„ასე ხდება ხოლმე“, - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვალუტის რეზერვები კვლავ გაიზრდება.
ეროვნული ბანკი დოლარის გაყიდვის მიზეზად წინასაარჩევნოდ „აჟიოტაჟის პრევენციას“ ასახელებს და ამბობს, საჭირო იყო, „ცალკეული მსხვილი ტრანზაქციების მხრიდან ლარის კურსზე ზეწოლა“ გაგვენეიტრალებინაო.
ამ დროს სავალუტო რეზერვების მოცულობა IMF-ის „ადეკვატურობის ზღვარს“ ქვემოთაა.
რეკორდული კლება
2024 წლის ოქტომბრის ბოლოს სავალუტო რეზერვები, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, $1.03 მილიარდით შემცირდა.
ამჟამად, 2024 წლის 8 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა $4.08 მილიარდს შეადგენს, - როდესაც შარშან ეს რიცხვი $5.11 მილიარდი იყო.
ამ წლიური, რეკორდული შემცირების დიდი წილი 2024 წლის ოქტომბერზე მოდის - თვეზე, როდესაც საქართველოში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რასაც როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია „გადამწყვეტად“ მიიჩნევდნენ.
მხოლოდ 2024 წლის ოქტომბერში სავალუტო რეზერვებმა $627 მილიონით დაიკლო, - რეკორდულია ერთ თვეში რეზერვების ამ დონით კლებაც.
ცუდია თუ კარგი?
გააჩნია, რომელი ეკონომიკური სკოლის ან რომელი პოლიტიკური ვექტორიდან შეხედავთ.
მაგალითად, ლიბერტარიანული პარტია „გირჩი“ საერთოდ მიიჩნევს, რომ რეზერვების ქონა ეკონომიკის სიჯანსაღისათვის კონტრპროდუქტიულია. პარტიის ზოგადი არგუმენტაციის თანახმად:
- რეზერვების ზრდა ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი სანაცვლოდ „ფულს ბეჭდავს“ (ფორმალური ენით - ლარის ემისიას ახორციელებს);
- ეს „ლარის მასის ზრდას“ ნიშნავს;
- ლარის მასის ზრდა კი - ფასების ზრდას, ანუ ინფლაციას.
ეს პარტია წინასაარჩევნოდ პირობას დებდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ეროვნული ბანკის რეზერვებს მოქალაქეებს „დაუბრუნებდა“ და თითოეულ მოქალაქეს ერთჯერადად $1200-ს გადაუხდიდა.
მაგრამ ეროვნული ბანკი ამ საკითხს ასე არ უყურებს.
პირიქით - მისთვის სავალუტო რეზერვების მაღალ დონეზე შენარჩუნებაა პრიორიტეტული.
რა საჭიროა სავალუტო რეზერვები?
სავალუტო რეზერვებს ცენტრალური ბანკი იყენებს ლარის კურსის რყევებისგან თავის ასარიდებლად - ესე იგი, ვალუტის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
იყენებს საგარეო ვალების მომსახურებისათვისაც.
გარდა ამისა, სავალუტო რეზერვები აძლიერებს ქვეყნის ფინანსურ სანდოობას და ზრდის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას.
რეზერვების დონე და საინვესტიციო გარემო
სხვა ფაქტორებთან ერთად, Fitch-ის საინვესტიციო რეიტინგები სწორედ ფინანსურ სანდოობას ზომავს - აჩვენებს, რამდენად სანდო თუ სტაბილურია ქვეყნის საინვესტიციო გარემო.
რაც უფრო დაბალია ეს რეიტინგი, მით უფრო ნაკლებად მიმზიდველია ინვესტორებისათვის, - და საინვესტიციო რეიტინგები ამ აზრით ერთგვარი გზამკვლევია საერთაშორისო კომპანიებისათვის, პოტენციური ინვესტორებისათვის.
Fitch-ის ბოლო შეფასებებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB ნიშნულზეა. ეს ნიშნული „არასაინვესტიციოდ“ განისაზღვრება.
Fitch-ის შეფასებით, ქვეყანა „უფრო მეტად ინარჩუნებს სიმყარეს ეკონომიკაში ცვლილებებთან მიმართებით“.
ამჟამად Fitch-ის წარმომადგენელი ქართულ ბიზნესმედიას ეუბნება, რომ „რეზერვების ადეკვატურობის ნიშნული დარღვეულია“.
