Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანვრიდან დეპუტატები 152%-ით მეტ ხელფასს აიღებენ - როგორ იცვლებოდა პარლამენტარების ანაზღაურება


2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი 2,5-ჯერ იზრდება
2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი 2,5-ჯერ იზრდება

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტარები 2025 წლიდან 2,5-ჯერ გაზრდილ ხელფასს აიღებენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელფასების ასეთი დიდი მატების კრიტიკოსებს სხვა არგუმენტებთან ერთად იმითაც პასუხობდა, რომ მაღალ ანაზღაურებას იმ მოწვევის პარლამენტი კი არ აიღებდა, ვინც ხელფასებს ზრდიდა, არამედ შემდეგი - მეთერთმეტე მოწვევის.

„ჩემი ინიციატივაა, რომ მომავალი პარლამენტის წევრებს გაეზარდოთ [ხელფასები], რათა არ იყოს რამე აღქმა, თითქოს პარლამენტი საკუთარ თავს უზრდის ხელფასს“, - ამბობდა შალვა პაპუაშვილი 2023 წლის ნოემბერში, როდესაც პირველად დაიწყო ამ საკითხზე მსჯელობა.

თუმცა, 26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, რომელსაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევენ, ახალი მოწვევის პარლამენტის უმრავლესობა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტა. მათ შორის ახალ პარლამენტში მოხვდა კანონპროექტის 6 ავტორიდან 3. შალვა პაპუაშვილი კი თავმჯდომარის პოსტზეც დარჩება.

მართალია, ხელფასების მატება კორუფციისგან დაზღვევის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმადაც მიიჩნევა, თუმცა პარლამენტარების ანაზღაურების მატება მაინც გააკრიტიკეს, ძირითადად ორი არგუმენტით: ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის თითქმის 13% საარსებო შემწეობას იღებს, პარლამენტარების ანაზღაურება საშუალო ხელფასზე 483%-ით მეტია, და მეორე - პარლამენტართა ნაწილი არ არის ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში და არ ასრულებს მოვალეობას.

ვის რამდენი ხელფასი ექნება 2025 წლიდან?

საქართველოს ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2025 წლიდან ყველაზე დაბალი - 11 680 ლარი (გადასახადების ჩათვლით) დაენიშნება დეპუტატს, რომელსაც სხვა საპარლამენტო თანამდებობა არ უკავია. ყველაზე მაღალი ხელფასი კი - 14 600 ლარი - პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

სხვა პარლამენტარების ხელფასები, თანამდებობების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

მათი ხელფასი შესაძლოა 2026 წელსაც გაიზარდოს, რადგან მომავალი წლიდან დეპუტატების ანაზღაურება სპეციალური ფორმულით გამოითვლება: საბაზო თანამდებობრივი სარგო გამრავლებული კოეფიციენტზე. საბაზო თანამდებობრივი სარგო ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტით განისაზღვრება და ეს ცვალებადი რიცხვია.

2025 წლისთვის ეს თანხა 1460 ლარს შეადგენს, თუმცა შესაძლოა 2026 წლისთვის 10%-ით მოიმატოს. უცვლელი რჩება ახალი კანონით განსაზღვრული კოეფიციენტები. რიგითი დეპუტატებისთვის ეს 8.0-ია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარისთვის - 10.

ანუ, იმ შემთხვევაში, თუ საბაზო თანამდებობრივი სარგო მომავალ წელსაც 10%-ით მოიმატებს, 2026 წელს თანამდებობის არმქონე დეპუტატის ხელფასი 12 848 ლარი გახდება, პარლამენტის თავმჯდომარის კი - 16 060.

10-10%-ით მოიმატებს დანარჩენი პარლამენტარების ხელფასებიც.

გარდა ამისა, ბიუჯეტი გადაიხდის პარლამენტის წევრების სატრანსპორტო ხარჯებს, რომლის ლიმიტიც ყოველთვიურად 400 ლარია და დაფარავს ჯანმრთელობის დაზღვევასა და კომუნიკაციის ხარჯებს. კონკრეტული თანხების რაოდენობას პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს.

