Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოს გუბერნატორი გაათავისუფლეს, რას ელოდებიან ახლისგან?


ზუგდიდი
ზუგდიდი

სამეგრელო-ზემო სვანეთის უკვე ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია წარმატებებს უსურვებს მომავალში მის შემცვლელს და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ხელმძღვანელი უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს რეგიონის განვითარებისთვის.

„მე ვიყავი, ვარ და ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად“, - ამბობს ლევან შონია განცხადებაში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა. ყოფილი გუბერნატორი მადლობას უხდის თანამშრომლებს, სახელმწიფო უწყებებს, მოსახლეობას ნდობისა და გაწეული მუშაობისთვის. მის მოვალეობას, ვიდრე ახალ კადრს წარადგენენ, პირველი მოადგილე კობა ქანთარია შეასრულებს. როგორც დღეს დილით პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, გათავისუფლებული ხუთი რეგიონის გუბერნატორების შემცვლელებს საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენენ. მათი გათავისუფლების მიზეზად მამუკა ბახტაძემ რეგიონალური მართვის სისტემა დაასახელა, რომელიც, მისივე სიტყვებით, ვერ უპასუხებს გამოწვევებს.

ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია
ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია

ახალი გუბერნატორის მოლოდინში მყოფ მოქალაქეებს განსაკუთრებული ცვლილების იმედი არ აქვთ. რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი ასევე აცხადებს, რომ არც კი იცნობდნენ ლევან შონიას და მისი საქმიანობის სფეროს.

„საერთოდ არ მინახავს და არ ვიცი, ვინაა. არც კარგი ვიცი და არც ცუდი ვიცი. შეიძლება ახალი უკეთესი იყოს, ახალი ყოველთვის კარგია“;

„გუბერნატორის ფუნქცია არის ის, რომ გააკონტროლოს, გააკეთოს ის, რასაც ეტყვიან იქ. მას ინიციატივის უფლება შეზღუდული აქვს, არ აქვს. უნდა იყოს დემოკრატია, ჩვენ უნდა ავირჩიოთ და თუ არ გამოგვადგება, საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ“;

„ხალხს უნდა შვება. თუ ამას არ აკეთებ, აბა, რა გუბერნატორი ხარ? ვნახოთ, როგორ იქნება და რას გააკეთებენ“, - აცხადებენ რესპონდენტები.

ჩემი აზრით, გუბერნიამ ამ ფორმით არ უნდა იარსებოს. შეიძლება საერთოდ გაუქმდეს და ამით არც არაფერი დაზარალდება, იმიტომ რომ რასაც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ გააკეთებენ, ისეთი ფუნქცია გუბერნიას არ აქვს...
ცაბუნია ვართაგავა

როგორც სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიურადაა ჩართული ქალაქის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ლევან შონიას საქმიანობას არც ის იცნობს:

„ესეც უკვე პრობლემაა, რომ ერთ-ერთმა აქტიურმა მოქალაქემ, საკმაოდ აქტიურმა, არ ვიცი მისი საქმიანობის შესახებ. ჩემი აზრით, გუბერნიამ ამ ფორმით არ უნდა იარსებოს. შეიძლება საერთოდ გაუქმდეს და ამით არც არაფერი დაზარალდება, იმიტომ რომ რასაც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ გააკეთებენ, ისეთი ფუნქცია გუბერნიას არ აქვს“, - ამბობს ცაბუნია ვართაგავა. მის აზრს იზიარებს კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი, ციცინო შენგელია. ის ამბობს, რომ გუბერნატორის შეცვლით უკეთეს შედეგს, თვითმმართველობის გაძლიერების თვალსაზრისით, ვერ მივიღებთ:

„მირჩევნია ეს იყოს არჩევითი სტრუქტურა, რომელსაც ექნება უფრო მეტი დამოუკიდებლობა და უფრო მეტი შესაძლებლობა. ფუნქცია, რაც ახლა გუბერნიას აქვს, ეს არის მაკონტროლებელი, მაკოორდინებელი ორგანო“. გუბერნატორის ინსტიტუტი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში იყო და რჩება არაფორმალურ ზედამხედველად ცენტრალური ხელისუფლების ხელში, რომლითაც ის მუნიციპალიტეტებს აკონტროლებს", - უთხრა რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ. მისი თქმით, მხოლოდ გუბერნატორების შეცვლა სისტემურ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

არჩილ თოდუა
არჩილ თოდუა

„ამისთვის კი საჭიროა ხელისუფლებამ რეალურად უზრუნველყოს ფინანსურთან ერთად ძალაუფლების რეალური დეცენტრალიზაცია, რადგან ადგილზე მუნიციპალიტეტებმა უკეთ იციან პრობლემები და ისიც, თუ როგორ შეიძლება მათი გადაჭრა.კანონმდებლობით თითქოს ასეა, მაგრამ რეგიონებში გუბერნატორები პირდაპირი წესით არჩეულ მერებს მართავენ“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ლევან შონია 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე მაშინ თენგიზ გუნავა შეცვალა. 2012 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ შონია სამხარეო პოლიციის უფროსად მუშაობდა, წლების მანძილზე იყო ასევე გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი.

XS
SM
MD
LG