რეზერვები რომ IMF-ის მიერ განსაზღვრული „ადეკვატურობის დონეს“ ჩამოსცდა, ეს „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ (IMF-ის) მიერ საქართველოზე ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.
და ეს იმ პირობებში, როდესაც IMF-ის ანგარიში 2024 წლისთვის 5 მილიარდის რეზერვებს ანგარიშობდა.
„აგვარიდებს უარყოფით გავლენას“ - სებ-ი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში ოთხჯერ გამართა სავალუტო აუქციონი - 8, 16, 23 და 25 ოქტომბერს.
და ჯამში გაყიდა $213.4 მილიონი.
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
ერთ-ერთი ბოლო აუქციონის შემდეგ სებ-მა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო "არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა" და "სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის" მიზნით.
„ეს, თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას“, - ამბობდა ბანკი.
ახსენა „მსხვილი ტრანზაქციებიც“ - ცალკეული მსხვილი ტრანზაქციები ლარის კურსს აწვება, ხოლო „ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებული მოჭარბებული გაურკვევლობა“ ამ ზეწოლას აძლიერებსო.
„ასეთ შემთხვევებში სებ-ი ხელმძღვანელობს საკუთარი მანდატით და მონეტარული ინსტრუმენტებით, რითაც ხელს უწყობს ბაზრის მოლოდინებისა და ბაზარზე ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას“, - განმარტა მარეგულირებელმა.
და გამოთქვა მოლოდინი, რომ „აღნიშნული მოლოდინების მილევასთან ერთად, სავალუტო ბაზარი ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდება“.
213 მილიონი 627-მდე როგორ გაიზარდა?
$213.4 მილიონი ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ სავალუტო აუქციონების გამოყენებით გაყიდა.
ამავე დროს, სებ-ის 6 ნოემბერს გამოქვეყნებული ცნობით, ამჟამად სავალუტო რეზერვები $4.08 მილიარდს შეადგენს.
ეროვნულ ბანკს მხოლოდ 213 მილიონი რომ დაეხარჯა, ამ სტატისტიკაში $4.49 მილიარდი უნდა გამოჩენილიყო. მაგრამ ახლანდელი რიცხვი $4.08 მილიარდია.
განსხვავებას ორი ძირითადი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:
- სავალუტო აუქციონის გარეშე გაყიდვა ან
- საგარეო ვალის გადახდა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკვე დამოუკიდებელი პარლამენტარი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ მიზეზი სწორედ პირველი შეიძლება იყოს, - ბიუჯეტის მიხედვით, დეკემბრამდე ვალის მომსახურება არ არის გათვალისწინებულიო.
სავალუტო აუქციონის გარეშე დოლარის ყიდვა-გაყიდვა ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე ხდება.
სავალუტო აუქციონისგან ამ გზას ის განასხვავებს, რომ ინფორმაცია არა იმავე დღეს, არამედ მხოლოდ მომდევნო თვის ბოლოს, 25 რიცხვში ქვეყნდება.
„კლება 100%-ით გამოწვეულია ორივე ხერხით ვალუტის გაყიდვით. ამას დაადასტურებს მონაცემები, რაც 25 ნოემბერს გამოქვეყნდება“, - ამბობს იგი.
„სებ-მა ხელი დააფარა მთავრობას“
„ეროვნულმა ბანკმა ხელი დააფარა მთავრობის დანაშაულებრივ განცხადებებს, რამაც მცირე ხნის განმავლობაში გაანადგურა რეზერვები“, - ეუბნება რომან გოცირიძე რადიო თავისუფლებას.
იგი მიიჩნევს, რომ დიდი რაოდენობით სავალუტო რეზერვების გაყიდვის მიზანი იყო, „წინასაარჩევნოდ კურსის ფიქსაცია მომხდარიყო და ამ გზით მთავრობის მავნებლური განცხადებებით წარმოშობილი ზიანი არ ყოფილიყო ცნობილი ამომრჩევლისათვის“.
ამ კრიტიკას განაპირობებს მოსაზრება, რომ „ქართული ოცნებისათვის“ მნიშვნელოვანი იყო, შეენარჩუნებინა გაცვლითი კურსი არსებულ ნიშნულზე, რათა ლარის კურსის შემცირებით მოსახლეობაში უკმაყოფილება არ გამოეწვია, - განსაკუთრებით არჩევნების წინ, როდესაც მოლოდინები ისედაც უარყოფითია.
პირველ ოქტომბერს ერთი აშშ დოლარი 2.73 ლარი ღირდა. 1 ნოემბერს, - უმნიშვნელო რყევების შემდეგ, - 2.74 ლარი.
მაგრამ ეს ინტერვენციები რომ არა, ლარი ხომ უფრო გაუფასურდებოდა?
„დიახ, მკვეთრად დაეცემოდა, - ამბობს რომან გოცირიძე, - მაგრამ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს მხოლოდ არის პრობლემის გადავადება“.
„ამასთან, რეზერვების კლება მხოლოდ ორ თვეში იმაზე მეტია, ვიდრე 2021 წელს, პანდემიის პირობებში გვქონდა, - მაშინ, ერთი წლის განმავლობაში, რეზერვები მხოლოდ $250 მილიონით შემცირდა“, - ამბობს პარლამენტარი.
„სამომავლოდ მოსალოდნელია სავალუტო შიმშილი, - დახმარებები არ შემოვა აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, და არც სამომავლო მხარდაჭერა არის მოსალოდნელი. ეს გავლენას მოახდენს ინვესტიციებზეც და კაპიტალის გადინებაზეც. ასე რომ, მცირეოდენი კრიზისული ვითარება რომ შეიქმნას, შეიძლება, უკვე რეზერვები არც ეყოს ეროვნულ ბანკს ლარის კურსის დასაჭერად“, - ვარაუდობს რომან გოცირიძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავაა, - მანამდე იგი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეკონომიკის მინისტრი იყო.
დასავლეთის მიერ არჩევნების არაღიარების მძიმე ეკონომიკური ფასის შესახებ პროსამთავრობო მედიაც ალაპარაკდა.
„მოხმარდა მოსყიდვას“
ეს ამბავი პოლიტიკოსთა დღის წესრიგშიც მოექცა.
8 ნოემბერს, „ძლიერი საქართველოს“/„ლელოს“ წარმომადგენელმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ „რეზერვები საგრძნობლად დაბალ ნიშნულზეა, … რაც მაღალი რისკის ფაქტორია ჩვენი ეკონომიკისათვის“.
„კოლოსალური რაოდენობის ფული დახარჯა მმართველმა პარტიამ, ქვეყანაში საარჩევნო პერიოდისათვის, რაც მოხმარდა ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, არჩევნებში ჩარევას და ტოტალურ გაყალბებას… მოკლე და საშუალოვადიანი პროგნოზი პოლიტიკური იზოლაციის პირობებში საკმაოდ მძიმე იქნება“, - განაცხადა მან.
„ძლიერი საქართველო“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ისინი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქციებს ატარებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ არაბუნებრივი არაფერი ხდება.
„ასე ხდება ხოლმე“, - განაცხადა 8 ნოემბერს ამ საკითხზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ხან საჭიროა რეზერვების დახარჯვა, შემდეგ ხდება რეზერვების შევსება“, - თქვა მან.
„ახლა გადავალთ ძალიან მალე იმ ეტაპზე, როდესაც მოხდება პირიქით, რეზერვების შევსება“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
რეკორდული დარეზერვება - წინა პერიოდში
მაგრამ საქმე ისაა, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც ორიოდე თვით ადრე ეროვნული ბანკი კვლავ არეზერვებდა დოლარს - აგვისტოში 41 მილიონი დოლარი შეისყიდა.
ჯამში 2024 წელს - 330 მილიონი იყიდა.
და წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო გაყიდვა.
2024 წლის სწრაფ და რეკორდულ შემცირებას კი წინ უძღოდა ორი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ აქტიური დარეზერვების პოლიტიკა.
მაგალითად, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის პირველ ექვს თვეში რეკორდული რაოდენობის, $1.08 მილიარდი შეისყიდა სავალუტო რეზერვებისთვის.
და ქვეყნის რეზერვებმა იმ დროისათვის $5 მლრდ-ს გადააჭარბა.
ახლანდელი რეზერვების უმეტესი ნაწილი - $3.5 მილიარდი - განთავსებულია ფინანსურ აქტივებში.
დანარჩენი, $627 მილიონი კი სავალუტო ოქროა, - 7.1 ტონა ზოდები, რაც ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის მარტსა და აპრილში იყიდა - პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში.
ფორუმი