კანონი ასევე განსაზღვრავს კომპენსაციის რაოდენობას პარლამენტის წევრის გარდაცვალების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში:

  • თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას მის ოჯახს გამოუყოფენ 20 000 ლარს
  • პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ოჯახს დაეხმარებიან 15 000 ლარით
  • პარლამენტის წევრს, რომელსაც უფლებამოსილების პერიოდში აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, სახელმწიფო დაეხმარება 15 000 ლარით

14 ლარიდან 11 680 ლარამდე - როგორ იზრდებოდა დეპუტატების ხელფასები

პირველად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასების გამოსათვლელად კოეფიციენტების სისტემა 2017 წელს შემოიღეს. მიზანი: სახელმწიფო მოხელეებს ჰქონოდათ, ერთი მხრივ, სამართლიანი ანაზღაურება და, მეორე მხრივ, კონკურენტული ხელფასი კერძო სექტორთან მიმართებით.

მაშინ პარლამენტარების ხელფასები ნაწილობრივ მიება ამ სისტემას, თუმცა დეპუტატების შრომის ანაზღაურებას საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარე ადგენდა.

2018 წლიდან პარლამენტის წევრის ხელფასი, რომელსაც სხვა საპარლამენტო თანამდებობა არ ეკავა, 4624 ლარი იყო, პარლამენტის თავმჯდომარისა კი - 6740 ლარი. ეს ანაზღაურება 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება.

თუმცა იყო დრო, როცა საქართველოში პარლამენტარის ხელფასი 14 ლარს შეადგენდა. ამის თაობაზე რადიო თავისუფლებას 1992-1995 წლებში მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი, ფრაქციის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა:

„14 ლარი მაშინ დაახლოებით 10 დოლარი იყო. ეს ხელფასი არათუ ოჯახის, საკუთარი თავის შენახვასაც არ ჰყოფნიდა. მაშინ ჩემი მეუღლე ლექციებს ატარებდა, კერძო მოწაფეები ჰყავდა და ძირითადად ეს იყო ჩვენი ოჯახის შემოსავალიც.


პირადად მე ამ სამი წლის განმავლობაში სულ ერთხელ მქონდა დამატებითი შემოსავალი: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კვლევა დავწერე და 2500 დოლარამდე გადამიხადეს. კარგად მახსოვს, 50 გვერდი იყო დაახლოებით და ერთ გვერდში 50 დოლარს იხდიდნენ. ეს ძალიან დიდი ფული იყო“, - იხსენებს ხმალაძე და ამბობს, რომ ეს თანხა მისმა ოთხსულიანმა ოჯახმა ერთი წელი გამოიზოგა.

ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე

საქსტატის თანახმად, მაშინ საშუალო ხელფასი 13,5 ლარი იყო, რომელიც 1996 წელს 29 ლარამდე გაიზარდა.

1996 წელს მოიმატა პარლამენტში შრომის ანაზღაურებამაც და რიგითი დეპუტატის ხელფასი ჯერ 70 ლარი გახდა, იმავე წელს კი 145 ლარს მიაღწია. ყველაზე მაღალი ანაზღაურება მაშინაც და დღესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა. „საკანონმდებლო მაცნეს“ თანახმად, 1996 წლის თებერვალში მაშინდელი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ხელფასი 80 ლარით განისაზღვრა, რამდენიმე თვეში კი 170 ლარიც გახდა.

ჟვანიას თავმჯდომარეობაშივე მოიმატა ამ თანხამ ჯერ 20 ლარით, შემდეგ 100-ით, რიგითი წევრის შემთხვევაში კი 75-ით.

ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე იხსენებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარი იარაღი სწორედ საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა გახდა. შეიქმნა ფონდი, რომელიც სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფთა ხელფასებს უზრუნველყოფდა. ამ ფონდს დიდწილად აფინანსებდა ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი, თუმცა, გოცირიძის თქმით, ფონდში თანხები შეჰქონდათ უმდიდრეს ქართველებსაც, მათ შორის - ახლა უკვე პარლამენტარ ბიძინა ივანიშვილს.

