Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის სჭირდება გურჯაანის მერიას ყოჩივარდები და ნეონის სათვალე


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა თითქმის 7 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი, რომლის შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა შეიძინოს ყოჩივარდების 400 თაიგული, 100 ცალი ნეონის სათვალე, 10 ბოთლი „კოკა-კოლა“ და 10 ცალი შოკოლადის ფილა. სატენდერო ჩამონათვალშია ზეთი, მაკარონი, ბრინჯი, კარაქი, წიწიბურა, თაფლი და 2 კუბური მეტრი შეშაც. ცალკეა 30 ცალი თაიგული, რომელიც 50 სმ-ის სიმაღლის უნდა იყოს და შედგებოდეს ვარდების, მწვანე ფოთლებისა და მინდვრის ყვავილებისგან. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ეს ყველაფერი გურჯაანის მერიას სჭირდება 3 და 8 მარტს, დედის და ქალთა დღეების აღსანიშნავად.

მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი გვეუბნება, რომ 3 მარტს, ყოჩივარდის 400, პატარა თაიგულს მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მისი მოადგილე გურჯაანის ქუჩებში გამვლელ ქალებს დაურიგებენ და დედის დღეს მიულოცავენ. რაც შეეხება 8 მარტს, ამ დღეს დაგეგმილია კონცერტი და წარმატებული ქალებისთვის ვარდის და მინდვრის ყვავილების თაიგულის გადაცემა. ეკა ცისკარაშვილის განმარტებითვე, ტენდერით შესაძენ პროდუქტს 3 მარტს გადასცემენ მარტოხელა დედებს.

გურჯაანის მერს ყვავილების საკუთარი ხელფასით შეძენისკენ მოუწოდა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ ბუწაშვილმა და ურჩია ქალებს 3 და 8 მარტი ახალი სამუშაო ადგილებით მიულოცოს. ბუწაშვილის თქმით, თუ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზედმეტი თანხაა, სოციალური პროგრამებისთვის უნდა დაიხარჯოს. ოპოზიციური პარტიის წევრი ხაზს უსვამს, რომ გურჯაანში წელიწადში ერთხელ დახმარების სახით მხოლოდ 50 ლარია გათვალისწინებული.

„არ შეიძლება გადასახადების გადამხდელების ფული ხარჯო იებსა და ენძელებში და შემდეგ კამერების წინ თქვა, რომ ყურადღებიანი ხარ“, - ამბობს თემურ ბუწაშვილი.

გურჯაანში გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი წელიწადში ერთხელ თაიგულის ჩუქებაში ცუდს და საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ნაწილი ამბობს, რომ ეს ბიუჯეტის ფლანგვაა. ერთმა რესპონდენტმა კი ასეთი რამეც თქვა: „რადგან კუბოს არ ყიდულობენ, ყვავილები უკვე კარგია. ადრე რომელიღაც რაიონში ბიუჯეტის ფულით კუბოები იყიდეს.“

გურჯაანის მერია 8 მარტის ღონისძიებისთვის დაიქირავებს წამყვანსაც, რომელსაც ამ საქმეში მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, მოამზადებენ 10 ლიტრ გლინტვეინს, რომლისთვისაც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით შეიძენენ მუსკატის კაკალს, დაფნის ფოთოლს, დარიჩინს, მიხაკს, მანდარინს და შავ ღვინოს. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტები 12 თებერვლამდე უნდა წარადგინონ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG