ავტორი: ეკა მაღალდაძე, "ამერიკის ხმა"
„თუ უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველოც გაიმარჯვებს, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით“, - ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი და განმარტავს, რომ ეს არა ომში ჩათრევის მცდელობას, არამედ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყნის დახმარებას უკავშირდება. "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბალტიისპირეთის ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ საქართველომ კარგად უნდა გაიაზროს, რა მოვლენები ვითარდება ახლა ევროპის მიწაზე და გადაწყვიტოს, ისტორიის რომელ მხარეს იდგება თბილისი.
რინკევიჩი ლატვიის საგარეო უწყებას 4 პრემიერ-მინისტრის კაბინეტში, უკვე 12 წელია, რაც ხელმძღვანელობს. მანამდე ის 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მდივანი იყო. ის ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ დელეგაციისაც, რომელიც ლატვიის ნატოში წევრობის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 29 მარტს ზუსტად 19 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ლატვია, ბულგარეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შეუერთდნენ.
თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. და ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას.
„ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას ედგარს რინკევიჩი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ახლა ქვეყნისა და მისი მთავრობის ხელშია და მნიშვნელოვანი იმის დადასტურებაა, რომ მომდევნო ნაბიჯები ევროპული სულისკვეთების იქნება:
“არჩევანი საქართველოსა და მისი მთავრობის გასაკეთებელია, თუმცა თუ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს, რომ შესაძლოა, არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ბლოკში მისაღებად.”
8 მარტს ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პარლამენტში ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურნენ და ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ თუკი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლა სურს, მან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპები უნდა დაიცვას. ისინი პარლამენტს ქვეყნის რეალური ინტერესების "პასუხისმგებლობიანი შეფასებისკენ" მოუწოდებდნენ.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ლატვიის პირველმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეშფოთება ე.წ. „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის თაობაზე, რადგან მისი თქმით, ევროპელ დიპლომატებს სჯერათ, რომ „ეს ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს,“ და რომ "ნებისმიერი ფორმით უცხო ქვეყნის აგენტების კანონმდებლობასთან დაბრუნება კატასტროფული იქნება“:
არჩევანი საქართველოს და მისი მთავრობის გასაკეთებელია, თუმცა თუ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს, რომ შესაძლოა არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ბლოკში მისაღებად.
„ეს საქართველოს გადაწყვეტილებაა. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი შეხედულებები თავს მოვახვიოთ მათ და ამას არც ვაპირებთ. მაგრამ ასევე, ჩვენ გვაქვს უფლება არ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის, თუკი ქვეყანა არ იქცევა, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი", - ამბობს რინკევიჩი და დასძენს, რომ შესაძლოა, ფორმალურად ბევრი კრიტერიუმი სრულდებოდეს, თუმცა ქვეყანა არ იქცეოდეს ისე, როგორც ევროკავშირის პოტენციურ ან მომავალ წევრს შეეფერება და გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამებოდეს ევროპული ღირებულებების სულისკვეთებას:
„ჩვენ ევროკომისიისგან ველოდებით ანგარიშს სამივე ქვეყნის შესახებ - ესენია უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. იცით, შეიძლება გქონდეს ფორმალური კრიტერიუმები, შეიძლება გამოსცე ძალიან ბევრი კანონი, ან განაცხადო, რომ შეასრულე 226 ან 295 რეკომენდაცია და ბევრი დიდებული რამ გააკეთე, მაგრამ თუკი არ არის ღირებულებათა ის ევროპული სული, თუკი ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა არაა უზრუნველყოფილი, მაშინ ეს ქვეყანა ვერ წავა წინ როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და როგორც წევრი“, - განმარტავს პროცესს ლატვიელი დიპლომატი.
რინკევიჩი, რომელიც ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას უკვე 12 წელზე მეტია ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ქართველ პარტნიორებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებს ძალიან გულწრფელი დისკუსიები აქვთ როგორც საჯაროდ, ისე - დახურულ კარს მიღმა. ესაუბრებიან იმის შესახებ, რასაც ფიქრობენ და როგორც შეიძლება მოვლენები განვითარდეს, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც ქართველი ხალხისა და მისი მთავრობის გასაკეთებელია.
„საბოლოოდ, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია: მართლაც სურს თუ არა საქართველოს განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული: სურს გახდეს კანდიდატი და ამის შემდეგ მიღების თაობაზე მოლაპარაკებებიც დაიწყოს და წინ წავიდეს, თუ, გადაწყვეტს, რომ უგულებელყოს ჩვენი მეგობრული რჩევები. მაგრამ მაშინ მოდით, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ იქნება ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო, რომელიც იტყვის, რომ საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის“, - ამბობს რინკევიჩი.
დიპლომატი განმარტავს, რომ ახლა ბევრია დამოკიდებული თავად საქართველოზე და იმ ანგარიშზე, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს და შემდეგ პარტნიორები განიხილავენ. პარალელურად კი, მინისტრის თქმით, ევროპის დედაქალაქებში არსებობს შეშფოთება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, რაც არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.
„ჩვენ ძალიან გვაწუხებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ არ ვაყენებთ ეჭვქვეშ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გვჯერა, რომ გონივრული და დროული იქნებოდა გადაწყვეტილება მისი სამედიცინო მკურნალობის მიღების მიზნით გათავისუფლების შესახებ“, - ამბობს ლატვიის პირველი დიპლომატი.
ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ მთავრობას თავს რაიმე მოვახვიოთ. უბრალოდ, შემდეგ მთავრობას ნუ გაუკვირდება, რომ ის საკანონმდებლო რეფორმის პროცესები, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ მცდარი მიმართულებით მიდის, არ იქნება გულთბილად მიღებული
ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი „ამერიკის ხმას“ ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივებთან ერთად, უკრაინის დახმარების მნიშვნელობისა და რუსეთის ბირთვული შანტაჟის შესახებაც ესაუბრა.
ედგარს რინკევიჩი ამბობს, რომ ბალტიისპირელი ლიდერების მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის კუთხით არასდროს განელებულა. დიპლომატი იმ დღესაც იხსენებს, როცა საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის ესტონეთის პრეზიდენტები და ლატვიის პრემიერი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად თბილისში მხარდამხარ იდგნენ. ის ამას გასული წლის განმავლობაში კიევში ჩასული ლიდერების ვიზიტებსაც ადარებს. ამბობს, რომ საქართველოს უნდა ესმოდეს, რა ვითარებაა ახლა ევროპაში, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს საქართველოს მომავალზეც და გადაწყვიტოს, ისტორიის რომელ მხარეს იდგება თბილისი:
„საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ ის, რაც ახლა ევროპაში ხდება - რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ - ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს მომავალზეც. თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. და ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას - ესაა იმ ქვეყნის დახმარება, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის“.
მარტის ბოლოს თბილისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ჩავიდა და მთავრობასთან, სამოქალაქო სექტორისა და სტუდენტების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ თქვა, რომ ახლა ევროინტეგრაციის გზაზე უკანდახევის დრო არ არის. ედგარს რინკევიჩი ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყნის არჩევანია და სწორედ ამიტომ არსებობს თბილისისგან შესაბამისი ნაბიჯების მოლოდინები:
„მე ვეთანხმები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ამ ეტაპზე ამგვარი ნაბიჯების დრო არ არის. თქვენ ან ისტორიის სწორ მხარეს დგახართ, ან - არა. ეს არჩევანი საქართველოს გასაკეთებელია. ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ მთავრობას თავს რაიმე მოვახვიოთ. უბრალოდ, შემდეგ მთავრობას ნუ გაუკვირდება, რომ ის საკანონმდებლო რეფორმის პროცესები, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ მცდარი მიმართულებით მიდის, არ იქნება გულთბილად მიღებული“, - ამბობს რინკევიჩი.
ეს სასოწარკვეთის აქტია, რადგან ომი უკრაინაში ბატონი პუტინისთვის არც ისე კარგად მიმდინარეობს, ეს არც სამი დღე აღმოჩნდა, არც სამი კვირა და არც სამი თვე
ვაშინგტონში ვიზიტისას ბალტიისპირელი დიპლომატი ვლადიმირ პუტინის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მოსკოვი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს. მინისტრის აზრით, ეს ფიზიკური, ე.წ. „მყარი უსაფრთხოების“ თვალსაზრისით, ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან კალინინგრადში რუსებს გასული წლის თებერვლამდეც ჰქონდათ ბირთვული იარაღი განლაგებული. თუმცა მეორე მხრივ მიიჩნევს, რომ ეს ვლადიმირ პუტინის მხრიდან სასოწარკვეთის აქტია:
„მჯერა იმის, რომ ეს სასოწარკვეთის აქტია, რადგან როგორც ვხედავთ, ომი უკრაინაში ბატონი პუტინისთვის არც ისე კარგად მიმდინარეობს, ეს არც სამი დღე აღმოჩნდა, არც სამი კვირა და არც სამი თვე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ მოახერხა ვერც ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის აღება უკრაინაში. ეს არის გაგრძელება იმ ბირთვული შანტაჟისა, რომელიც ჩვენ, ყველამ გასული წლის განმავლობაში ვიხილეთ“, - ამბობს რინკევიჩი. მისი აზრით, ეს თავად ბელარუსის სუვერენიტეტსაც ეჭვქვეშ აყენებს დს მინსკი კიდევ ერთხელაა ისე წარმოდგენილი, თითქოს ის რუსეთის სამხედრო რაიონის ერთ-ერთი ნაწილი იყოს. დასავლეთმა კი დამატებითი სანქციებით უნდა დაუმტკიცოს ორივეს, რომ მოსკოვის ბირთვული შანტაჟი არ მუშაობს და არც მომავალში იმუშავებს.
ვაშინგტონში ვიზიტისას ედგარს რინკევიჩი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს შეხვდა. დიპლომატებმა ნატოს მომავალ, ვილნიუსის სამიტზე განსახილველ თემებზე იმსჯელეს და განიხილეს ნატოს ძალისხმევა იმისათვის, რომ ალიანსმა გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვა, ებრძოლოს რუსულ დეზინფორმაციას და რუსეთის დიპლომატიური იზოლირება მოახდინოს.
გასულ ზაფხულს, ნატოს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფები ბატალიონებიდან ბრიგადის მასშტაბამდე გაიზრდება იქ და მაშინ, როცა ეს საჭირო იქნება. 2014 წლამდე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში სწორედ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია განახორციელა. უკრაინაზე კიდევ ერთი თავდასხმის შემდეგ, ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე წარმომადგენლობას კიდევ უფრო ზრდის.