2011 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „განვითარების და რეფორმების ფონდს“ სოროსი კი არა, დიდწილად თავად აფინანსებდა:

„საზოგადოებას რომ ეგონა, მთავრობას სოროსი აფინანსებდა, სინამდვილეში, იმ თანხას, ძირითადად, მე ვიხდიდი“, - ამბობდა ივანიშვილი.

„განვითარების და რეფორმების ფონდი“ 2004 წლის 14 იანვარს ჩამოყალიბდა და გარკვეული პერიოდი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები ხელფასებს სწორედ ფონდისგან იღებდნენ. ფონდი 12 ათასი საჯარო მოხელის სახელფასო დანამატს გასცემდა. ამ თანხამ 2004 წელს 15 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2007 წლის ბოლოს დეპუტატების ხელფასებმა 166%-ით მოიმატა და 2000 ლარს მიაღწია. თუმცა, ეს არ იყო დეპუტატების ერთადერთი შემოსავალი.

2013 წლამდე დეპუტატების ხელფასები ამჟამინდელი სისტემისგან განსხვავებულად ითვლებოდა - განსაზღვრული იყო კონკრეტული თანხა, რასაც ემატებოდა პრემია-დანამატები.

რადიო თავისუფლებასთან იმჟამინდელი დეპუტატი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ხათუნა გოგორიშვილი იხსენებს, რომ მისი ხელფასი და დანამატები ჯამში დაახლოებით 3000 ლარი გამოდიოდა:

„იმ პერიოდში ჩემი ხელფასით მშობლებს და ოჯახის სხვა წევრებს ვეხმარებოდი. მაშინ პენსია არ იყო მაღალი, მშობლები პენსიონერები იყვნენ. ჩემი ხელფასით სამოგზაუროდ წასვლას ვერ ვახერხებდი, თუმცა ვიხდიდი კრედიტს“, - იხსენებს გოგორიშვილი.

ხათუნა გოგორიშვილი
ხათუნა გოგორიშვილი

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი თბილისიდან ქუთაისში გადავიდა, პრემია-დანამატების სისტემაც შეიცვალა და 2000-ლარიან თანამდებობრივ სარგოს პრემია-დანამატების ნაცვლად, სადეპუტატო უფლებამოსილების და ბინის ქირის თანხები დაემატა.

მაგალითად, 2016 წელს დეპუტატის შრომის საერთო ანაზღაურება ყოველთვიურად 4623 ლარს შეადგენდა, პარლამენტის თავმჯდომარეს კი 6669 ლარი ჰქონდა დანიშნული.

ანუ, 2013 წლიდან 2024 წლის ჩათვლით დეპუტატების ანაზღაურება ფაქტობრივად არ შეცვლილა. სწორედ ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთ-ერთი არგუმენტი, როდესაც პარლამენტარებისთვის ხელფასების მატების იდეაზე ილაპარაკა პირველად.

მაშინ, რაშია პრობლემა?

იმაზე, რომ დეპუტატების ხელფასების გაზრდა იყო საჭირო, „ქართული ოცნების“ ოპონენტებიც თანხმდებიან. მათ პრობლემად თანხის ოდენობა მიაჩნიათ და ის, რომ პარლამენტარების ნაწილი უპასუხისმგებლოდ იქცევა.

ამასთან, მათი შეფასებით, დეპუტატების ნაწილის შემთხვევაში ეს ანაზღაურება მთავარ დანიშნულებას - კორუფციის რისკების შემცირებას არ უპასუხებს, რადგან ისინი ან მათი ოჯახის წევრები პარლამენტში მოხვედრისას უკვე მილიონობით ლარის ქონებას ფლობენ.


მაგალითისთვის, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნების“ სიიდან 16 მილიონერი და ერთი მილიარდერი მოხვდნენ.

