გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების მძიმე ტექნიკა ორი დღის წინ შეამჩნიეს. ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია თავშესაფრის აივნიდან ხედავდა, მოპირდაპირე მთაზე როგორ თხრიდა ტრაქტორი და როგორ მოძრაობდნენ სატვირთო მანქანები. სალიამ ამ შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გადაიღო და სოციალური ქსელებით გაავრცელა. მედიის ყურადღება დღეს ხურვალეთისკენ იყო მიმართული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტები სოფელში ორგანიზებულად შეგვიყვანა. გავჩერდით ხურვალეთის სკოლასთან, საიდანაც კარგად ჩანდა ფერდობზე შეფენილი სოფლის სასაფლაო და სასაფლაოს ზევით ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი. ლუდა სალიას მტკიცებით, საოკუპაციო ძალები სწორედ ამ ბანერის სიახლოვეს მუშაობდნენ. სალია ჟურნალისტებს სოფლის სკოლასთან შეგვხვდა.
შემოვლითი გზა აქვთ ცხინვალისკენ და ამ გზას ხრეშავენ. ტრაქტორი თავაანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუშაობდა, აქეთ არც ჩამოსულან.დავით ხუროშვილი
„ძალიან მაღიზიანებს, როცა ჩემი აივნიდან ვხედავ, როგორ მოდიან ოკუპანტები, როგორ მუშაობს მათი ტექნიკა, როგორ თხრიან მიწას, როგორ გადაადგილდებიან... ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებს. ავდექი, გავეპარე პოლიციას, ავედი ქედზე. 20 მეტრით რომ მივუახლოვდი, უკვე წამოვიდა ორი შეიარაღებული პირი. შემეშინდა და იქვე გავჩერდი და, რაც შემეძლო, გადავიღე. ბანერთან ახლოს მუშაობდნენ. თვალნათლივ ვნახე, რომ სატვირთო მანქანებით გრუნტი გაჰქონდათ. ძალიან ღრმა ორმოა გაკეთებული. ხომ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა გააკეთა რუსმა, რატომ ამოთხარა მიწა. შიშის ქვეშ ვართ. მხოლოდ ის გავიგე, რომ ორჭოსნის სამხედრო ბაზიდან წინაგარის მიმართულებით გზას აფართოებენ და ეს მიწა იქ მიაქვთ“, - ამბობს ლუდა სალია. მისი მტკიცებით, ის ადგილები, სადაც საოკუპაციო ძალები მუშაობდნენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულია.
6 ნოემბერს ხურვალეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. მათი თქმით, უკანონო სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.
ლუდა სალიას გარდა, ადგილობრივი მცხოვრებლები ინტერვიუს მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ იძლეოდნენ. იქვე პოლიციაც მეთვალყურეობდა და ვინც კი კომენტარზე დათანხმდა, ყველა ერთხმად ამბობდა, რომ საოკუპაციო ძალები სოფლის ტერიტორიაზე არ შემოსულან და ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობდნენ. ხურვალეთის მცხოვრები დავით ხუროშვილი ამბობს, რომ დაინახა, ორი დღის განმავლობაში როგორ მუშაობდა სოფლის მიმდებარე მთაზე მძიმე ტექნიკა:
„შემოვლითი გზა აქვთ ცხინვალისკენ და ამ გზას ხრეშავენ. ტრაქტორი თავაანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუშაობდა, აქეთ არც ჩამოსულან. დაბლიდან ვხედავდით ამ ყველაფერს. არ მეშინია, რა ვიცი, სოფელში სიმშვიდეა“.
საუბარში იქვე მდგომი თემურ ბატონისაშვილი ერთვება:
„ეჰ, ბარემ სულ ჩვენია ეს მიწა, მაგრამ ახლა საზღვარი დაგვიდგინეს და ვეღარ ვაკონტროლებთ. დაბლიდან ვუყურებდით. ამბობენ, ეს გრუნტი გზის მოსახრეშად მიაქვთო. იმხელა ორმოებია გაკეთებული, რომ რამდენიმე ტანკი დაიმალება“.
დღეში ოთხჯერ მაინც გარშემო ვუვლი ჩემს კარმიდამოს, სროლა რომ ყოფილიყო, პირველი მე გავიგებდი. უბრალო ფიჩხის გატკაცუნების ხმაც კი არ გამიგია და ვერ ვხვდები, ვის რაში აწყობს ამ დეზინფორმაციის გავრცელება? არანაირი სროლა არ ყოფილა.გენადი ბოსიკოვი
ხურვალეთის სკოლის ბავშვებიც ყოველდღე ფანჯრებიდან ხედავენ, როგორ გადაადგილდება მძიმე ტექნიკა რამდენიმე ასეულ მეტრზე, მთის წვერზე. იქვე ხშირად შეიარაღებულ და ნიღბიან პირებსაც ხედავენ. ხურვალეთიდან უკვე გამოსვლას ვაპირებდით, როცა ყრუ სროლისა და აფეთქებების ხმა გავიგონეთ. ხურვალეთელების თქმით, მთების გადაღმა საოკუპაციო ძალებს სასროლეთი აქვთ მოწყობილი და წვრთნებიც ხშირად ტარდება.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი მოსალოდნელი პროვოკაციის, ქართული მხრიდან ტექნიკის გადასროლისა და შსს-ს პირადი შემადგენლობის როტაციის შესახებ იტყობინება. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს. უწყება ქართული მხრიდან სროლის შესახებაც წერს.
„5 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ხაშურის რაიონის დასახლებული პუნქტის, ყობის მხრიდან, სადაც ქართული პოლიციის დამატებითი ძალებია განლაგებული, სამხეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით დაუდგენელმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-15 გასროლა განახორციელეს. არ არის მსხვერპლი და დაზიანებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურა“, - იტყობინება დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური.
რადიო თავისუფლება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობში მცხოვრებ გენადი ბოსიკოვს დაუკავშირდა. მისი თქმით, ყოველდღე სახლშია და სახლიდანაც კარგად ჩანს ის ორი საგუშაგო, რომლებიც საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანის ტყეში განათავსეს.
„დღეში ოთხჯერ მაინც გარშემო ვუვლი ჩემს კარმიდამოს, სროლა რომ ყოფილიყო, პირველი მე გავიგებდი. უბრალო ფიჩხის გატკაცუნების ხმაც კი არ გამიგია და ვერ ვხვდები, ვის რაში აწყობს ამ დეზინფორმაციის გავრცელება? არანაირი სროლა არ ყოფილა“, - აცხადებს გენადი ბოსიკოვი, რომელიც მეუღლესთან ერთად ყობში ცხოვრობს და ეს ამ სოფლის ერთადერთი ოჯახია.
რადიო თავისუფლებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება. ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - უპასუხეს რადიო თავისუფლებას სუს-ში