თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება. კაპიტალური ტრანსფერი დედაქალაქის ბიუჯეტში ცენტრალური ბიუჯეტის რეგიონული განვითარების ფონდიდან მიემართება. აღნიშნულ თანხას ემატება სხვადასხვა პროგრამების ეკონომიებიდან მიღებული 2,5 მილიონი ლარი. საკრებულოს უმრავლესობის თანახმად, აღნიშნული თანხები ძირითადად დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას, კეთილმოწყობის სამუშაოებსა და საგზაო განვითარებას მოხმარდება.
თბილისის ბიუჯეტში დამატებული თანხების გადანაწილების შემოთავაზებულ პროექტს არ ეთანხმება საკრებულოს ოპოზიცია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მთავრობა ადეკვატურად ვერ პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს და პროგრამულ ასიგნებებს არა მათი, არამედ მთავრობის ინტერესების შესაბამისად ზრდის. კერძოდ, ოპოზიცია ეწინააღმდეგება საინფორმაციო-სარეკლამო ხარჯების ნახევარი მილიონით, ხოლო მერიის ადმინისტრაციული ხარჯების მილიონი ლარით გაზრდას. ნახევარი მილიონი გამოიყოფა ასევე საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოსთვის და კულტურული ღონისძიებებისთვის მაშინ, როდესაც თითქმის 7 მილიონი ლარით მცირდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო თანხა. მილიონი ლარით მცირდება ასევე ინკლუზიური განათლების ხარჯები, 1 200 000 ლარი აკლდება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდს და სხვა.
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 10 მილიონით ზრდის შეთავაზებულ პროექტს მხარს არ უჭერენ. ცვლილებების შედეგად, დედაქალაქის ბიუჯეტი 917 მილიონ ლარამდე გაიზრდება.