საპარლამენტო პროცესებში დეპუტატების ჩართულობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. გასულ წელს პარლამენტმა ამ ორგანიზაციას არ მიაწოდა იმ ადამიანთა რაოდენობა და სია, ვინც 2023 წლის განმავლობაში სიტყვით ერთხელაც არ გამოსულა. მანამდე, 2022 წელს კი, იმავე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სიტყვით გამოსვლის უფლებით მთელი წლის განმავლობაში არ ისარგებლა 18-მა დეპუტატმა, მათ შორის 10 უმრავლესობის, 8 კი ოპოზიციის წარმომადგენელია.

როცა რომან გოცირიძე პარლამენტარებს აკრიტიკებს, ის საუბრობს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებზეც. გოცირიძე მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში არ იქნება, თუმცა წინა მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი იყო.

„პოლიტიკოსს, რომელიც ხელფასზე ცხოვრობს, მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. ხელფასების მომატება არ არის პრობლემა, პრობლემაა - არის თუ არა მათი შრომის ანაზღაურება ადეკვატური მათ მიერ დახარჯულ საზოგადოებრივად აუცილებელ შრომაზე“, - ამბობს გოცირიძე და დასძენს, რომ დეპუტატების დიდი ნაწილი სხდომებს ხშირად არ ესწრება და არ არის ჩართული ყოველდღიურ საპარლამენტო საქმიანობაში.

„150 დეპუტატიდან პარლამენტში შეიძლება [რეალურად] მუშაობდეს 15-30, დანარჩენი ბალასტია. სამწუხაროდ, ეს ოპოზიციასაც ეხება. საქართველოს პარლამენტარების სტილია, როდესაც დეპუტატები ორ კვირაში ერთხელ მიდიან პლენარულ სხდომაზე. აბსოლუტური უმრავლესობისთვის პარლამენტში მუშაობა ნიშნავს სამშაბათობით განცხადების გაკეთებას […] პარლამენტი უნდა იყოს ჩვეულებრივი სამსახური, რაც ითვალისწინებს ყოველდღიურ საქმიანობას“, - ამბობს ის.

საკომიტეტო და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დეპუტატებს ხელფასებიდან ყოველწლიურად ექვითებათ თანხები. მაგალითად, 2022 წელს გაცდენების გამო, საერთო ჯამში, დეპუტატებს 80 ათასი ლარი დაექვითათ, 2019 წელს კი - 50 ათას ლარზე მეტი.

დეპუტატებისთვის ანაზღაურების მატებას მიზანშეწონილად მიიჩნევს, თუმცა კონკრეტულ ფორმას კრიტიკულად უყურებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ [IDFI] მკვლევარი, გოგა თუშურაშვილი.

გოგა თუშურაშვილი
გოგა თუშურაშვილი

ის ქვეყანაში სოციალურ ფონსა და პარლამენტარების ანაზღაურებებს შორის უზარმაზარ განსხვავებაზე მიუთითებს:

„ქვეყნის საშუალო ხელფასთან შედარებით პარლამენტარებს ახალი რედაქციით საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ… ლოგიკურია, რომ პარლამენტის წევრის ანაზღაურება უნდა იყოს გარკვეულწილად კორუფციული რისკების მზღვეველი. თუმცა ქვეყანაში როდესაც მძიმე სოციალური ფონია, მიზანშეწონილია, რომ გარკვეულწილად არსებობდეს ბალანსი“.

საქსტატის ბოლო, 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი 2004 ლარს შეადგენს. ეს თანხა თითქმის 6-ჯერ ნაკლებია შრომის ანაზღაურებაზე, რომელსაც რიგითი დეპუტატები მომავალი წლიდან აიღებენ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასს 7-ჯერ ჩამორჩება.

ამასთან, მომავალი წლიდან პარლამენტის წევრებს ინფლაციის გათვალისწინებითაც ისტორიულად ყველაზე მაღალი ხელფასები ექნებათ.

გასულ წელს ისტორიულად მაღალი იყო საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რაოდენობაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG