Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაათავისუფლეს ლეოპარდები


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

გასულ კვირას გერმანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - არა მხოლოდ ნება დაერთოთ სხვა ქვეყნებისთვის, რომ გერმანიაში დამზადებული Leopard 2-ები გაეგზავნათ უკრაინისათვის, არამედ თავადაც გაეგზავნათ ეს ტანკები კიევისთვის - მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო წარმატებისათვის, არამედ ევროკავშირისა და ნატოს პრესტიჟისთვისაც.

ევროკავშირის ოფიციალური პირები, ვისაც მე ვესაუბრე, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ იმასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ გერმანიის განცხადების შემდეგ მალევე აშშ-მაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ M1 Abrams-ის ტანკები გაეგზავნა უკრაინაში.

ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება უმტკიცებს უკრაინასაც და მსოფლიოსაც, რომ დასავლეთი ერთიანია. ალიანსში გაჩენილი ბზარები - დროებით მაინც - ამოქოლილია.

„ლეოპარდების“ გაგზავნის შესახებ განხილვა სერიოზულად დაიწყო 11 იანვარს, როდესაც ლვოვში ერთმანეთს ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინას პოლონეთის „ლეოპარდების“ გადაცემა აღუთქვა. ამას მოჰყვა ვარშავისა და ბერლინის დისკუსია. გერმანია ყოყმანებდა - აცხადებდა, რომ ოფიციალური წერილი არ მიუღიათ და პოლონეთსაც არ შეუკრავს ალიანსი ამ ტანკების მქონე სხვა ქვეყნებთან - ფინეთთან, ესპანეთთან და ნორვეგიასთან. ამას კი პოლონეთის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა - ხშირად საჯაროც.

ევროკავშირის ყველა ოფიციალური პირი, ვისაც კი ანონიმურობის დაცვის პირობით ველაპარაკე ამბობს - ვარშავამ ძალიან კარგად იცოდა, რომ გერმანია ყოყმანს დაიწყებდაო. პოლონელებმა ასევე იცოდნენ, რომ ზეწოლის შემდეგ ისინი პოზიციას შეიცვლიდნენ. გერმანიის მმართველი კოალიცია ამ საკითხზე გაყოფილია - „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ტანკების გადაცემას ემხრობოდნენ. სკეპტიკურად კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო განწყობილი.

ჩემი წყაროები იმასაც იხსენებენ, რომ გერმანია ფეხს შარშანაც ითრევდა - რუსული ბანკების SWIFT-იდან გათიშვისა და რუსული მედია კომპანიების სანქცირებასთან დაკავშირებით. შემდეგ კი ამის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. პოლონელებს კი, უკრაინის დახმარებასთან ერთად შიდა-პოლიტიკური მოტივებიც ამოძრავებთ - არჩევნები მოდის და ვარშავაში ბერლინის ლანძღვა პოპულარულია.

თუმცა, გერმანიის დასარწმუნებლად საკმარისი არ იყო ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების ზეწოლა და ბრიტანეთის გადაწყვეტილება, თავიანთი Challenger 2 ტანკები გაეგზავნათ უკრაინაში. საბოლოო არგუმენტი აშშ-ის პირობა გახდა, რომ კიევს ისინი თავიანთ ტანკებსაც გაუგზავნიდნენ.

აშშ-ის ოფიციალური პირები მანამდე აცხადებდნენ, რომ „აბრამსების“ უკრაინისათვის გადაცემას აზრი არ ჰქონდა - ამას დიდი ხანი დასჭირდებოდა და თან ეს ტანკები ბევრ საწვავს მოიხმარენ. დიპლომატები, რომლებსაც მე ვესაუბრე აღნიშნავდნენ შოლცის წვლილს ვაშინგტონის დარწმუნებაში.

საბოლოოდ, ტანკებთან დაკავშირებული დისკუსია აჩვენებს, რომ „ევროპის სტრატეგიული ავტონომიის“ იდეა - ფრანგულ პოლიტიკაში პოპულარული ტერმინი - მკვდარია. ახლა აღარავინ ამტკიცებს, რომ ევროპამ სამხედრო საკითხებში გადაწყვეტილებები მარტომ, აშშ-ის დახმარების გარეშე უნდა მიიღოს.

ახლა უკრაინის დასავლეთი მეკავშირეების წინაშე ახალი სადისკუსიო საკითხი დადგება. ამჯერად საქმე ტანკებს კი არა, თვითმფრინავებს შეეხება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG