კანონისა და სხვა არაერთი მიზეზი გამო, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს მიაშურეს:
საქართველოში ნაკლებად არიან და, ვფიქრობ, ეს გამოწვეულია პირველ რიგში იმით, რომ მკაცრი კანონმდებლობაა და მეორე, ეკონომიკური ვითარებაც არ არის ისეთი, რომ მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღონ...გიორგი ღლონტი
„ჩემი თვალით მინახავს კრიმინალები ფრაიბურგის ციხეში, საფრანგეთში და ა.შ. ანუ მათი გავრცელების არეალი ემთხვევა დიასპორების გავრცელებას, სადაც კანონიერი ქურდების გავლენა შედარებით დიდია, რაზეც მეტყველებს ბოლო დროს მომხდარი დაპატიმრებები. საქართველოში ნაკლებად არიან და, ვფიქრობ, ეს გამოწვეულია პირველ რიგში იმით, რომ მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, მკაცრი კანონმდებლობა არის და მეორე ის, რომ ეკონომიკური ვითარებაც არ არის ისეთი, რომ მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღონ“.
ცვლილებების ავტორთა განმარტებით, ქურდული სამყაროს პასიური წევრობის დასჯადობას, მთლიანობაში, აქვს საგანმანათლებლო, პრევენციული ეფექტი. ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ იმდენად დიდია საბჭოთა მემკვიდრეობით მიღებული კრიმინალური სუბკულტურის გავლენა ცნობიერებაზე, რომ ვითარების შესაცვლელად საჭირო იქნება მასშტაბური და ხანგრძლივი საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარება როგორც მოზარდებში, ასევე მათ მშობლებსა და პედაგოგებშიც.
„არც კი აქვთ გაცნობიერებული, რომ შეიძლება სხვა ალტერნატივა არსებობდეს, სხვა შეხედულება არსებობდეს. მაგალითად, მოზარდს სჭირდება დახმარება, მას აქვს კონფლიქტი, არის ძალადობის მსხვერპლი თავისი თანატოლის მხრიდან... ეკითხები, ვინ არის ის ადამიანი ან უწყება, რომელსაც შენ მიმართავდი დახმარებისთვის, ავტომატურად გიპასუხებენ, რომ ეს არის ვიღაც ავტორიტეტი, რომელსაც შეუძლია ეს საქმე „მოაგვაროს“ და როცა ეკითხები საიდან მოდის ასეთი დამოკიდებულება, სად წერია, ვისგან იქნა გაზიარებული, ისეთ პასუხს გაძლევენ, რომ ხვდები, ეს ყველაფერი ხდება მემკვიდრეობით მიღებული, შესისხლხორცებული სოციალური მოდელების მიბაძვით“, უთხრა მაია ცირამუამ რადიო თავისუფლებას.
კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ორგანიზებული დანაშაულის მეთაურების დასჯადობა აღარ ემყარება მათ მიერ დანაშაულებრივ საქმიანობაში უშუალო მონაწილეობას, რადგანაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „კანონიერი ქურდები“ წარმოადგენენ რა დანაშაულებრივი სამყაროს „ელიტას“, როგორც წესი, უშუალო მონაწილეობას არ იღებენ დანაშაულების აღსრულებაში. „კანონიერი ქურდები“ საკუთარი გავლენისა და ავტორიტეტის გამოყენებით ახერხებენ პირთა მართვასა და კრიმინალური საქმიანობის წარმართვას.