სოციალური მუშაკები მოითხოვენ სისტემურ ცვლილებებს სოციალური მომსახურების სააგენტოში, მათ ხელისუფლებას 22 მოთხოვნა წაუყენეს. ამ მოთხოვნების შესახებ გვიამბობს გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ სოციალური მუშაკი სოფო ხვთისიაშვილი.
გიორგი გვახარიას სტუმარი ამბობს, რომ ქვეყანაში სოციალური მუშაკების რაოდენობა უკიდურესად მცირეა, რაც პირველ რიგში ამ ადამიანების მუშაობის ხარისხზე მოქმედებს და ცხადია, აზარალებს იმათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სოციალური მუშაკების დახმარება. სოფო ხვთისიაშვილის თქმით, გაფიცვის გადაწყვეტილება და რადიკალური ნაბიჯები მძიმე მისაღებია სოციალური მუშაკებისთვის, მაგრამ ამ პროფესიის ადამიანებს სხვა გზა აღარ დაუტოვეს. უფრო მეტიც, სულ უფრო არაპოპულარული ხდება სოციალური მუშაკის პროფესია, განსაკუთრებით რეგიონებში. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს ხანში ქვეყანაში სოცმუშაკების მწვავე დეფიციტი შეიქმნას, რაც ისევ და ისევ ბენეფიციარებს დააზარალებთ.
სოცმუშაკები ხელისუფლებისგან მოითხოვენ გაიზარდოს ყველა სერვისცენტრში სოციალური მუშაკების რაოდენობა, ასევე იურისტების და განსაკუთრებით ფსიქოლოგების რაოდენობა, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მაქსიმალურად იქნეს დაცული სოციალური მუშაკების პირადი უსაფრთხოება.